ახალი ამბები

სააკაშვილმა ახალი მთავრობა ჭიათურის სოფელ ხრეითში შეკრიბა

5 ივლისი, 2012 • 1137
სააკაშვილმა ახალი მთავრობა ჭიათურის სოფელ ხრეითში შეკრიბა

მიხეილ სააკაშვილი და მთავრობის ახალი წევრები ჭიათურაში, სოფელ  ხრეითში მოსახლეობას შეხვდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა და მთავრობის წევრებმა ჭიათურის ცენტრიდან სოფლამდე, 18 კილომეტრიანი მონაკვეთი ავტობუსით გაიარეს.


სოფელში შეკრებილ მოსახლეობას თავდაპირველად საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა და აღნიშნა, რომ აქამდე ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიუხედავად, საქართველოში კიდევ რჩება რეგიონები, სადაც გზისა და წყლის პრობლემებია.


სააკაშვილმა სოფელ ხრეითის  საჯარო სკოლის მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ სანამ საქართველოში გასარემონტებელი სკოლებია, მანამდე განათლების რეფორმის წარმატებაზე საუბარი ზედმეტია. სააკაშვილმა განათლების ახალ მინისტრს მოუწოდა, დაინტერესდეს რეგიონების სკოლების პრობლემებითა და მათთან მისასვლელი გზებით.


“უამრავი მასწავლებელია საქართველოში, რომელიც ათეულობით კილომეტრს გადის სკოლამდე მისასვლელად. ზოგი ტბაზეც კი გადადის ნავით ამისთვის. მოსახლეობას რაც შეეხება, ჩვენ კი ვამარაგებთ კომპიუტერებით და სახელმძღვანელოებით, მაგრამ ძალიან ბევრს ფეხსაცმლის ყიდვის საშუალებაც კი არ აქვს,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


მისი თქმით, ჭიათურის სოფელ ხრეითში არსებულ სკოლაში ვარდების რევოლუციის შემდეგ არაფერი გაუმჯობესებულა, რამდენიმე სკამისა და მერხის შეცვლის გარდა.


მიხეილ სააკაშვილმა სიტყვა საქართველოს ახალ პრემიერ–მინისტრსაც გადასცა. ვანო მერაბიშვილი მოსახლეობას გზის, წყლის, ინტერნეტისა და გაზის პრობლემების მოგვარებას შეპირდა. მისი თქმით, სოფლის მეურნეობაზე საქართველოს ბიუჯეტიდან დიდი თანხები უნდა დაიხარჯოს, რათა სოფელი უფრო მდიდარი გახდეს.


“აქ ხალხი უნდა იყოს ისეთ პირობებში, როგორშიც ქალაქშია. მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ინფორმაციასთან წვდომა, მუშაობისა და განათლების მიღების შესაძლებლობა. სოფელი იქნება უკეთესი, ვიდრე იყო. ჩვენ ყველა ჩვენს ვალდებულებას შევასრულებთ,” – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.


ჭიათურაში შეკრებილმა მოსახლეობამ პრეზიდენტს თხოვნითაც მიმართა. მათ სოფელში გზის პრობლემის მოგვარება და სკოლის რეაბილიტაციასთან ერთად, საბავშვო ბაღის აშენებაც ითხოვეს.  


მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხრეითი იქნება მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოგვარდეს არსებული პრობლემები მთიანი რაიონების სოფლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი