ახალი ამბები

ზაზა ვაშაყმაძე: ტყუილია ის, რომ მუსლიმი თემი საქართველოში დისკრიმინირებულია

17 ოქტომბერი, 2016 • 1980
ზაზა ვაშაყმაძე: ტყუილია ის, რომ მუსლიმი თემი საქართველოში დისკრიმინირებულია

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ამბობს, რომ ტყუილია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოში მუსლიმი თემი დისკრიმინირებულ მდგომარეობაშია.

ეს განცხადება ზაზა ვაშაყმაძემ 17 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბიფინგზე განაცხადა, სადაც საუბარი მოხეში არსებული სადავო შენობის საკითხს შეეხო.

მოხეში ვითარება კიდევ ერთხელ გამწვავდა 2016 წლის 14 ოქტომბერს, როდესაც პოლიციამ სადავო შენობის შესასვლელი გადაკეტა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც იქ მუსლიმები მივიდნენ და ლოცვა დაიწყეს.

შენობის  კუთვნილების გაურკვევლობის  გამო მოხეში ადგილობრივ მოსახლეობას  შორის დაპირისპირება 2014 წელს მოხდა. სახალხო დამცველის შეფასებით, ამის შემდეგ სახელმწიფომ  ვერ უზრუნველყო ქმედითი  ღონისძიებების გატარება და დარჩა კონფლიქტური კერა, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ  დროს კვლავ დაძაბულობის  საბაბი გახდეს.

ომბუდსმენმა ასევე განაცხადა, რომ არსებობს კითხვის ნიშნები მოხეს სადავო შენობის საკითხის შემსწავლელი კომისიის მუშაობასთან დაკავშირებითაც. ეს კომისია რელიგიის სახელმწიფო სააგენტოსთან 2014 წელს შეიქმნა.

კომისიისა და სააგენტოს არაეფექტურ მუშაობაზე საუბრობს “კოალიცია თანასწორობისთვის” და სახელმწიფოს მოხეში მუსლიმი თემის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.

ზაზა ვაშაყმაძემ კი ბრფინგზე განაცხადა, რომ ეს კომისია, რომელსაც მოხეს სადავო შენობის საკითხი უნდა შეესწავლა, ეფექტურად მუშაობს.

“ის, რომ მოხეში არ არის დაძაბული სიტუაცია, ის, რომ მეზობლებს შორის არსებობს ურთიერთიბა, ის, რომ დიალოგი არსებობს, როგორც რელიგიურ დონეზე – მუფტსა და მეუფეს შორის, ისე სამხარეო ადმინისტრაციების დონეზე, ასვეე მრევლს, მუსლიმ თემსა და მართლმადიდებელ მოსახლეობას შორის, მათ შორის რომ არ არის დაძაბულობა, მათ შორის რომ არ არის პრობლემა, ერთმანეთს ქვას რომ არ ესვრიან, დიალოგი რომ არის და ჭირი და ლხინი ჩვეულებრვი რეჟიმში რომ არის გადასული, როგორც კონფლიქტამდე არსებობდა, ეს პატარა შედეგია? რა თქმა უნდა, რაღაც დონეზე გარკვეული შედეგი უკვე არსებობს. ეს პირველი მიღწეული შედეგი არის ის, რომ აღდგა კომუნიკაცია, აღდგა დიალოგი და არ არის დაძაბული სიტუაცია,” – განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.

ზაზა ვაშაყმაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც რელიგიის საკითხთა სააგენტო არსებობს (2014 წლიდან), სახელმწიფომ მუსლიმ თემს 130 მეჩეთი გადასცა.

“ყოველივე ამის შემდეგ, იმის თქმა, არ აქვს მნიშველობა, ვინ იქნება ეს – სახალხო დამცველი, ნებისმიერი დაინტერესებული პირი თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომ საქართველოში მუსლიმი თემი არის დისკრიმინირებულ მდგომარეობაში, ცოტა არ იყოს, ტყუილი და არაზუსტია.

მე ვსვამ კითხვას, თქვე მამაცხონებულებო, სახელმწიფოს რომ არ უნდოდეს მუსლიმი თემის ინტერესების განხორციელება, კონკრეტული ციფრები მოგიტანეთ, 130 მეჩეთი გადასცა რელიგიის სააგენტომ მუსლიმ თემს და ერთ მოხეს დაამადლებდა ვინმე რამეს? სადაც პრობლემა არ არის, იქ სახელმწიფო მარტივად გადაწყვეტს საქმეს, ანუ ეტაპობრივად ბრუნდება ეს 130 მეჩეთი. სადაც პრობლემა არსებობს, მე გეუბნებით, რომ ეს გადავიდა დიალოგის ფორმატში, მრგვალი მაგიდის გარშემოა საუბარი და, შესაბამისად, მიდის საუბარი და მიდის დიალოგი. მეტიც, მე ახლავე ვაცხადებ ამას და გეუბნებით, კომისიის შემდეგი სხდომა გაიმართება ახალციხეში 3 ნოემბერს,”- განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ

მასალების გადაბეჭდვის წესი