ახალი ამბები

ცესკომ 2014 წლის არჩევნების ენმ-ის პარტიული სიიდან 6 პირი ამოიღო

19 ოქტომბერი, 2016 • 1518
ცესკომ 2014 წლის არჩევნების ენმ-ის პარტიული სიიდან 6 პირი ამოიღო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ “ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნით, საკრებულოს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე წარდგენილი პარტიული სიიდან 6 პირი ამოიღო.

“ნაციონალური მოძრაობის” სიიდან ამოღებული არიან ქეთი ქოჩორაშვილი, ნინო ბაბუნიძე, ალექსი თაბუაშვილი, ნიკოლოზ ბაჩილავა, თორნიკე ხუციშვილი და გიორგი ჩაჩანიძე.

18 ოქტომბერს ქეთი ქოჩორაშვილმა განცხადა, რომ  ნიკა მელიამ ერთპიროვნულად გადაწყვიტა მისი პარტიიდან გარიცხვა. ქოჩორაშვილის თქმით,  მელიამ მას დათო ავალიანის სასარგებლოდ საკრებულოს დეპუტატობაზე უარის თქმა მოსთხოვა, რასაც არ დათანხმდა:

“საკრებულოს დეპუტატობაზე უარის თქმა მომთხოვა, რადგან  თვლიდა, რომ ეს უფრო მეტად სჭირდებოდა დათო ავალიანს, რომელსაც სასამართლოში აქვს საქმე და ერთგვარად დაცვა იქნებოდა დეპუტატობა მისთვის. მე ნიკას  უარი  ვუთხარი და შევთანხმდით, რომ სამომავლოდ ჩვეულებრივად გავაგრძელებდით თანამშრომლობას. მეორე დღეს ნიკამ მითხრა, რომ შენთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულიაო. მე მოვთხოვე, რომ იქნებ გუნდთან ერთად განგვეხილა და მითხრა, რომ დამეტოვებინა ოთახი. მან ერთპიროვნულად გადაწყვიტა პარტიიდან ჩემი გარიცხვა.”

“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიგი წერეთლის თქმით, ის შიდაპარტიულ განხილვებს არ დასწრებია, თუმცა აღნიშნავს, რომ ქეთი ქოჩორაშვილი პარტიიდან არ გაურიცხავთ:

“ჩემი ინფორმაციით, ქეთი არავის გაურიცხავს პარტიიდან და არც პოლიტსაბჭოს მიუღია ასეთ გადაწყვეტილება. როგორც ვნახე, აღელვებული იყო და შეიძლება მისი ინტერპრეტაცია მთლად ზუსტი არ იყო. იქ იყო რაღაც გადაწყვეტილება, რასაც პოლიტსაბჭო სთავაზობდა. ეს პარტიის შიდა საკითხია. ლეგიტიმური არის ასეთი დისკუსია, თუნდაც ინდივიდუალურად ლაპარაკი.”

აქამდე დავით ავალიანი თბილისის საკრებულოს საარჩევნო სიაში მე-15 ნომერი იყო, ხოლო 6 წევრის ამოღების შემდეგ მეცხრე ადგილზე გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი დაიკავებს საკრებულოში ირაკლი აბესაძის ადგილს, რომელიც ენმ-ის პარტიული სიით 2016 წლის მოწვევის პარლამენტში გააგრძელებს საქმიანობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი