ახალი ამბები

უმცირესობის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა მძიმედ დაშავებული ტრანსგენდერი ქალი მოინახულა

16 ოქტომბერი, 2016 • 1326
უმცირესობის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა მძიმედ დაშავებული ტრანსგენდერი ქალი მოინახულა

პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის საკითხებში სოფიო შამანიდმა დღეს ,,ნიუ ჰოსპიტალის” რეანიმაციაში მყოფი მძიმედ დაშავებული ტრანსგენდერი ქალი მოინახულა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სოფიო შამანიდმა უშუალოდ ექიმებისგან მიიღო პაციანტის შესახებ ინფორმაცია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძმეა.

„ ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია, მაგრამ განსაკუთრებით შემზარავია მოძლადე, რომელიც ადამიანზე ძალადობს მხოლოდ იმის გამო, რომ იგი მისგან განსხვავებულია. ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს მისი თავი ისე, როგორც ეს მას სურს, ჰქონდეს ის იდენტობა, რომელსაც ის თავად აირჩევს და არავის აქვს უფლება მიუთიოთოს, გაკიცხოს, ან, მით უმეტეს, იძალადოს მასზე ამის გამო. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში, მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური მუშაობისა, დღემდე ძალიან მძლავრად ჩანს ჰომოფობიური და ქსენოფობიური ტენდენციები და ამას დიდწილად უწყობს ხელს პოლიტიკოსების არაადეკვატური, ჰომოფობიური გამოხატულებები. მე დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ორგანიზაციები გამოიძებენ ამ საქმეს და მინდა იმედი ვიქონიო, რომ ამ ახალგაზრდა ადამინის მდგომარეობა გაუმჯოიბესდება“,-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა.

14 ოქტომბერს დაჭრილი ტრანსგენდერი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ტრანსგენდერი, რომელიც 14 ოქტომბერს ფონიჭალაში დაჭრეს, დაახლოებით ორი წელია WISG-ს ბენეფიციარია. “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” არ გამორიცხავს, რომ დანაშაული შესაძლოა დამამძიმებელ გარემოებაში, სიძულვილის ნიადაგზე იყოს ჩადენილი.

WISG-ის იურისტმა ციალა რატიანმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ დღეს დაჭრილი ტრანსგენდერი ქალის დედას შეხვდება და ექნება შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, რითაც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ოფიციალურად შეძლებს კომუნიკაციას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109 მუხლით იძიებს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ნიშნავს.

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” მონაცემებით, საქართველოში 2016 წლის განმავლობაში ტრანსგენდერ და გენდერულად არაკონფორმულ ადამიანებზე თავდასხმის ოცამდე შემთხვევაა დოკუმენტირებული.

ორგანიზაციის, “ტრანსგენდერი ევროპის” (TGEU), რომელიც WISG-ის პარტნიორია, სტატისტიკის მიხედვით, 2008 წლის იანვრიდან 2016 წლის აპრილის ჩათვლით 65 ქვეყანაში 2115 ტრანსგენდერი მოკლეს;

2016 წლის იანვარ-მაისში კი ტრანსგენდერი და გენდერულად არაკონფორმული ადამიანის მკვლელობის 100 შემთხვევა დაფიქსირდა. TGEU-ის ცნობით, ეს მონაცემები რეალობას სრულად არ ასახავს, რადგან ქვეყანათა უმრავლესობაში ტრანსგენდერ და გენდერულად არაკონფორმულ ადამიანებზე თავდასხმისა და მკველობებათა შემთხვევების დაფიქსირება, აღწერა და მონიტორინგი არ მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი