ახალი ამბები

შსს-მ კიბერდანაშაულის ჩადენის ბრალდებით 3 პირი დააკავა

19 ოქტომბერი, 2016 • 1457
შსს-მ კიბერდანაშაულის ჩადენის ბრალდებით 3 პირი დააკავა

შსს-ს ცნობით, თბილისსა და ქუთაისში კიბერდანაშაულის ჩადენის ბრალდებით დ. ფ.; ვ. კ. და კ. დ. დააკავეს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულები, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ათეულობით მოქალაქის პირად და საბანკო მონაცემებს მოტყუებით დაეუფლნენ.

პოლიციის ცნობით,  ისინი აღნიშნული მონაცემების გამოყენებით ინტერნეტ ბანკში მოქალაქეთა პირად ანგარიშებზე არსებულ თანხებს უკანონოდ ეუფლებოდნენ, ასევე, სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან მოქალაქეთა სახელით სესხს იღებდნენ და ამ თანხებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდნენ. სულ მოქალაქეთა კუთვნილი ანგარიშებიდან მითვისებულია 3362 ლარი, ხოლი სესხის სახით გამოტანილია 40 770 ლარი, აცხადებს პოლიცია.

სამართალდამცველების ცნობით, დ.ფ-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული 19 სიმბარათი და სიმბარათის მოსათავსებელი პლასტიკური ბარათი, 1 პორტატიული კომპიუტერი, ინტერნეტმოდემი, 2 მობილური ტელეფონი და ჩანაწერებიანი ბლოკნოტი ამოიღეს. პოლიციამ დ.ფ.-ს პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული 2 მობილური ტელეფონი და მასში მოთავსებული სიმბარათები ამოიღო. ვ.კ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად კი ამოღებულია ასევე დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ერთი მობილური ტელეფონი და 2 სიმ-ბარათი.

ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების დადგენა-დაკავების მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები, აცხადებს შსს.

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის, ქურდობის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის, კომპიუტერული მონაცემების უნებართვოდ შეცვლის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

მასალების გადაბეჭდვის წესი