რა შენიშვნები აქვს აუდიტის სამსახურს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკაშირებით

აუდიტის სახელმწიფო სამსახურს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში გადასახდელებსა და შემოსავლებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს.

აუდიტის სამსახურის ერთ-ერთი შენიშვნა უკაშირდება სამინისტროებსა და სსიპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობასა და მათთვის განკუთვნილ ხელფასებს.

ბიუჯეტის კანონპროექტით, „შრომის ანაზღაურების“ მუხლზე გამოყოფილი სახსრების ოდენობამ 1,442.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 0.5 მლნ ლარით ჩამორჩება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და 66.5 მლნ ლარით აღემატება 2015 წელს ამ მიმართულებით გახარჯული საბიუჯეტო რესურსის მოცულობას.

აუდიტის სამსახური ნაკლოვანებად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მომავალი წლის საშტატო რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების ფონდის დაგეგმვის პროცესში არ ხდება უწყებაში ფაქტობრივი შტატით დასაქმებულ მომუშავეთა ოდენობის გასული და მიმდინარე წლების მაჩვენებლების გათვალისწინება და გეგმიური საშტატო რიცხოვნობის რეალური მაჩვენებლის განსაზღვრა.

ამის გამო ზოგიერთ საჯარო უწყებაში წლის განმავლობაში რეალურად დასაქმებულ მომუშავეთა რიცხოვნობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე განსაზღვრულ ოდენობას, რის გამოც „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გათვალისწინებული ასიგნებები, ცალკეულ შემთხვევებში, ან აუთვისებელი რჩება, ან ნაწილდება თანამშრომლებზე სხვადასხვა ტიპის მატერიალური წახალისების სახით, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით არ შეიძლება მისაღებ პრაქტიკად ჩაითვალოს, წერს აუდიტის სამსახური.

სამსახურის დასკვნაში მაგალითისთვის მოყვანილია იუსტიციის სამინისტროს აპარატის საშტატო რიცხოვნობა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით 230 საშტატო ერთეულითა და 4,342 ათასი ლარის ოდენობის შრომის ანაზღაურების ფონდით განისაზღვრა. თუმცა 8 თვის განმავლობაში ვაკანსიების საშუალო ოდენობამ 69 ერთეული შეადგინა. მიუხედავად ამისა, 2017 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტში საშტატო ნუსხა კვლავ 230 ერთეულს, შრომის ანაზღაურების მუხლი კი 4,240 ათას ლარს შეადგენს. 

მეორე მაგალითის მიხედვით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მომუშავეთა რიცხოვნობა 2017 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტის მიხედვით არ შეცვლილა და 4,967 ერთეულით განისაზღვრა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლის 8 თვის განმავლობაში მხარჯავი დაწესებულების ფარგლებში რეალურად დასაქმებულ თანამშრომელთა საშუალო რაოდენობამ მხოლოდ 4,057 ერთეული შეადგინა.

“მიზანშეწონილია, ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე საბიუჯეტო ორგანიზაციების მხრიდან მოხდეს გასული და მიმდინარე წლების მაჩვენებლების გათვალისწინება და საშტატო რიცხოვნობისა და შესაბამისი შრომის ანაზღაურების ფონდის გეგმური მაჩვენებლების რეალური ოდენობით განსაზღვრა, რათა თავიდან იქნეს აცილებული წლის განმავლობაში დიდი რაოდენობით თავისუფალი საშტატო ერთეულებისა და შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი მნიშვნელოვანი ეკონომიების არსებობა”, – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

ასევე, აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია შეეხება, შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურების გეგმური მაჩვენებლის შესახებ ინფორმაციას მოიცავდეს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი, რაც უზრუნველყოფს ამ მიმართულებით ათვისებული საბიუჯეტო რესურსების შესადარისობას გეგმიურ მაჩვენებელთან და, შესაბამისად, ხელს შეუწყობს საჯარო ფინანსების მართვისა და ანგარიშგების პროცესის გამჭვირვალობის გაუმჯობესებას.

