ახალი ამბები

ომბუდსმენის გზავნილი თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

15 ოქტომბერი, 2016 • 1348
ომბუდსმენის გზავნილი  თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ტოლერანტობა, თანასწორობა და ინკლუზია ამ დღის მთავარი გზავნილებია – აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი, რომელიც სპეციალური მიმართვით ეხმაურება თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღეს.

გთავაზობთ მის მიმართვას:


 

15 ოქტომბერი – თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღე, 1970 წელს უსინათლოთა საერთაშორისო ფედერაციის ინიციატივით დაწესდა. ამ დღის აღნიშვნა შეახსენებს საზოგადოებას ჩვენს გვერდით მცხოვრები ადამიანების შესახებ, რომლებსაც განსხვავებული საჭიროებები აქვთ.

ტოლერანტობა, თანასწორობა და ინკლუზია ამ დღის მთავარი გზავნილებია.

საქართველოში უსინათლო და მცირემხედველი პირების სრულფასოვანი ცხოვრება და ადამიანის უფლებებით თანაბარი სარგებლობა ჯერ კიდევ სერიოზული გამოწვევაა. დღის წესრიგში დგას რიგი საკითხების მოგვარების აუცილებლობა. ქვეყანაში არ ფუნქციონირებს სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც უსინათლო და მცირემხედველი პირები შეძლებენ მათთვის საჭირო უნარ–ჩვევების (სივრცეში ორიენტაცია და მობილობა, ხმოვანი კომპიუტერული პროგრამებით სარგებლობა, ბრაილის შრიფტის შესწავლა და ა.შ.) შეძენა/განვითარებას, სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება უსინათლოთათვის დამხმარე საშუალებების (ხმოვანი საყოფაცხოვრებო და სამედიცინო ნივთები, თვალის პროტეზი) მიწოდება. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პროგრამით დადგენილია უსინათლო პირების დამხმარე საშუალებით (ხელჯოხი) უზრუნველყოფა, მისი მიწოდება გარკვეული ხარვეზებით ხასიათდება. საზოგადოებრივ, განსაკუთრებით ხალხმრავალ თავშეყრის ადგილებში, გათვალისწინებული არ არის ვიზუალურ და ხმოვან ინფორმაციათა დუბლირების შესაძლებლობა. მისაწვდომობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს სატელევიზიო, ელექტრონული და ბეჭდური მედია; უსინათლო პირებისთვის არ არის მისაწვდომი საინფორმაციო, გასართობი და სხვა სახის  სატელევიზიო პროგრამები, ფილმები. ლიტერატურა (მხატვრული, ტექნიკური, სამედიცინო და ა.შ. ) არ გამოიცემა ადაპტირებული ფორმით.

საქართველოს სახალხო დამცველი მონიტორინგს უწევს აღნიშნულ პირთა უფლებების დაცვას და შეიმუშავებს  შესაბამის რეკომენდაციებს რელევანტური უწყებების მიმართ. 2015 წელს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, მათ შორის უსინათლო პირთათვის ინფორმაციის მისაწვდომობის უზრუნველყოფის თაობაზე. მიუხედავად ამისა აღნიშნული პრობლემა კვლავ გადაუჭრელია.

მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება უსინათლო პირების საჭიროებებზე და შესაძლებლობებზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი სერვისები და პროგრამები, დასაქმება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული და ეფექტური მონაწილეობის მხარდაჭერა.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შესაბამის უწყებებს არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით კონკრეტული ქმედებების განხორციელებისკენ, რათა უზრუნველყოფილ იქნას ყველა პირის უფლებების თანაბარი დაცვა და ამ გზით ქვეყანაში ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბება.

მასალების გადაბეჭდვის წესი