ახალი ამბებისამართალი

დაჭრილი ტრანსგენდერი ქალი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაშია

15 ოქტომბერი, 2016 • 1708
დაჭრილი ტრანსგენდერი ქალი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაშია

14 ოქტომბერს დაჭრილი ტრანსგენდერი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს”  “ნიუ ჰოსპიტალის” პრესამსახურმა 17.00 საათზე მიაწოდა, რომლის ცნობით, პაციენტის თანხმობის გარეშე სხვა ინფორმაციის გაცემის უფლება არა აქვთ.

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” ცნობით კი, დაზარალებული ამჟამად ხელოვნურ სუნთქვაზეა.  სწორედ ამის გამო ტრანსგენდერი ქალს  WISG-ის იურისტები ამჟამად საადვოკატო მომსახურებას ვერ უწევენ და მხოლოდ მონიტორინგით შემოიფარგლებიან, რადგანაც ამისთვის დაზარალებულის ან მისი ახლობლების თანხმობაა საჭირო.

ტრანსგენდერი, რომელიც 14 ოქტომბერს ფონიჭალაში დაჭრეს, დაახლოებით ორი წელია WISG-ს ბენეფიციარია. “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” არ გამორიცხავს, რომ დანაშაული შესაძლოა დამამძიმებელ გარემოებაში, სიძულვილის ნიადაგზე იყოს ჩადენილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109 მუხლით იძიებს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ნიშნავს. ამ ტეპაზე შშს-ში სხვა კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

თუმცა WISG-ის იურისტმა ციალა რატიანმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მისი ინფორმაციით, გამოძიებას დაკითხული ჰყავს რამდენიმე პირი, მათ შორის ის პირი, რომელმაც დაჭრილი ტრანსგენდერი აღმოაჩინა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა.

შემთხვევა 18 ოქტომბერს, დაახლოებით 20-21 საათზე, თბილისში, ფონიჭალაში მოხდა. ტრანსგენდერ ქალს თავდასხმის შედეგად ყელის არეში აქვს ჭრილობები მიყენებული.

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” მონაცემებით, საქართველოში 2016 წლის განმავლობაში ტრანსგენდერ და გენდერულად არაკონფორმულ ადამიანებზე თავდასხმის ოცამდე შემთხვევაა დოკუმენტირებული.

ორგანიზაციის, “ტრანსგენდერი ევროპის” (TGEU), რომელიც WISG-ის პარტნიორია, სტატისტიკის მიხედვით, 2008 წლის იანვრიდან 2016 წლის აპრილის ჩათვლით 65 ქვეყანაში 2115 ტრანსგენდერი მოკლეს;

2016 წლის იანვარ-მაისში კი, ტრანსგენდერი და გენდერულად არაკონფორმული ადამიანის მკვლელობის 100 შემთხვევა დაფიქსირდა. TGEU-ის ცნობით, ეს მონაცემები რეალობას სრულად არ ასახავს, რადგან ქვეყანათა უმრავლესობაში ტრანსგენდერ და გენდერულად არაკონფორმულ ადამიანებზე თავდასხმისა და მკველობებათა შემთხვევების დაფიქსირება, აღწერა და მონიტორინგი არ მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი