ახალი ამბები

რა სარგებელს მიიღებენ პარტიები არჩევნებში ბლოკის სახით მონაწილეობით

14 ოქტომბერი, 2016 • 2386
რა სარგებელს მიიღებენ პარტიები არჩევნებში ბლოკის სახით მონაწილეობით

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების თანახმად, 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად საქართველოს პარლამენტს დააკომპლექტებს სამი პოლიტიკური ძალა, რომელთაგან ორი – “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” (სპა) და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” (ენმ) არჩევნებში ბლოკების სახით იღებდნენ მონაწილეობას. ნეტგაზეთი დაინტერესდა, რა დამატებითი სარგებელი შეიძლება მიიღონ ამ პარტიებმა ბლოკის სახით პარლამენტში შესვლით.

“დავით თარხან-მოურავი — ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი — გაერთიანებული ოპოზიცია”

2016 წლის არჩევნებისათვის “პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო ბლოკში კიდევ ხუთი პოლიტიკური პარტია შედიოდა:

[checklist]

  • აკაკი ასათიანი – “ტრადიციონალისტთა კავშირი”;
  • კახა კუკავა – “თავისუფალი საქართველო“;
  • კონსტანტინე გამსახურდია — “თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“;
  • გია ბერძენიძე – “ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”;
  • გოჩა ჯოჯუა – “ახალი ქრისტიან-დემოკრატები“; [/checklist]

როგორც პარტიების ლიდერებთან საუბრის შემდეგ გამოიკვეთა, პარტიების ბლოკში გაერთიანების მოტივაცია ახალი პოლიტიკური ცენტრის, მესამე ძალის გაჩენა იყო. ასევე, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მოპოვება, რაც მათ ცალ-ცალკე გაუჭირდებოდათ. როგორც პარტიებში ამბობენ, სპა იყო ერთადერთი კვალიფიციური სუბიექტი, რომელმაც პარტიებს “თანაბარ პირობებში პარტნიორობა” შესთავაზა. ამას აძლიერებდა საერთო ხედვები საგარეო პოლიტიკასა და სხვადასხვა საკითხზე.

“ერთადერთი ძალა, რომელიც ამბობდა, რომ პრორუსული და პროამერიკული ხედვა კი არ არის საჭირო, არამედ აქ უნდა ვცადოთ აქტიური პოლიტიკის გატარება. უბლოკო სტატუსები კი არა, მაქსიმალური აქტივობით მოგვეხერხებინა ქართული პოლიტიკის გატარება”, – უთხრა “ნეტგაზეთს” გოჩა ჯოჯუამ, “ახალი ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერმა.

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” (იგივე “საქართველოს პატრიოტები”)  2012 წლის 19 დეკემბერს დააფუძნეს მედიაკავშირ “ობიექტივისა” და “საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის” ლიდერებმა. პარტიას დეკლარირებული აქვს, რომ მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში ზომიერი კონსერვატიული იდეების, – ქართული სულისკვეთების, კულტურის, ტრადიციებისა და დემოკრატიული ფასეულობების განვრცობას. “პატრიოტთა ალიანსი” გამოირჩევა ანტითურქული განწყობების გავრცელებითაც: მათი ლიდერების ორგანიზებით ჩატარდა არაერთი აქცია აჭარაში. მაგალითად, მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ, ასევე, თურქეთთან საზღვარზე. სხვადასხვა პარტიების ინტერპარტიულ ჯგუფში ერთიანი მუშაობის შემდეგ, როგორც ბლოკის წევრები ამბობენ, “პატრიოტებმა” შესთავაზეს საერთო ოპოზიციური ძალის შექმნა, რომელიც არსებული საარჩევნო კოდექსის ცვლილებისთვის იბრძოლებდა. ამ 6 პარტიის გაერთიანების ერთ-ერთი მიზეზი, მათი თქმით, სწორედ ეს იყო.

მიუხედავად იმისა, რომ, როგორც პარტიები ამბობენ, სპა-მ მათ თანაბარ პირობებში პარტნიორობა შესთავაზა, ბლოკის მიერ ცესკოში წარდგენილ საპარლამენტო პროპორციულ სიაში ბლოკში შემავალ არც ერთ პარტიას, “პატრიოტთა ალიანსის” გარდა, წარმომადგენელი არ ჰყავდა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამონაკლისს სიის ბოლოსკენ.

საარჩევნო ბლოკმა, გარდა იმისა, რომ პარლამენტში, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, შეაღწია, გადალახა ის 3%-იანი ბარიერი, რომელმაც საბიუჯეტო დაფინანსება მოაპოვებინა ბლოკსა და მასში შემავალ პარტიებს.

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების” შესახებ საქართველოს კანონის 30-ე მუხლში მოცემული ფორმულის გათვალისწინებით, “პატრიოტებისა” და თანამოაზრეების ბლოკი სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსების სახით ყოველწლიურად მომდევნო 4 წლის განმავლობაში 775 350 ლარს მიიღებს. ეს თანხა თანაბრად განაწილდება ბლოკში შემავალ 6 პარტიაზე, რაც თითოეული მათგანისთვის ყოველწლიურ 129 225 ლარს ნიშნავს.

ამას გარდა, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში 5%-ს ან მეტს მიიღებს, სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს 1 000 000 ლარს არჩევნების ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარად. “პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო ხარჯები, ოფიციალური მონაცემებით, 1 230 126 ლარი იყო. შემოსავალი კი, 1 267 921.17 ლარი.

(ნახეთ “ნეტგაზეთის” ინფოგრაფიკა: რა თანხებს ხარჯავენ პარტიები საარჩევნო კამპანიაში)

ამავე მუხლზე დაყრდნობით, კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს, არაკვალიფიციურებისგან განსხვავებით, ბიუჯეტიდან დამატებით აუნაზღაურდებათ სატელევიზიო რეკლამის ხარჯები. “პატრიოტთა ალიანსისთვის” ეს თანხა იქნება 44 050 ლარი.

ამას გარდა, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები დამატებით სარგებელსაც ღებულობენ მედიაში გაშუქების მიმართულებით. მედიამონიტორინგები აჩვენებს, რომ სატელევიზიო ეთერი ამ პოლიტიკურ პარტიებს თითქმის საერთოდ არ ეთმობოდათ. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 55-ე მუხლი კი საზოგადოებრივ მაუწყებელს ავალდებულებს, არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში. ასევე, მომავალ არჩევნებზე მათ შეიძლება ჰყავდეთ წარმომადგენლობა საარჩევნო ოლქებსა და უბნებზე.

[red_box]“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”[/red_box]

გასულ საპარლამენტო არჩევნებზე (2012 წ) “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შოთა მალაშხიას “ქრისტიან-კონსერვატორებთან” ერთად იღებდა მონაწილეობას. პარლამენტში შესვლის შემდეგ ენმ-მ 4 ფრაქციის ჩამოყალიბება მოახერხა. თუმცა 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ენმ არა მალაშხიასთან, არამედ “ევროპულ საქართველოსთან” ერთად გავიდა. ეს უკანასკნელი 1999 წლის 28 მაისს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, როგორც პოლიტიკურ პარტია. მათ ხელახალი რეგისტრაცია 2016 წლის 12 აგვისტოს გაიარეს – საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე. ბლოკმა ცესკოს წინასწარი, ყველა უბნის მონაცემებით 27.11% მიიღო.

ბლოკის მიერ წარდგენილ პროპორციულ სიაში ძირითადად ენმ-ის წევრები იყვნენ, ასევე, უპარტიო კანდიდატები, რომლებიც ენმ-სთან ასოცირდებიან (სერგი კაპანაძე, სანდრა რულოვსი, ელენე ხოშტარია, ოთარ კახიძე და სხვები). ბლოკის მიერ წარდგენილი 199-წევრიანი სიიდან მხოლოდ ხუთია “ევროპული საქართველოდან” (პირველი მათგანი, ირმა სტეფნაძე-იაშვილი სიაში 114-ე ადგილს იკავებდა).

როგორც საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე “ნეტგაზეთს” ეუბნება, საარჩევნო ბლოკის შექმნის მოტივი ძირითადად ძალების გაერთიანებაა, რათა, მაგალითად, პარტიამ ბარიერის გადალახვა მოახერხოს. ენმ-ის შემთხვევაში კი ისეთ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად ბლოკში გაერთიანების მოტივაცია, რომელიც პოლიტიკაში თითქმის არ ჩანდა, ხმალაძის შეფასებით, შესაძლებელია იყოს ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში კომისიის ერთით მეტი წევრის დანიშვნის უფლების მიღება. საინტერესოა, რომ “ქართულ ოცნებას”, მიუხედავად იმისა, რომ ენმ-ზე თითქმის ორჯერ მეტი ხმები დააგროვა, კომისიის მხოლოდ ერთი წევრის დანიშვნის უფლება ექნება, ენმ-ს ბლოკს კი – ორის.

როგორც “ნეტგაზეთს” ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლევან თარხნიშვილმა დაუდასტურა, პარტია “ევროპულ საქართველოსთან” ერთად ბლოკის სახით არჩევნებში მონაწილეობის მოტივაცია ენმ-ისთვის სწორედ ტექნიკური დეტალები იყო:

“ეს იყო ტექნიკური ბლოკი … ამით ჩვენ გვქონდა საშუალება, მიგვეღო დამატებითი დაფინანსება, დამატებითი წარმომადგენლები საარჩევნო კომისიაში”, – ამბობს თარხნიშვილი.

ვახტანგ ხმალაძე გვიხსნის, რომ რახან ენმ ბლოკის სახით შევიდა პარლამენტში, შესაძლებელია, დამატებითი ფრაქციის შექმნის შესაძლებლობაც გაუჩნდეს.

ფრაქცია პარლამენტის წევრთა გაერთიანებაა საერთო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. პარლამენტის რეგლამენტით, ერთი პარტიული სიით არჩეულმა ერთი პარტიის წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ ერთი ფრაქცია. პარლამენტის წევრს, გარდა მაჟორიტარი პარლამენტის წევრისა, თუ მისი პარტიის წევრებმა შექმნეს ფრაქცია, უფლება არა აქვს, იყოს სხვა ფრაქციის წევრი. მაჟორიტარებს კი ცალკე შეუძლიათ ფრაქციების შექმნა. მთავარია, ფრაქციის შესაქმნელი მინიმალური მანდატების რაოდენობა (6) ჰქონდეთ.

თუ ენმ-მ პარლამენტში მინიმუმ 6 მაჟორიტარი დეპუტატი ვერ შეიყვანა, პარტია პარლამენტში ფრაქციას საერთოდ ვერ დააკომპლექტებს მაჟორიტარი დეპუტატებისაგან. ამას გვიდასტურებს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი, ირმა პავლიაშვილიც.

მიუხედავად ამისა, ენმ-მ მინიმუმ 2 ფრაქცია მაინც შეიძლება შექმნას: საქმე ისაა, რომ ენმ-ის საარჩევნო ბლოკის პროპორციულ სიაში ჰყავს როგორც ენმ-ის წევრები, ასევე, უპარტიო კანდიდატები. ჩვენ ცესკოს წინასწარი მონაცემებით ვიცით, რომ ენმ პარლამენტში 27 დეპუტატს შეიყვანს პროპორციული სიით. ამ 27-დან 7 დეპუტატი უპარტიოა.

როგორც ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, იმის გამო, რომ პარლამენტის რეგლამენტში ფრაქციების დაკომპლექტების საკითხი საკმარისად მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, პარტიული სიით პარლამენტში შესული უპარტიო დეპუტატების მიერ ფრაქციის შექმნის გარდა, იმის თეორიული შანსიც არსებობს, რომ ენმ-ის წევრებმა (მინიმუმ 6-მა) დატოვონ პარტია და ბლოკში შემავალ მეორე პარტიაში, “ევროპულ საქართველოში” გაწევრიანდნენ, რაც მათ დამატებითი ფრაქციის შექმნის შესაძლებლობასაც მისცემდა.

კითხვაზე, თუ განიხილავენ პარტიაში ისეთ სცენარს, სადაც ენმ-ის რამდენიმე წევრი ფორმალურად დატოვებს “ნაციონალურ მოძრაობას” და “ევროპული საქართველოს” წევრი გახდება, თარხნიშვილი ამბობს: “ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია წინა პარლამენტში და ახლაც ნამდვილად არ ვაპირებთ”.

პარლამენტის რეგლამენტის 33-ე მუხლის თანახმად, ფრაქციებს უფლება აქვთ, პარლამენტის 15-ივე კომიტეტში კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურა წარადგინონ. ასევე, როგორც ვახტანგ ხმალაძე გვიხსნის, ფრაქციას ჰყავს თანამდებობის პირები, რომლებსაც დეპუტატებზე მაღალი ხელფასები აქვთ. ფრაქციას პარლამენტის ბიუროში ჰყავს წარმომადგენელი, რომელიც ბიუროს მიერ გადაყწვეტილების მიღებაში იღებს მონაწილეობას. ასევე, ფრაქციას აქვს თავისი საბიუჯეტო დაფინანსება, ჰყავს თავისი აპარატი, ემსახურება პარლამენტის ავტომანქანა, აქვს თავისი სამივლინებო ფონდი და ა.შ. “ფაქტია, რაც უფრო მეტია ფრაქცია, მით უფრო იზრდება პარლამენტის ხარჯი”, – ამბობს ხმალაძე და დასძენს, რომ დამატებითი ფრაქციების შექმნა არაეფექტურია, არ ემსახურება ზოგად პოლიტიკურ მიზნებს და, მისივე შეფასებით, ასეთ “ხელოვნური დაყოფას” ქვეყნისათვის სარგებელი არ მოაქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი