ახალი ამბები

მღებრიშვილი: პოლიციელზე ხელის აღმართვას არავის ვაპატიებ

14 ოქტომბერი, 2016 • 1212
მღებრიშვილი: პოლიციელზე ხელის აღმართვას არავის ვაპატიებ

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, მარნეულში სპეცოპერაციისას დაკავებულებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არავის მიუყენებია.

მინისტრის განცხადებით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანში, საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებულები კრიმინალები არიან:

“პოლიტიკური ნიშნით დაკავება რას ნიშნავს?  ისინი არიან ჩვეულებრივი კრიმინალები, რომლებმაც გაბედეს და ხელი აღმართეს პოლიციელზე. მე დღემდე არავისთვის მიპატიებია პოლიციელზე ხელის აღმართვა და არც ამის შემდეგ ვაპირებ ვინმეს ვაპატიო.  არავითარ ზეწოლას, არავითარ ფიზიკურ ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია. ეს ყველაფერი გამოგონილია. ალბათ გაგიათ, რომ თავდასხმა საუკეთესო თავდაცვაა,” – განაცხადა  მღებრიშვილმა.

შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანში, საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 6 პირი დააკავა.

მარნეულის რაიონში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის, ახმედ იმამკულიევის განცხადებით, სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებული პირები უდანაშაულონი არიან.

ადვოკატი აცხადებს, რომ მარნეულში დაკავებული ენმ-ის 3 აქტივისტი ნაცემია. ტელეკომპანიის ჩართვაში მან თქვა, რომ ისინი პოლიციის განყოფილებაში სცემეს.

8 ოქტომბერს მარნეულში, #48 უბანთან 18:40 საათზე სპეცრაზმი მივიდა. სპეცდანიშნულების რაზმის ადგილზე გამოძახება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც უბანზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა  და ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, ქვების სროლას და უბნის შენობის მინების ჩამსხვრევას.

მასალების გადაბეჭდვის წესი