ახალი ამბები

პრესსპიკერი: პრეზიდენტი გმობს ძალადობას ტრანსგენდერ მოქალაქეზე

18 ოქტომბერი, 2016 • 1383
პრესსპიკერი: პრეზიდენტი გმობს ძალადობას ტრანსგენდერ მოქალაქეზე

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, გიორგი მარგველაშვილი რამდენიმე დღის წინ თბილისში ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმას გმობს და მომხდარს “შემზარავ ფაქტს” უწოდებს. 

“პრეზიდენტი მიესალმება, რომ ამ თემაზე მიმდინარეობს გამოძიება და მიიჩნევს, რომ უმნიშვნელოვანესია დადგინდეს თავდასხმის რეალური მიზეზი”, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ 18 ოქტომბერს ჟურნალისტებთან საუბრისას. 

14 ოქტომბერს თბილისში, ორთაჭალის ტერიტორიაზე, ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. დაზარალებულს ყელის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული და ამ დროისთვისაც უმძიმეს მდგომარეობაშია.

კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა პრეზიდენტი, რომ დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებაა ის ფაქტი, რომ დანაშაული ჰომოფობიურ ნიადაგზე მოხდა და საჭიროა თუ არა მუხლის კვალიფიკაციის შეცვლა, პრესსპიკერმა ჟურნალისტებს უპასუხა, რომ ამას გამოძიება გადაწყვეტს იქიდან გამომდინარე, თუ რა გამოიკვეთება საგამოძიებო პროცესში. “იმედია, მალე დადგინდება მოტივი”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული რუსთავში დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. მათივე ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. საქმეზე გამოძიება განზრახ მკლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. დაჭრილი ტრანსგენდერი დაახლოებით ორი წელია “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” (WISG) ბენეფიციარია. “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” არ გამორიცხავს, რომ დანაშაული შესაძლოა დამამძიმებელ გარემოებაში, სიძულვილის ნიადაგზე იყოს ჩადენილი.

ჟურნალისტებს კითხვაზე, როგორ მიიჩნევს პრეზიდენტი, რამდენად აღვივებს ჰომოფობიურ განწყობებს პოლიტიკოსების მხრიდან ჰომოფობიური განცხადებები, პრეზიდენტის პრესსპიკერმა ასე უპასუხა:

“პოლიტიკოსების გამონათქვამები, რა საკითხთან დაკავშირებითაც არ უნდა იყოს, ძალიან მნიშვნელოვანია და საზოგადოების განწყობაზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს. ყოვლად დაუშვებელია პოლიტიკოსების მხრიდან ყოველგვარი ჰომოფობიური თუ ქსენოფობიური განცხადებების გაკეთება იმიტომ, რომ ასეთი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ ხელს უწყობს საზოგადოებაში გარკვეული ტენდენციების კიდევ უფრო გაძლიერებას”, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი