ახალი ამბები

სს „ქართუ ჯგუფის“ უცხოელი აქციონერების მტკიცებით ივანიშვილს არ ეკუთვნის “ქართუ ჯგუფის” აქციები

9 ივლისი, 2012 • • 1385
სს „ქართუ ჯგუფის“ უცხოელი აქციონერების მტკიცებით ივანიშვილს არ ეკუთვნის “ქართუ ჯგუფის” აქციები

აღნიშნულის შესახებ უცხოელმა ადვოკატებმა ქართველ ადვოკატებთან, არჩილ კბილაშვილთან და პაატა კიკნაველიძესთან ერთად დღეს, 9 ივლისს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

“ბიძინა ივანიშვილს არ ეკუთვნის „ქართუ ჯგუფის“ არცერთი აქცია. იგი ასევე არ ფლობს არავითარ წილს „ქართუ ჯგუფის“ უცხოურ კომპანიებში და ამრიგად „ქართუ ჯგუფის“ აქციები არანაირად არ არის დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილთან. ასე რომ, იგი არ არის არც „ქართუ ჯგუფისა და არც „ქართუ ბანკის“ ბენიფიციარი მესაკუთრე. ჩვენ გვსურს მოვუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს აუქციონზე სს “ქართუ ჯგუფის” 16 აქციონერის კუთვნილი აქციების გაყიდვა, რადგან ეს სხივი ქონებაა“, _ განაცხადა კვიპროსელმა ადვოკატმა ქრისტოდულოს ვასილიადის და აქვე დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქარათველოს ხელისუფლება არ შეისმენს ზემოხსენებულ განცხადებას და იძულებითი აუქციონის გზით მაინც გაასხვისებს „ქართუ ჯგუფის“ აქციებს, მაშინ ეს შეფასდება როგორც უცხოური ინვესტიციების ექსპროპრიაცია და უცხოელი ინვესტორები და კომპანიები, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ, დაიწყებს საერთაშორისო სამართლებრივ დავას საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.

 

 

 

ეროვნული ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აქციათა მესაკუთრეების ცვლილებების შემთხვევაში აუცილებელია ეროვნული ბანკის თანხმობა.

“ამ კონკრეტულ შემთხვევაში არც მნიშვნელოვანი წილის შემძენს, არც გამსხვისებელს ეროვნული ბანკისთვის არ მიუმართავს, შესაბამისად, კანონის მიხედვით, გარიგება იმპერატიულად ითვლება ბათილად”,” – მიიჩნევს ეროვნული ბანკი.

აღნიშნულს არ ეთანხმება ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი არჩილ კბილაშვილი და ამბობს, რომ ეროვნული ბანკისგან ნებართვა არის იმ შემთხვევაში საჭირო, როდესაც სხვისდება კომერციული ბანკის აქცია 10 პროცენტის ზევით. კანონი ამბობს, რომ თუ 10 პროცენტის ქვევით ხდება გასხვისება, და შემძენი 10 პროცენტზე ნაკლებს იძენს, არ სჭირდება ეროვნული ბანკისგან ნებართვა. 11 სუბიექტი რომ შემოვიდა, თითოეულის წილი არის 7 პროცენტის ფარგლებში. ის  სს “ქართუ ჯგუფის” აქციებთან დაკავშირებულ საქმეს სამ დონედ ყოფს.   

“პირველი დონე ეხება იმ პერიოდს, როდესაც  ბანკი “ქართუს” მესაკუთრეა სს “ქართუ ჯგუფი”, მეორე დონე, როდესაც სს “ქართუ ჯგუფის” მესაკუთრეა ოთხს პლიუს ორი სუბიექტი და  მესამე დონე არის ის, როდესაც ოთხი უცხოური კომპანიის უკან არის ბიძინა ივანიშვილი. ამჟამად აუქციონზე გასაყიდად გატანილ ქონებასთან ბიძინა ივანიშვილს არ გააჩნია კავშირი. ასეთი კავშირი მხოლოდ 30 აპრილამდე არსებობდა. 30 აპრილამდე პერიოდში სააქციო საზოგადოება “ქართუ ჯგუფის” აქციები ეკუთვნოდა 6 კომპანიას, მათ შორის იყო ოთხი უცხოური და ორი ქართული. (“ფინსეკ ლიმიტედი“, “ტარპან მენეჯმენტ ლიმიტედი“, “კრისტა ინვესტმენ ლიმიტედი“ და “სარგანს ლიმიტედი“. ასევე ორი ქართული კომპანია, რომელთა მესაკუთრე “ფინსეკ ლიმიტედი“ იყო).  ამ ოთხი კომპანიის უკან საზღვარგარეთ მესაკუთრე კი ბიძინა ივანიშვილი იყო ”, – აღნიშნავს კბილაშვილი “ნეტგაზეთთან” და დასძენს, რომ ხელისუფლება ამ დონეებს არ უყურებს და ივანიშვილს აღიქვამენ, როგორც პირველი დონის მესაკუთრეს, რაც არასწორია.

ხოლო ადვოკატის განცხადებით, 30 აპრილის შემდეგ აღნიშნულმა ოთხმა უცხოურმა კომპანიამ გაასხვისა აქციები სხვადასხვა 11 უცხოურ კომპანიაზე.

“ახლა კი უცხოური კომპანიის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ არანაირი კავშირი მათ არ აქვთ ივანიშვილთან და მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ თავი შეიკავოს მათი აქციების გასხვისებისაგან”, – ამბობს კბილაშვილი და იმ შედეგებზეც ამახვილებს ყურადღებას, რაც შეიძლება აუქციონმა გამოიწვიოს.

“მცდელობა მიმართულია იქითკენ, რომ ვინც ხელში ჩაიგდებს ამ აქციებს, ის ავტომატურად ხელთ იპყრობს ბანკსაც და სხვა უძრავ ქონებებსაც. მიუხედავად იმისა, რომ 30 აპრილის შემდეგ ივანიშვილი არ არის უკვე მფლობელი სს “ქართუ ჯგუფის” ამ კომპანიების სახით, და მიუხედავ იმისა, რომ ამ კომპანიებმა გაასხვისეს თავიანთი წილის დიდი ნაწილი, 95 პროცენტი, ამის მიუხედავდ მაინც ხდება ამ ქონების დაყადაღება და აუქციონზე გატანა”, – განაცხადა ადვოკატმა კბილაშვილმა.

ზემოხსენებული კომპანიების ქართველი ადვოკატი პაატა კიკნაველიძის განცხდებით, დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნისნული კომპანიები მიმართავენ.

“მათ შეიტანეს სარჩელი ახალი მესაკუთრეების სახელით და სასამართლოს ევალება 24 საათის განმავლობაში მიიღოს გადაწყვეტილება გააჩეროს თუ არა აუქციონი”, – ამბობს კიკნაველიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი