ახალი ამბები

შსს: მარნეულში დაკავების ოპერაცია განხორციელდა კანონთან სრულ შესაბამისობაში

13 ოქტომბერი, 2016 • 1404
შსს: მარნეულში დაკავების ოპერაცია განხორციელდა კანონთან სრულ შესაბამისობაში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას აკეთებს და უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას მარნეულში ჩატარებული დაკავების სპეცოპერაციისა და დაკავებულების შესაძლო ცემასთან დაკავშირებით. უწყებაში აცხადებენ, რომ სამართალდამცავების მისამართით გამოთქმული ბრალდებები მხოლოდ შსს-ს დისკრედიტაციას ემსახურება.

“ზემოხსენებული პირების დაკავება მოხდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე. დაკავების ოპერაცია განხორციელდა კანონთან სრულ შესაბამისობაში და მიღებული საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. სამართლდამცველები მოქმედებდნენ საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.

აქვე შევნიშნავთ, რომ რამდენიმე პირმა დაკავებისას პოლიციას ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია. მათ მიმართ გატარებული იქნა კანონით გათვალისწინებული ზომები.

სინამდვილეს არ შეესაბამება ცალკეული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აღსანიშნავია, რომ არსებობს შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები, ოქმებისა და ფოტომასალის სახით.

გვსურს, ასევე გამოვეხმაუროთ ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ცრუ ბრალდებებსა და ინსინუაციებს ეფუძნება და სამართალდამცველების ღირსებას ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე შეურაცხყოფს.” – აცხადებენ შსს-ში.

ტელეკომპანაი რუსთავი 2-თან საუბარში დაკავებულების ადვოკატი აცხადებს, რომ სამივე აქტივისტი ნაცემია. ტელეკომპანიის ჩართვაში მათი ადვოკატი ამბობს, რომ ისინი პოლიციის განყოფილებაში სცემეს.

შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანში, საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 6 პირი დააკავა.

8 ოქტომბერს მარნეულში, #48 უბანთან 18:40 საათზე სპეცრაზმი მივიდა. სპეცდანიშნულების რაზმის ადგილზე გამოძახება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც უბანზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა  და ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, ქვების სროლას და უბნის შენობის მინების ჩამსხვრევას.

მასალების გადაბეჭდვის წესი