ახალი ამბები

ნანუაშვილი: მოხის კონფლიქტზე შექმნილი კომისია არაეფექტურად მუშაობს

17 ოქტომბერი, 2016 • 1617
ნანუაშვილი: მოხის კონფლიქტზე შექმნილი კომისია არაეფექტურად მუშაობს

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოხეში არსებულ დაპირისპირებაზე შექმნილი კომისია არაეფექურად მუშაობს.

ომბუდსმენი ამბობს, რომ მას სურდა ჩართულიყო ამ კომისიის საქმიანობაში, თუმცა გაუგებარი მიზეზების გამო უარი უთხრეს. უჩა ნანუაშვილის თქმით, სახალხო დამცველი ახორციელებს ხელისუფლების ორგანოების მონიტორინგს და მას აქვს უფლება, ყოფილიყო ამ კომისიის წევრი, შესაბამისად, მათი უარი დაუსაბუთებელი იყო.

“პროცესი უნდა დასრულებულიყო იმით, რომ კომისია, რომელიც შეიქმნა მოხის საქმესთან დაკავშირებით, ამ კომისიას კონკრეტული გადაწყვეტილება უნდა მიეღო, რაც, სამწუხაროდ, ჯერ არ არის მიღებული. ვითხოვდით ამ კომისიაში ჩართვას დამკვირვებლის სტატუსით, რაზეც ასევე უარი მივიღეთ. კომისიის ეფექტურობაზე ჩვენ კითხვის ნიშნებს ვსვამთ. მნიშვნელოვანია ის, რომ როდესაც საკითხი გადადებულია გაურკვეველი ვადით, კიდევ უფრო მეტ პრობლემას წარმოშობს და ამიტომ ვთავაზობ ხელისუფლებას, რომ კიდევ უფრო მეტი ღონისძიება გაატაროს იმისთვის, რომ პრობლემა მოგვარდეს. მუსლიმ თემს თავიანთი აღმსარებლობის თავისუფლების რეალიზაციის უფლება აქვს და ხელისუფლება ვალდებულია ეს უფლება განახორციელოს”, – განაცხადა სახალხო დამცველმა. 


მნიშვნელოვანი ფაქტები:

  • ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში  ამჟამინდელი მკვიდრი მუსლიმი მოსახლეობა 1975-80 წლებში დასახლდა.  შენობაზე, რომლის დაბრუნებასაც მუსლიმები ითხოვენ, ამბობენ, რომ მეჩეთი სოფელ მოხეში 1927-34 წლებში მესხმა მუსლიმებმა ააშენეს. 1957 წლიდან შენობას კლუბის სტატუსი აქვს. საბჭოთა კავშირის დროს ის დიდი ხნის განმავლობაში  საწყობად, ბიბლიოთეკად და სოფლის კლუბად გამოიყენებოდა. 2007 წლიდან დღემდე კი შენობა  ადიგენის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება.
  • მუსლიმმა თემმა ყოფილი მეჩეთის შენობის კონსერვაციის ან რესტავრაციის თხოვნით, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა მათ თხოვნას რაიმე კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.
  • ვითარება მოხეში 2014 წელს დაიძაბა: 27 მაისს სოფელ მოხეს მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას შენობის სამუფთო სამმართველოსთვის გადაცემის თხოვნით მიმართა.  8 ივლისს კი მუსლიმმა თემმა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაქარია ენდელაძისგან მიიღო წერილი (#1019), სადაც იგი აღნიშნავს, რომ სადავო ქონება ადგილობრივი თვითმართველობის ორგანომ მხოლოდ საჯარო ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელების მიზნით შეიძლება გამოიყენოს.
  • 2014 წლის 18 ოქტომბერს სოფელში ტენდერში გამარჯვებული კომპანიის თანამშრომლები მივიდნენ და შენობის დემონტაჟი დაიწყეს, რაც ადგილობრივმა მუსლიმებმა გააპროტესტეს.  მშენებლებმა სოფელი მაშინვე დატოვეს, რასაც ქრისტიანი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. სოფლის ცენტრში შეკრებილი ქრისტიანები ამბობდნენ, რომ შენობის მუსლიმთა სამმართველოსთვის გადაცემასა და ამ ადგილას  მუსლიმური საკულტო ნაგებობის აშენებას არ დაუშვებდნენ.
  • სადავო შენობაზე პრეტენზიას საქართველოს საპატრიარქოც აცხადებს. ამის შესახებ ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის, მეუფე თეოდორეს განცხადებით,  XVI საუკუნეში აღნიშნულ ადგილას ქრისტიანული ტაძარი იყო, 1920-იან წლებში ეკლესიების ნგრევისა და მეჩეთების მშენებლობის შემდეგ კი, სადავო შენობის ადგილას მეჩეთის მშენებლობა დაიწყო.
  • 2014 წლის 22 ოქტომბერს სოფელ მოხეში მშენებლებმა მეჩეთის დემონტაჟი განაახლეს. მუსლიმების წინააღმდეგ, რომლებიც ხელისუფლების მოულოდნელ და რეპრესიულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ხელისუფლებამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და უხეშად დაარღვია მუსლიმთა უფლებები.
  • ინციდენტის დროს სოფელ მოხეში პოლიციამ 14 პირი დააკავა: 11 მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლებით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის  კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) გათვალისწინებული ქმედებებისთვის,  ხოლო სამი პირი – სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ ჯგუფურად წინააღმდეგობის გაწევისთვის. 23 ოქტომბერს სასამართლომ სამი მუსლიმი – თეიმურაზ მიქელაზე, ოთარ მიქელაძე და მალხაზ ბერიძე ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლა (თუმცა გამოძიება გრძელდება),[10] ხოლო 11 დაკავებული სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და თითოეულს 250 ლარი ჯარიმის გადახდა დააკისრა.
  • 2014 წელს რელიგიის სააგენტოსთან შეიქმნა კომისია, რომელსაც სადავო შენობის საკითხი უნდა შეესწავლა, თუმცა შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი