ახალი ამბები

ერაყის არმიამ მოსულთან ახლოს ISIS-ს დაქვემდებარებული 20 სოფელი აიღო

18 ოქტომბერი, 2016 • 1649
ერაყის არმიამ მოსულთან ახლოს ISIS-ს დაქვემდებარებული 20 სოფელი აიღო

ერაყისა და ქურთული სამხედრო გაერთიანების, “პეშმერგის” მეთაურების ცნობით, ტერორისტულ გაერთიანება “ისლამურ სახელმწიფოსთან” (ISIS) ბრძოლის პირველი 24 საათის განმავლობაში წარმატებას მიაღწიეს და ქალაქ მოსულის აღმოსავლეთით, სამხრეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე 20 სოფელი აიღეს.

ერაყის არმიამ და ქურთული “პეშმერგის” ძალებმა ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მიერ კონტროლირებული ქალაქის, მოსულის, მიმართულებით სვლა ორშაბათს, 17 ოქტომბერს დაიწყეს. მათ ზურგს უმაგრებს სამხედრო საჰაერო ძალების კოალიცია, რომელსაც აშშ მეთაურობს. 

კოალიციის სამხედრო თვითმფრინავები, “როიტერსის” ცნობით, ISIS-ის 17 პოზიციას დაესხნენ თავს. ბოლო ბრძოლების შედეგად დაღუპული მოქალაქეების რაოდენობა ჯერჯერობით არც ერთ მხარეს არ დაუსახელებია.

“ისლამური სახელმწიფოს” მიერ კონტროლირებულ მოსულში 1.5 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ვარაუდით, როგორც კი ერაყის მხარდამჭერი ძალები ქალაქს მიუახლოვდებიან, მოსულის მცხოვრებლები მიგრაციის ახალ ტალღას შექმნიან, რაც, UNHCR-ის შეფასებით, იქნება მიგრაციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიზისი უახლეს ისტორიაში.

მოსული ყველაზე დიდი ქალაქია, რომელიც ჯერ კიდევ “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების მმართველობის ქვეშაა. 2014 წელს სწორედ მოსულში გამოაცხადა “ისლამური სახელმწიფოს” მეთაურმა, აბუ ბაქარ ალ-ბაღდადიმ ხალიფატის დაარსება ერაყსა და სირიაში – სახელმწიფოსი, რომელიც ისლამური წესებით იმართება.

ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ჰეიდარ ალ-აბადიმ განაცხადა, რომ მოსულში მხოლოდ ერაყის არმია და ეროვნული პოლიცია შევლენ. ამასთან, მათთან ერთად იბრძვიან ქურთული “პეშმერგის” ძალები. BBC-ის ცნობით, სამხედრო კოალიცია, რომელსაც აშშ მეთაურობს, მხარს უჭერს ერაყის მთავრობის ნაბიჯებს – ისინი მოსულზე საჰაერო თავდასხმებში ისევ მიიღებენ მონაწილეობას. სამხედრო ოპერაცია კომპლექსურია და, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ბრძოლა, სულ ცოტა, ორ კვირას გაგრძელდება.  

“ბიბისი” წერს, რომ კოალიციურ ჯარებს 30 ათასამდე მებრძოლი ჰყავთ მობილიზებული, მოსულში კი ISIS-ის 4 000-დან 8 000-მდე მებრძოლია დარჩენილი. თუკი ერაყი ჩხრდილოეთ ნაინევის პროვინციის დედაქალაქ მოსულს აიღებს, ეს “ისლამური სახელმწიფოს” ეფექტური დამარაცხების ნიშანი იქნება. CNN-ის შეფასებითაც, მოსულზე კონტროლის ხელახლა მოპოვება ალ-აბადის ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვება იქნება იმის გათვალისწინებით, რომ მას უჭირს ქვეყნის დამაჯერებლად მართვა. მოსულის აღება დაამტკიცებს ერაყის ჯარის სიძლიერეს და დაასრულებს ტერორისტული დაჯგუფების ტერიტორიულ დომინაციას ერაყის ნავთობით მდიდარ რეგიონში.

მასალების გადაბეჭდვის წესი