დასკვნაში ყურადღება აქვს მიქცეული იმ ფაქტსაც, რომ იმ პროგრამებისა და ქვეპროგრამებისთვის, რომელთა განხორციელებისასაც 2016 წლის ბიუჯეტში გამოყოფილი თანხების 60%-ც არ ჰქონდათ ათვისებული, მომავალი წლის ბიუჯეტის კანონპროექტით მათი ასიგნებები იზრდება ან იმავე დონეზე ნარჩუნდება.

მაგალითად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ რეგულარულად დაბალი ათვისების მაჩვენებლით ხასიათდება და ანალოგიური ტენდენცია გრძელდება 2016 წელსაც, სადაც 8 თვის მდგომარეობით პროგრამის ფარგლებში აითვისეს 29,013 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის (82,820 ათასი ლარი) მხოლოდ 35.0%-ია. თუმცა აღნიშნული პროგრამის ასიგნებების ოდენობა 2017 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტით კვლავ იზრდება და 93,055 ათას ლარს უტოლდება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მიზანშეწონილია, დამატებითი ყურადღება გამახვილდეს იმ პროგრამების/ქვეპროგრამების დაგეგმვისა და შესრულების ეტაპებზე, რომლებიც გასული ან/და მიმდინარე საბიუჯეტო წლების განმავლობაში ხასიათდება ათვისების დაბალი მაჩვენებლებით, რათა მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის უზრუნველყოფილ იქნეს ასიგნებების ათვისების შესაბამისობა კანონით დამტკიცებულ გეგმასთან.

აუდიტის სამსახურის იწონებს იმას, რომ ბიუჯეტის პროექტში ყურადღება დათმობილი აქვს კაპიტალური ინვესტიციების განხორციელებას და 2016 და 2017 წლების სახელმწიფო ბიუჯეტების პროექტებით განსაზღვრული გადასახდელების არანაკლებ 20% მიმართული უნდა იყოს საინვესტიციო/ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.

თუმცა განსაზღვრული არ არის, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს საინვესტიციო/ინფრასტრუქტურული ხასიათის პროექტად და აღნიშნული მიმართულებით გაწეულ გადასახდელად. გამომდინარე აქედან, ძნელდება იმის გარკვევა, აკმაყოფილებს თუ არა წარმოდგენილი 2017 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი ზემოხსენებულ მოთხოვნას, აცხადებს აუდიტის სამსახური.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, 2017 წლისათვის დაგეგმილი საშემოსავლო გადასახადის მნიშვნელოვნად გაზრდილი მოცულობა დამატებით დასაბუთებასა და განმარტებას საჭიროებს.

საუბარია იმაზე, რომ 2017 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტით, საშემოსავლო გადასახადის გეგმიური მაჩვენებელი 353 მლნ ლარით (16.9%-ით) იზრდება და 2,439 მლნ ლარის დონეზეა პროგნოზირებული. აღნიშნული ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად აღემატება ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადიდან მობილიზებული შემოსულობების ზრდის ტემპებს.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტით, „შემოსავლების“ მუხლის გეგმიური მაჩვენებელი 8,715 მლნ ლარის დონეზე განისაზღვრა, საიდანაც 8,170 მლნ ლარი საგადასახადო შემოსავლებზე მოდის. აღნიშნული მაჩვენებელი 2.4%-ით აღემატება 2016 წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ ოდენობას.

დოკუმენტში საუბარია ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობის ზრდას დოკუმენტზე, რომელიც ბიუჯეტის კანონში განხილულია, როგორც პოზიტიურ ფაქტორი.

იმის გათვალისწინებით, რომ 2014 წელს ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების (DCFTA) სრული მატერიალიზება ჯერ კიდევ არ განხორციელებულა და ვინაიდან საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის შენელება, ბუნდოვანი ხდება და დამატებით დასაბუთებას საჭიროებს ზემოაღნიშნული მაკროეკონომიკური ფაქტორის გავლენა საქართველოს ფისკალურ სექტორზე, აცხადებს აუდიტის სამსახური.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პოზიტიური თუ ნეგატიური ფაქტორის ზეგავლენა არ ატარებდეს ზოგად, თეორიულ ხასიათს და გამყარებული იყოს შესაბამისი რაოდენობრივი მახასიათებლებით, რაც გაამყარებდა განხილული სცენარების რეალისტურობას და გაზრდიდა დოკუმენტის სანდოობის ხარისხს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com