ახალი ამბები

პრემიერი: არაჯანსაღია სპეკულაციები საკონტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებით

19 ოქტომბერი, 2016 • 1120
პრემიერი: არაჯანსაღია სპეკულაციები საკონტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირკაშვილის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება იმისთვის, რომ ამომრჩევლის წინაშე აღებული დანაპირები შეასრულოს.

ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის 19 ოქტომბრის სხდომაზე გააკეთა.

კვირიკაშვილის თქმითვე, წარსულში იყო პრეცედენტი, როდესაც კონსტიტუცია მორგებული იყო ერთ კაცსა და ერთ პოლიტიკურ ძალაზე, რამაც ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა. თუმცა კვირიკაშვილმა აქვე აღნიშნა, რომ არაჯანსაღი და ხელოვნურია სპეკულაციები, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებასთან დაკავშირებით დაიწყო.

„ატყდა არაჯანსაღი სპეკულაციები საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებით….   ეს აბსოლუტურად არაჯანსაღი სპეკულაციაა, რომ დაიღუპა ქვეყანა დღეს, რომ „ქართული ოცნება“ იმარჯვებს საკონსტიტუციო უმრავლესობით, არის ძალიან ხელოვნური“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა 17 ოქტომბერს გაავრცელა მიმართვა, სადაც საუბარია, რომ არსებობს ერთპარტიული მმართველობის დამკვიდრების საფრთხე და პროდასავლურ პარტიებს, როლებიც 8 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხდნენ, მოუწოდებენ, მეორე ტურებში მხარი დაუჭირონ ოპოზიციას, რათა ქართულმა ოცნებამ პარლამენტში 113 დეპუტატის, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნა ვერ შეძლოს.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობა მმართველი გუნდისთვის თითოეული ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობაა:

„ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში უნდა შეიქმნას ეკონომიკური განვითარების უპრეცენდენტოდ მაღალი დინამიკა და ქვეყანამ მოახდინოს ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა ეკონომიკური, სოციალური, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარების მიმართულებით და, ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, განაგრძოს ის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც დაწყებულია“, – აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ მემკვიდრეობით მიიღო ძალიან დაუბალანსებელი კონსტიტუცია და შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც საზოგადოების თითოეული წევრის ძალიან ფართო ჩართულობით მოახდენს ისეთ ცვლილებებს, რომ მომავალში ვერავინ ვეღარასოდეს მოახდინოს ხელისუფლების უზურპირება და ერთხელ და სამუდამოდ იყოს ევროპული, დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუცია.

„ეს არ იქნება ის, რომ პარლამენტში პირველ რიგში დავეტაკებით და ამ საკითხით ვიქნებით დაკავებული. არავითარ შემთხვევაში. აქ სიჩქარე არ ივარგებს. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, შევქმნათ ქვეყნის შეუქცევადი ეკონომიკური, სოციალური, დემოკრატიული განვითარების ძალიან მაღალი დინამიკა. ამას ვპირდებით ჩვენს ამომრჩეველს და დანაპირებს, რომელიც ჩვენ გავეცით წინასაარჩევნო პერიოდში, აუცილებლად უკლებლივ შევასრულებთ. საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც, იმედი მაქვს, მეორე ტურის შედეგად იქნება, მხოლოდ არის მეორადი და იმისთვის, რომ ჩვენი თითოეული დანაპირები შესრულდეს, თუ ამაზე ჩვენი მოქალაქეების ნება იქნება. მინდა, ყველა ამომრჩეველს მოვუწოდო, რომ 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურში ისეთივე აქტივობით მივიღოთ მონაწილეობა ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრი შეეხო 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და განაცხადა, რომ ეს არჩევნები საქართველოს ისტორიაში “უპრეცედენტოდ თავისუფალი და გამჭვირვალე” იყო.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მოსახლეობას წინ აქვს მაჟორიტარულ ოლქებში ჩასატარებელი მეორე ტური. მან იმედი გამოთქვა, რომ ამომრჩეველის აქტივობა მაღალი იქნება.

„არჩევნები არ დასრულებულა, წინ არის მეორე ტური და აქტივობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ უპირველეს ყოვლისა ნაჩვენები იქნება ისეთივე მაღალი სტანდარტი, როგორიც იყო 8 ოქტომბერს. ასევე დარწმუნებული ვარ, ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ ავიღეთ საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე, იქნება უკლებლივ რეალიზებული და განხორციელებული,”– განაცხადა კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი