ახალი ამბები

რუსთავი 2-ის სტუდია ანბანის კოშკში

5 ივლისი, 2012 • 2547
რუსთავი 2-ის სტუდია ანბანის კოშკში

 

„ანბანის კოშკის“ ასაშენებლად გასული წლის ბიუჯეტში 60 მილიონი ლარი გამოიყო. წელს, ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ამ თანხას კიდევ 8, 746 მილიონი ლარი დაემატა. ამის მიუხედავად, გელა მახარაძე, ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსი ამბობს, რომ, ჯამში, „ანბანის კოშკისთვის“ დაიხარჯება არა 68, არამედ 62 მილიონი ლარი.

კოშკის აშენების მიზნით თანხა ბათუმის ბიუჯეტში შარშან პრეზიდენტის ფონდიდან ჩაირიცხა. წელს გამოყოფილი 8, 746 მილიონიც, სავარაუდოდ, ისევ პრეზიდენტის ფონდმა გაიღო ბათუმის ბიუჯეტისთვის.
2012 წლის 21 მაისამდე, ანუ დამატებითი 8, 746 მილიონის გამოყოფამდე, გეგმით გათვალისწინებული ერთ-ერთი სამუშაო – ტერიტორიის ფილებით მოპირკეთება, თითქმის დასრულებული იყო. კომპანია ბლექსი ჯგუფმა, რომელსაც ამ სამუშაოებისთვის 8, 746 მილიონი ლარი ორმოცი დღის წინ მისცეს, ტერიტორია ფილებით ნამდვილად მოაპირკეთა გასულ ზამთარს, დაახლოებით თებერვლისთვის (მოპირკეთების პროცესი „ბათუმელებმა“ ადგილზე დაათვალიერა).

თუ რა ოდენობის თანხით შეასრულა „ბლექსი ჯგუფმა“ სამუშაოები, საკმარისი იქნება თუ არა 8, 746 მილიონი „ანბანის კოშკის“ საბოლოოდ დასრულებისთვის? – საკითხის გასარკვევად კომპანიას დავუკავშირდით, თუმცა ამირან თავდგირიძემ, რომელიც ბათუმის მერიის მიერ შედგენილ დოკუმენტებში „ბლექსი ჯგუფს“ წარმოადგენს, ტელეფონს არ უპასუხა.

„ანბანის კოშკს სახელმწიფო დაცვა იცავს. დაცვის წევრები ამბობენ, რომ კოშკში ასასვლელი ლიფტის გასაღები მათ არ აქვთ. „მე ვინ მომცა გასაღები, თქვენ რომ შეგიყვანოთ. გასაღები ჟურნალისტებს აქვთ. ვინ ჟურნალისტებს და რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს. კოშკში რომ ახვიდე, ლიფტში უნდა შეხვიდე, ლიფტში კი იმიტომ ვერ შეხვალ, რომ გასაღები უნდა“, – კოშკში მოხვედრის ნებისმიერ შესაძლებლობას კატეგორიულად გამორიცხავს დაცვის თანამშრომელი.

უცნობია, ვისი განკარგულებით, მაგრამ ამ კოშკს, ჯერჯერობით, ერთადერთი მოსარგებლე ჰყავს – ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რომლის მფლობელი ლევან ყარამანაშვილი მიხეილ სააკაშვილის ახლო მეგობრის მეგობარია (ყარამანაშვილს „რუსთავი 2“-ის წილების 90 პროცენტი ეკუთვნის. ლევან ყარამანაშვილი და ბიზნესმენი რევაზ შარანგია რუსული კომპანია „მობიტელის“, იმავე „ბილაინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან). შესაბამისად, მილიონები, რაც „ანბანის კოშკის“ მშენებლობისთვის გაიღო სახელმწიფომ, ჯერჯერობით ერთი კერძო კომპანიის განვითარებაზე აისახა.

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ  „ანბანის კოშკში“ არსებული სატელევიზიო სტუდიის მოსაწყობადაც თანხა ბიუჯეტიდან დაიხარჯა. ერთადერთი ხარჯი, რაც „რუსთავი 2“-მა შეიძლება გაიღო ბათუმში სტუდიის ასამუშავებლად, სავარაუდოდ, მხოლოდ ვიდეოაპარატურაა.

რის საფუძველზე მაუწყებლობს „რუსთავი 2“ ბათუმის ანბანის კოშკიდან? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ბათუმში ორ უწყებას შეუძლია – ბათუმის მერიას, რადგან „ანბანის კოშკი“ მისი საკუთრებაა და ბათუმის ბულვარს – სულ ახლახან „ანბანის კოშკი“ მერიამ მართვის უფლებით სწორედ მას გადასცა.

„რუსთავის 2“-სთვის „ანბანის კოშკში“ არსებული სტუდიის გადაცემის საკითხზე განმარტება საზოგადოების, მათ შორის ბათუმის მერიის თანამშრომლებისთვის, დღემდე საჭიროდ არ ჩაუთვლია ბათუმის მერს, რობერტ ჩხაიძეს.

 რის სანაცვლოდ სარგებლობს „რუსთავი 2″ ანბანის კოშკით? – ეს კითხვა  ბათუმის „პრესკაფეში„ გამართულ საჯარო შეხვედრაზეც დაისვა, რომელშიც დაახლოებით 50 მოქალაქე იღებდა მონაწილეობას. მოქალაქეებს პასუხი არ მიუღიათ. თუმცა ცალსახად შეიძლება ერთი რამის თქმა – ბათუმის მერიამ თავისი ქონება „რუსთავი 2„-ს ქაღალდზე გაფორმებული ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშე გადასცა. 

ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსი გელა მახარაძე ხელშეკრულების აუცილებლობას ვერ ხედავს: „შეჭრილები რომ არ იქნებიან, ხომ ცხადია. ვის შეუთანხმდნენ, ნამდვილად არ ვიცი და სიმართლე გითხრათ, არც ვთვლი დიდ უბედურებად, თუ არ ვიცი. არც მალულ გარიგებად არ ვთვლი მაგას, რახან მე არ ვიცი ან კიდევ ვიღაცამ არ იცის მერიაში. იმიტომ არ ვთვლი ფარულ გარიგებად, რომ გამორიცხულია, მაგის უკან რამე იდგეს. ჩემი აზრით, ძალიანაც კარგია, რომ მაუწყებლობს იქედან. ეს არის ჩვენი გაკეთებული საქმეების პოპულარიზაცია“.
გელა მახარაძე კატეგორიულად გამორიცხავს „რუსთავი 2“-სთვის სტუდიის ჩუქებას. ის ამბობს, რომ „ანბანის კოშკი“ კვლავაც ბათუმის მერიის ქონებაა.

 

რატომ მიანიჭა უპირატესობა ბათუმის მერიამ კერძო ტელევიზიას, ამ შემთხვევაში „რუსთავი 2“-ს, მაშინ, როდესაც აჭარის ავტონომიის ხელისუფლებასაც აქვს ბიუჯეტიდან დაფინანსებული თავისი ტელევიზია. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ უკვე ტრადიციად იქცა, ყოველ საარჩევნო წელს ამ ტელევიზიასთან ოპოზიციის აქციები პოლიტიკური თოქ-შოუს მოწყობის მოთხოვნით. ტრადიციად იქცა ისიც, რომ აჭარის ტელევიზიის ყველა დროის ხელმძღვანელი ოპოზიციას ასეთი განმარტებით იშორებს თავიდან -„არ გვაქვს სტუდია და ვერ გავაკეთებთ პოლიტიკურ თოქ-შოუს“.

რატომ არ მისცეს ბათუმში არსებული სტუდიით სარგებლობის უფლება ბათუმის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ აჭარის ტელევიზიას, რომელიც ასევე ბათუმშია განთავსებული? თეა ცეცხლაძე, ტელევიზიის ამჟამინდელი დირექტორი ამას ფინანსებს უკავშირებს: „ჯერ არა, მაგრამ ვიცი, რომ არის ძალაში და შემიძლია, რომ ვისარგებლო. ვაპირებ, მივმართო. ჯერ არ ვარ ჩამოყალიბებული ამ საკითხის ირგვლივ იმიტომ, რომ ბიუჯეტზე ვარ დამოკიდებული და როგორც კი ამის საშუალება იქნება, ბუნებრივია, ვისარგებლებ“.

 

ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსი, გელა მახარაძე კი ამ შემთხვევაში „რუსთავის 2“-ის უპირატესობაზე საუბრობს: „აღიარებული ფაქტია, რომ რუსთავი 2 ერთ-ერთი წარმატებული ტელევიზიაა, ამიტომ ჩვენი ინტერესი იყო ამ ტელევიზიის მუშაობა ბათუმის სტუდიიდან. ჩვენი ინტერესია, პირველ რიგში, მაუწყებლობდეს იმ ობიექტიდან, რომელიც ერთ-ერთი სასურველი ობიექტია. კითხვა ყოველთვის ისმება უკუღმა, ის რატომ ერთვება. იმიტომ, რომ უპირველესად ჩვენი სურვილია, ტელევიზია ჩვენი აშენებული ობიექტიდან მაუწყებლობდეს, პოპულარული ტელევიზია“ (სტილი დაცულია).

„ანბანის კოშკში“, რომლის სიმაღლეც 140 მეტრია, ერთ სართულზე განთავსებულია მბრუნავი რესტორანი, ერთზე -სატელევიზიო სტუდია, ერთზეც – ობსერვატორია. არ მუშაობს რესტორანი, სათანადოდ არ არის აღჭურვილი ობსერვატორია, სატელევიზიო სტუდია კი მხოლოდ თორმეტ და სამსაათიან „კურიერს“ გადასცემს.

 

მიხეილ სააკაშვილი – ვისაც ეკუთვნის „ანბანის კოშკის“მშენებლობის იდეა, კოშკით აღფრთოვანებულია: „აქ იქნება სატელევიზიო სტუდიები, ძალიან მაგარი მოტრიალე რესტორანი. მაგრამ აქ მთავარი იდეა არის ქართული ანბანი. ქართული ანბანი არის ჩვენი დნმ და აქ ანძა არის გაკეთებული, როგორც გენეტიკური კოდი და თუ დააკვირდებით, ის არც ერთ სხვა ანძას მსოფლიოში არ ჰგავს. ეს პრაქტიკულად არის ქართული ანბანის დიდი მონუმენტი, რომელიც აქ იხსნება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი