ახალი ამბები

წულუკიანი: მარნეულის ინციდენტში ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას მივესალმები

14 ოქტომბერი, 2016 • 1150
წულუკიანი: მარნეულის ინციდენტში ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას მივესალმები

საქართესო იუსტიციის მინისტრი, თეა წუკლუკიანი ამბობს, რომ მიესალმება პროკურატურის მოთხოვნას, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდოს მარნეულის ინციდენტში ბრალდებულებს.

ეს განცხადება თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეაში გააკეთა.

„როდესაც ამომრჩეველი ხელს აწევს პოლიციაზე, როდესაც ამომრჩეველი არ დაინდობს საკუთარი რაიონის პოლიციის უფროსს, რომელსაც ყბა აქვს გატეხილი, ასეთ რამეებს სახელმწიფო, თუკი ჩვენ სახელმწიფო ვართ, ვერ შეიწყნარებდა, არ შეიწყნარა და სწორედ სპეცრაზმის სამაგალითო ქცევის შედეგად, ჩვენ მარნეულში კენჭისყრის ღამეს თავიდან ავიცილეთ სერიოზული დაპირისპირება, რომელიც, როგორც ჩანს, ზოგიერთმა პროვოკაციულმა ძალებმა დაგეგმეს. ახლა უკვე საქმე არის სასამართლოს ხელში, ამიტომ ყველანაირი განცხადება, კომენტარი, თუ რას იზამს, რას გადაწყვეტს სასამართლო, არის ზედმეტი. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ საქართველოს პროკურატურა ითხოვს პატიმრობას აღკვეთის ღონისძიების სახით და მე ამ შუამდგომლობას, რა თქმა უნდა, მივესალმები.

“ქართული ოცნების”, როგორც ჩანს, გულშემატკივარი, რომელმაც ასევე გაუგონარი საქციელი ჩაიდინა კენჭისყრის ღამეს ჯიხაშკარში, ბრძანდება ციხეში და ამასაც მივესალმები,”- განაცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შსს-მ 8 ოქტომბერს მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანში, საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 6 პირი დააკავა.

მარნეულის რაიონში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის, ახმედ იმამკულიევის განცხადებით, სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებული პირები უდანაშაულონი არიან.

ადვოკატი კი აცხადებს, რომ მარნეულში დაკავებული ენმ-ის 3 აქტივისტი პოლიციის განყოფილებაში სცემეს.

8 ოქტომბერს მარნეულში, #48 უბანთან 18:40 საათზე სპეცრაზმი მივიდა. სპეცდანიშნულების რაზმის ადგილზე გამოძახება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც უბანზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა  და ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, ქვების სროლას და უბნის შენობის მინების ჩამსხვრევას.

მასალების გადაბეჭდვის წესი