ახალი ამბებისამართალი

გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებაში ბრალდებულს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს

17 ოქტომბერი, 2016 • 1118
გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებაში ბრალდებულს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეზე 1976 წელს დაბადებული ბ.ჩ. დააკავეს, ხოლო 1974 წელს დაბადებულ დ.ხ-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

შს სამინსიტროს განცხადებით, ბ.ჩ. სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის [ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა] საფუძველზე დააკავეს, თუმცა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რა კავშირშია დაკავებული ავტომობილის აფეთქებასთან.

უწყების განცხადებით, საქმეზე ბრალდებული პირების საცხოვრებელი სახლებისა და ფარეხის ჩხრეკისას დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერება, ასევე, გივი თარგამაძის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის გეგმა და ნახაზები ამოიღეს:

“აფეთქებაში ბრალდებულისა და მასთან კავშირში მყოფი პირების ბინებიდან და ფარეხებიდან სამართალდამცავებმა დაბეჭდილი და ხელნაწერი ლიტერატურა ამოიღეს, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადების წესია ასახული. დისტანციურად ასაფეთქებელი ნივთიერების დასამხადებლად საჭირო ნივთები. გივი თარგამაძის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის გეგმა და ნახაზები. ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი, აკა-47 მოდელის ავტომატი მაყუჩით, აკაესის მოდელი სავტომატი, ექვსი ხელყუმბარა, თექვსმეტი მჭიდი, დიდი რაოდენობით ვაზნა და სხვა,” – განაცხადა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, თეა პერტაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

2016 წლის 4 ოქტომბერს თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე,  ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ ამავე პარტიის წევრისა და მოქმედი პარლამენტარის, გიორგი (გივი) თარგამაძის მანქანა აფეთქდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე–19 (დანაშაულის მცდელობა) და 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) მუხლებით დაიწყო.   შინაგან საქმეთა სამინსიტრომ  7 ოქტომბერს, არჩევნების წინა დღეს განცხადა, რომ  მანქანის აფეთების ფაქტი გახსნილია, თუმცა დადგენელი იყო ბრალდებულის ადგილმდებარეობა.

იმავე დღეს ” ერთიან ნაციონალურ მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ გამოძიების ვერსიის არ სჯერათ. ბოკერია აცხადებდა, რომ სპეცოპერაცია წინასაარჩევნო პიარი იყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი