ახალი ამბები

ამერიკელ ჟურნალისტს ნავთობსადენის აშენების წინააღმდეგ ამბოხებაში მონაწილეობაში სდებენ ბრალს

17 ოქტომბერი, 2016 • 1669
ამერიკელ ჟურნალისტს ნავთობსადენის აშენების წინააღმდეგ ამბოხებაში მონაწილეობაში სდებენ ბრალს

მას შემდეგ, რაც ამერიკელმა ჟურნალისტმა, ემი გუდმანმა ჩრდილოეთ დაკოტაში ბაკენის ნავთობსადენის აშენების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია გადაიღო, მას პოლიციამ ბრალი წაუყენა “ამბოხებაში მონაწილეობისათვის”.

ჟურნალისტი, რომელსაც ცნობილი გადაცემა “დემოკრატია ახლა” (“დემოქრასი ნაუ”) მიჰყავს, ამბობს, რომ აპირებს, პოლიციას ჩაბარდეს. გუდმანის სასამართლო მოგვიანებით გაიმართება, რომელზეც გადაწყდება, არსებობს თუ არა საკმარისი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ჟურნალისტი ნამდვილად მონაწილეობდა ამბოხებაში.

ემი გუდმანმა პოლიციელების მიერ საპროტესტო აქციის დარბევა ერთი თვის წინ, 4 სექტემბერს, ჩრდილოეთ დაკოტაში გადაიღო, სადაც ადგილობრივები ნავთობსადენის მშენებლობის წინააღმდეგ იბრძვიან.

“მე დანაშაული არ ჩამიდენია, არ მიმიღია მონაწილეობა ამბოხებაში, ვაკეთებდი ჩემს საქმეს, როგორც ჟურნალისტი, და ვაშუქებდი პოლიციის ძალადობრივ თავდასხმას ადგილობრივებზე”, – ამბობს ჟურნალისტი.

ერთი კვირის წინ, 11 ოქტომბერს, ჩრდილოეთ დაკოტაში პროტესტის მონაწილეებთან ყოფნისას დააკავეს მსახიობი შეილი ვუდლიც, რომელიც მაყურებლისათვის ფილმ “დივერგენტიდან” არის ცნობილი. იგი ფეისბუკში, პირდაპირ ეთერში გადასცემდა ჩრდილოეთ დაკოტაში მიმდინარე საპროტესტო აქციას, როცა მასთან პოლიციელები მივიდნენ და დააკავეს.

“ის [ემი გუდმანი] პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე იყო. ყველაფერი, რასაც გადმოსცემდა, ამართლებდა პროტესტის მონაწილეების პოზიციებს”, – ამბობს ჩრდილოეთ დაკოტის შტატის პროკურორი ლად ერიქსონი. “ნუთუ ყველა, ვინც იუტუბზე ვიდეოს ტვირთავს, ჟურნალისტია”? – კითხულობს პროკურორი.

ემი გუდმანის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში ჩანს, თუ როგორ ექცევიან კომპანიის მიერ დაქირავებული დაცვის თანამშრომლები პროტესტის მონაწილეებს: უშვებენ ძაღლებს და იყენებენ წიწაკის გაზს.

ე.წ ბაკენის, ანუ ჩრდილოეთ დაკოტის ნავთობსადენის პროექტი 1 172 მილის (1825 კმ) სიგრძის, 30 დუიმის (76,2 სმ) დიამეტრის მიწისქვეშა ნავთობსადენის აშენებას ითვალისწინებს. ნავთობსადენი 4 შტატს გადაკვეთს და ჩრდილოეთ დაკოტას ილინოისის შტატის სოფელ პატოკასთან დააკავშირებს. ყოველდღიურად მილსადენით გადაიზიდება 470 000-დან 570 000-მდე ბარელის ოდენობის ნავთობი.

ჩრდილოეთ დაკოტის ნავთობსადენი აშშ-ის 4 შტატში გაივლის. 17.10.2016. "ბიბისის" ვიზუალიზაცია

ჩრდილოეთ დაკოტის ნავთობსადენი აშშ-ის 4 შტატში გაივლის. 17.10.2016. “ბიბისის” ვიზუალიზაცია

კომპანია, სახელად “ენერგიის ტრანსპორტირების პარტნიორები”, რომელიც “ბაკენის” პროექტის უკან დგას, ამბობს, რომ მილსადენი ადგილობრივ ეკონომიკას წაადგება. მათივე პოზიციით, ნავთობის მილსადენით გადაზიდვა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე სამანქანო გზით.

თუმცა გარემოს დამცველები აპროტესტებენ მილსადენის მშენებლობას. მათ სჯერათ, რომ ყოველდღიურად  ამ მოცულობის ნავთობის გადაზიდვა აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ შიდა წყლებს დააბინძურებს და ისტორიულ გარემოს დააზიანებს. ადგილობრივ მცხოვრებლებს მიაჩნიათ, რომ მილსადენის მშენებლობა ჩრდილოეთ დაკოტაში “წაბილწავს წმინდა მიწას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი