ახალი ამბები

პრეზიდენტი მზადაა, კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად სამუშაო ჯგუფი დააფუძნოს

19 ოქტომბერი, 2016 • 1793
პრეზიდენტი მზადაა, კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად სამუშაო ჯგუფი დააფუძნოს

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი კვირიკაშვილის ახალი ინიციატივა მოსწონს და მზად არის, სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებით კონსულტაციები დღესვე დაიწყოს. გიორგი მარგველაშვილს სამუშაო ჯგუფის დაფუძნება მისი, საქართველოს პრემიერ–მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანათავმჯდომარეობით სურს.

“ჩვენ მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების თაობაზე. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული განცხადების სულისკვეთება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ თემაზე სპეკულაციების დასრულებას და, ამავდროულად, მოხსნის ბევრ კითხვის ნიშანს. ასევე, ჩვენ სრულიად ვიზიარებთ იდეას, რომ აღნიშნულ ჯგუფს უნდა ჰქონდეს ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, რომელიც ამავე დროს არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, მზად არის დააფუძნოს აღნიშნული სამუშაო ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ–მინისტრის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანათავმჯდომარეობით,” – აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი  გიორგი აბაშიშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით ჯგუფის შექმნის ინიციატივით დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გამოვიდა.

“ჩვენ მემკვიდრეობად ძალიან დაუბალანსებელი კონსტიტუცია მივიღეთ. აუცილებლად შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც საზოგადოების თითოეული წევრის ფართო ჩართულობით განახორციელებს ისეთ ცვლილებებს, რომ მომავალში ვერავინ ვერასოდეს მოახდინოს ხელისუფლების კონცენტრირება და უზურპირება. ეს უნდა იყოს ერთხელ და სამუდამოდ ნამდვილად ევროპული დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუცია,” – განაცხადა პრემიერმა.

ცნობილია რამდენიმე ცვლილების შესახებ, რომელსაც ქვეყნის მთავარ დოკუმენტში, სავარაუდოდ, შეიტანს ქართული ოცნება: როგორც მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ,  უნდა გაიზარდოს პარლამენტის როლი, უნდა გაიმიჯნოს სხვადასხვა შტოებს შორის უფლებამოსილებები, უნდა განხორციელდეს ცვლილებები სასამართლო სისტემაში და ასევე კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი