ახალი ამბები

ლიბერალური ცენტრის რღვევა – რესპუბლიკელების შეცდომები და მარცხი

18 ოქტომბერი, 2016 • 2416
ლიბერალური ცენტრის რღვევა – რესპუბლიკელების შეცდომები და მარცხი

4 წელიწადი სახელისუფლებო გუნდში, პარლამენტის თავმჯდომარე, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები, ფრაქცია პარლამენტში – ასეთი იყო “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლობა უახლოესი პერიოდის პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ წამყვან პოლიტიკურ ძალებს შორის ამომრჩევლის ყველაზე ნაკლები მხარდაჭერა მიიღო.

როგორ ხსნიან მიღებულ 1.55%-ს, ანუ 27 266 ხმას, თავად რესპუბლიკურ პარტიაში და რამ განაპირობა ერთ-ერთი ხანგრძლივი პოლიტიკური ტრადიციის მქონე პარტიის მარცხი არჩევნებში?

1978 წელს დაარსებულ პარტიას დეკლარირებული აქვს, რომ მის უზენაეს ღირებულებას პიროვნების თავისუფლება წარმოადგენს და პარტია გამოდის დემოკრატიული პოლიტიკური ინსტიტუტების მშენებლობის, კანონის უზენაესობის მკაცრი დაცვის, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მშენებლობის, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის გარანტიების და უმცირესობების უფლებების დაცვის მოთხოვნებით. ხანგრძლივი არსებობის მიუხედავად, “რესპუბლიკურმა  პარტიამ” მნიშვნელოვანი თანამდებობების დაკავება მხოლოდ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეძლო, როდესაც პარტია პარლამენტში “ქართულ ოცნებასთან” ერთად კოალიციით შევიდა. პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტ იკავებდა, პაატა ზაქარეიშვილი- შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს, ოდნავ მოგვიანებით კი, თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, ხოლო გიგლა აგულაშვილი- გარემოს დაცვის მინისტრად, რომელმაც შემდეგ პარტია დატოვა.

პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ “რესპუბლიკური პარტიის” მარცხს ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ზურაბიშვილი მმართველი პარტიის ჩრდილიდან გამოსასვლელად არასაკმარის დროს ასახელებს. მეორე მხრივ კი, მიიჩნევს, რომ “ქართულმა ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” არჩევნების პოლარიზება მოახერხეს:

“ბიძინა ივანიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთეს, რომ შუა გაეკრიფათ, “ნაციონალური მოძრაობისთვის” მნიშვნელოვანი იყო, რომ მხოლოდ ისინი დაფიქსირებულიყვნენ ხელისუფლების ერთადერთ და სერიოზულ მოწინააღმდეგედ. “ქართული ოცნებისთვის” მნიშვნელოვანი იყო, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ყოფილიყო მათი მთავარი მოწინააღმდეგე, შეიძლება ითქვას, რომ ორივემ თავის მიზანს მიაღწია. ჩვენი მინუსია, ალბათ, რომ ეს რეალობა უფრო ადრე უნდა გაგვეთვალისწინებინა”,- ამბობს ზურაბიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

შეკითხვას, რა უნდა გაეკეთებინა “რესპუბლიკურ პარტიას”, რომ ამგვარი რეალობა არ დამდგარიყო, ზურაბიშვილი ასე პასუხობს:

“ბევრი ვარიანტი არსებობს, ვთქვათ, როდესაც ხელისუფლებაში ხარ, შეიძლება უფრო მკვეთრად და მკაფიოდ დასვა რაღაც საკითხები. თუ არ გამოვა, უფრო ადრე წახვიდე. იგივე, ვთქვათ, “ნაციონალური მოძრაობისადმი” დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში პრაქტიკულად არც ერთ სხვა პარტიას წვლილი არ შეუტანია, ეს მთლიანად გადაებარა სახელისუფლებო პროპაგანდას, სხვები პრაქტიკულად იმეორებდნენ სხვადასხვა ვარიაციებით იმავეს, რასაც ხელისუფლება სთავაზობდა”.

“რესპუბლიკურმა პარტიამ” კოალიციის დატოვების და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის გადაწყვეტილება 2016 წლის მარტის ბოლოს მიიღო, არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე, თუმცა ივლისის ბოლომდე თანამდებობაზე დარჩა თავდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. რაც შეეხება გარემოს დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილს, მან პარტია დატოვა და დღემდე მინისტრის პოსტს იკავებს. ასევე დღემდე პარლამენტის თავმჯდომარეა დავით უსუფაშვილი.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როდესაც უფრო ადრე არ დატოვა “ქართული ოცნების” კოალიცია. კაკაჩიას აზრით, საუკეთესო დრო კოალიციიდან ირაკლი ალასანიას და მისი გუნდის წასვლისას იყო:

“ერთი ლიბერალური პარტია მეორე ლიბერალური პარტიისადმი სოლიდარობაში ჩაერთვებოდა, მაგრამ მათ “ფეხი აითრიეს” და… პრინციპში, სადღაც მოიგეს კიდეც იმიტომ, რომ ამის შემდეგ დაწინაურდნენ.  ტაქტიკურად შეიძლება გამარჯვება მოიპოვეს, მაგრამ სტრატეგიულად  წააგეს”,- ამბობს კაკაჩია.

ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით ბოლო ორი წლის მანძილზე “რესპუბლიკური პარტია” ელექტორატს შეძენის ნაცვლად ფლანგავდა. ქორიძის აზრით, პარტია ვერ ელეოდა ხელისუფლების პარტიის იმიჯს:

“ეს პარტია ბოლო წამადე ინარჩუნებდა ხელიუფლების პარტიის იმიჯს, თუმცა ყველა კარგად ვხედავდით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს პარტია დისტანცირებული იყო მთავრობის საერთო ხედვიდან. ბუნებრივია, არჩევნებიდან 3-4 თვით ადრე დისტანცრება იყო არა ამ პარტიის ნება, არამედ ბიძინა ივანიშვილის ნება, პრაქტიკულად კოალიციიდან გამოაგდო ეს პარტია”,- ამბობს ქორიძე.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე “რესპუბლიკური პარტიის” მარცხის მიზეზად პარტიის მიერ დამოუკიდებელი საარჩევნო დღის წესრიგის ვერშექმნას ასახელებს და ამბობს, რომ ისინი სხვა პოლიტიკური პარტიებისგან არაფრით განსხვავდებოდნენ:

“პარტია ჩაჯდა იმ კლასიკურ დაპირისპირებაში, რომელიც მმართველ  პარტიასა და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის არსებობდა. ისეთი შთაბეჭდილებაც კი ჩნდებოდა, რომ არა მხოლოდ რესპუბლიკური პარტია, სხვა პარტიებიც, რომლებმაც ზღვარი ვერ გადალახეს, იკვებებოდნენ იმ ნასუფრალით, რომელსაც ტოვებდა “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” დაპირისპირება. იმის ნაცვლად, რომ რეალურ პრობლემებზე გაესვა ხაზი, რაც საზოგადოებას აწუხებს და კონკრეტული ადამიანებისთვის არის გადამწვეტი, ამის ნაცვლად არჩია კლასიკურ დაპირისპირებაში ჩაჯდომა, შესაბამისად, რა ნასუფრალითაც საზრდოობდა, ის ნასუფრალი ხმები ერგო ბოლოს”.

მენაბდე ასევე მიიჩნევს, რომ პარტიამ თავისი უნიკალურობა სხვა პარტიებთან მსგავსებაში გაფლანგა, მაგალითად, კლასიკური პარტიისგან განსხვავებით, დავით უსუფაშვილზე კაპიტალიზება სცადეს და არჩევნებში როგორც “უსუფაშვილი – რესპუბლიკელების” სახელით მიიღეს მონაწილეობა, პარტიას ჰყავს თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, რომელიც ასევე არ იყო სიის პირველი ნომერი.

[blue_box]წინასაარჩევნო კამპანია[/blue_box]

“რესპუბლიკური პარტიის” მთავარი ლოზუნგი იყო “გავთავისუფლდეთ”. წინასაარჩევნო კლიპებში პარტიის ლიდერები სწორედ  ამას უსვამდნენ ხაზს, არჩევნების წაგების შემდეგ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა თინა ხიდაშელმა იხუმრა კიდეც, რომ “მართლაც გათავისუფლდა”. ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ პარტიამ არაეფექტური წინსაარჩევნო კამპანია აწარმოა.

“რესპუბლიკურ პარტიას ამომრჩევლისთვის კონკრეტულ გამოწვევებზე კონკრეტული პასუხები უნდა შეეთავაზებინა. მათ უნდა დაენახებინათ, რა რეფორმები იყო საჭირო, მაგალითად, ეკონომიკური, სოციალური მიმართულებით, ყველა სოციალურ ჯგუფს აქვს თავისი პრობლემა, თითოზე თითო საკითხი რომ აეღოთ და ეს წამოეწიათ წინ, გაცილებით უკეთესი იქნებოდა. მათ რეალურად კამპანია ააწყვეს ამორფულ “გათავისუფლდიზე”, რომელიც, მართალი გითხრათ, მეც არ მესმის კარგად, რას ნიშნავს”.

“რესპუბლიკური პარტიის” წინასაარჩევნო კამპანიაში ნაკლებად ან საერთოდ არ ყოფილა ასახული ამომრჩევლისთვის აქტუალური საკითხები, რომელიც ძირითად ეკონომიკურ საკითხებს უკავშირდება

“ვინც ასახა ეს პრობლემები, რა მოიგო?” – კითხულობს ზურაბიშვილი. მისი აზრით, პარტიამ სწორად ააგო წინასაარჩევნო კამპანია ღირებულებით მომენტზე:

“ჩვენ რომ გვეთქვა, რომ მოგიმატებთ პენსიას ამდენი ლარით, ხომ ყველამ იცის, რომ ხელისუფლებაში მარტო ვერ ვიქნებოდით, პენსია გაიზარდოს თუ არა, ჩვენი გადასაწყვეტი ეს არ იქნებოდა. ასეთი ტიპის ლოზუნგები შეიძლება ეფექტური იყოს მხოლოდ სახელისუფლებო ძალისგან”.

[blue_box]არათანმიმდევრულობა არაპოპულარული საკითხების მიმართ[/blue_box]

“რესპუბლიკურ პარტიას” დეკლარირებული აქვს უმცირესობის უფლებების და ინტერესების დაცვა, თუმცა ყველა ანალიტიკოსი, რომელსაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, მიიჩნევს, რომ პარტია არათანმიმდევრულია ამ საკითხში. კორნელი კაკაჩიამ “რესპუბლიკური პარტიის” პოზიციას “ორ სკამზე ჯდომის” პოზიციაც უწოდა. ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ “რესპუბლიკელების” დამოკიდებულებას ქორწინების თანასწორობის საკითხის მიმართ. ქორწინების საკუნსტიტუციო განმარტებას პარტია მხარს არ უჭერს იმ არგუმენტით, რომ ეს საკითხი ნათლადაა უკვე განსაზღვრული კანონმდებლობაში, ხოლო თავად ქორწინების თანასწორობას, როგორც თავისთავად ღირებულებას, მხარს არ უჭერს.

პარტიის ზოგადი ხედვა მაინც ლიბერალური იყო, პარტიის დოქტრინა და საერთაშორისო გავლენები ლიბერალურია და ამ დროს თვითონ პარტიის მმართვლი ბირთვი არ იჩენდა ერთ პოზიციას ლიბერალური ღირებულებების მიმართ და ეს იყო დამაბნეველი მისი კონსტრუირებული ამომრჩევლისთვის, რომელიც აუცილებლად ამ პარტიას მისცემდა ხმას, ის რომ თანმიმდევრული ყოფილიყო თავის ქმედებებში”,- ამბობს ზვიად ქორიძე.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე იხსენებს ჰომოფობიის წინააღმდეგ დამზადებულ ვიდეორგოლსაც, რომელიც პარტიამ არჩევნების წინა საღამოს მხოლოდ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა:

“[მათი დამოკიდებულება იყო]“ფეისბუკზე” კონსერვატიული ნაწილი ვერ მოასწრებს ამის გაანალიზებას და ინფორმაციულ წვდომას. ვინც ჩვენ გვინდა, ის სამიზნე ჯგუფი უფრო სწრაფად ორგანიზდებოდა 24 საათში. ამ კლიპის გავრცელებაც, საბოლოო ჯამში, ძალიან იაფასიანი ნაბიჯი იყო”,- ამბობს მენაბდე.

“ცოტა მორცხვად პოზიციონირებენ ამ თემაზე. პარტიამ უნდა გამოაჩინო შენი პლატფორმა, რათა ინტერესთა ჯგუფებს მოერგო, რა თქმა უნდა, ამ დროს სხვა ჯგუფები შემოგიტევენ, მაგრამ თუ პარტია ხარ, ამისთვის მზად უნდა იყო. ჩვენი პარტიების ტრაგედია სწორედ ეს არის, რომ  ხშირ შემთხვევაში ისინი საკუთარ ხედვას მკვეთრად ვერ გამოხატავენ. პოპულიზმი უფრო ადვილია. გარკვეული ილუზია აქვთ, რომ ეს ამომრჩეველი ზოგადია, მაგრამ უკვე ეს ამომრჩეველიც გაიზარდა და ის იყოფა სხვადასხვა  ინტერესთა ჯგუფად, რესპუბლიკურმა პარტიამ უნდა გაიაზროს,  რა ინტერესთა ჯგუფებს გამოხატავენ ისინი ქართულ პოლიტიკაში”,- ამბობს კაკაჩია.

[blue_box]მორღვეული ლიბერალური ცენტრი და მისი მომავალი[/blue_box]

ზურაბიშვილი ამბობს, რომ არსებობის მანძილზე “რესპუბლიკური პარტიისთვის” ეს პირველი მარცხი არ არის. პარტია აქტიური მუშაობის გაგრძელებას და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

“ჩვენ, ბუნებრივია, გავაგრძელებთ ჩვენ საქმიანობას, გავაანალიზებთ შეცდომებს, შევეცდებით დასკვნის გამოტანას. მე ვარ თბილისის საკრებულოს წევრი, კიდევ ერთი წელი ვრჩები ამ საკრებულოში. გაისად თვითმართველობის არჩევნებია და მოვემზადებით ამ არჩევნებისთვის. შევეცდებით, უკვე წარმატებასაც მივაღწიოთ ამჯერად”,- ამბობს ზურაბიშვილი.

სურათს უფრო მძიმედ აფასებს ვახუშტი მენაბდე, რომელიც ფიქრობს, რომ ახლა ლიბერალური ცენტრის რღვევის მომსწრე ვართ. ის არ გულისხმობს მხოლოდ “რესპუბლიკურ პარტიას”, ასევე, “თავისუფალ დემოკრატებს”, რომლებიც ასევე დამარცხდნენ არჩევნებში და პარტია მთავარმა ლიდერებმა დატოვეს, მათ შორის ირაკლი ალასანიამ. მისი თქმით, “რესპუბლიკური პარტიის” მიერ დაშვებული შეცდომები მომავალ არჩევნებზე კიდევ უფრო მძაფრად იჩენს თავს:

“ახლა ამომრჩევლები, რომლებიც შეიძლება განაწყენებული იყვნენ, მაგრამ მაინც მისცეს რესპუბლიკურ პარტიას ხმა, მომავალ არჩევნებში კიდევ ერთხელ დაფიქრდება, მისცეს თუ არა ხმა ამ პარტიას, თუ შედარებით ისეთ ძალას, რომელიც უფრო აკადემიურ და რეალურ პოლიტიკაზე ორიენტირებულ გზას დაანახებს. პარტიამ უნდა გადახედოს და აღიაროს საკუთარი შეცდომები, თავისებური აროგანტულობა, რომელიც ახასიათებთ, უნდა გადადონ გვერდზე და უნდა აწაარმოონ ცოტა განსხვავებული საარჩევნო კამპანია. ხალხი აღარ ყიდულობს მათგან ამ ტიპის პოლიტიკას. რეალური პოლიტიკა უნდა აწარმოონ და და არა პოლიტიკის სიმულაცია, როგორიც იყო ევროატლანტიკური არჩევანის კონსტიტუციაში დაფიქსირება და ამორფული “გავთავისუფლდეთ”,- ამბობს მენაბდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი