ახალი ამბები

ადვოკატი: მარნეულში დაკავებული 3 პირი სამართალდამცველებმა სცემეს

13 ოქტომბერი, 2016 • 1650
ადვოკატი: მარნეულში დაკავებული 3 პირი სამართალდამცველებმა სცემეს

ტელეკომპანაი რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ადვოკატი აცხადებს, რომ მარნეულში დაკავებული ენმ-ის 3 აქტივისტი ნაცემია. ტელეკომპანიის ჩართვაში მან თქვა, რომ ისინი პოლიციის განყოფილებაში სცემეს.

“მე შევხვდი 4 დაკავებულს, აქედან სამი არის ნაცემი პოლიციის განყოფილებაში, სადაც ისინი მიიყვანეს. ისინი დაექვემდებარნენ არასათანადო მოპყრობას.  მათგან ითხოვდნენ აღიარებას, რომ თითქოს მათ ნამდვილად ჩაიდინეს ის ქმედება, რომელსაც ედავებიან, და იმის გამო, რომ  პოლიციისთვის სასურველი ინფორმაცია არ მიაწოდეს, ამის შემდეგ ისინი სცემეს. 3 მათგანს აღენიშნება დაზიანება, მათ შორის სახის არეში”, – აცხადებს ადვოკატი.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა სახალხო დამცველის აპარატს, სადაც გვითხრეს, რომ მათ დაკავებულები უკვე მოინახულეს, თუმცა შეესაბემაბ თუ არა ადვოკატის მიერ გავრცელებული ცნობა სიმართლეს, ამაზე ჯერჯერობით ინფორმაციას არ ავრცელებენ.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა:

“ამ ხალხის დაკავება განხორციელდა კანონის შესაბამისად. პოლიცია მოქმედებდა კანონის ფარგლებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე.  რაც შეეხება თვითონ ამ პირებს, ყველანი იდენტიფიცირებული არიან და ამის შესახებ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები. ერთ-ერთმა პირმა, როდესაც პოლიციის სპეცრაზმი შევიდა დასაკავებლად, ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია. ადგილი ჰქონდა პოლიციელებზე თავდასხმას და სხვა ტიპის წინააღმდეგობასაც ჰქონდა ადგილი”, – განაცხადა ხუციშვილმა.

შსს მომხდარს კიდევ ერთი განცხადებით გამოეხმაურა და კატეგორიულად უარყო ცემის ფაქტი.

შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანში, საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 6 პირი დააკავა.

სამართალდამცავებმა  რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე 6 პირი: 1997 წელს დაბადებული რ.ზ., 1994 წელს დაბადებული მ.ნ., 1996 წელს დაბადებული ბ.მ., 1996 წელს დაბადებული ჰ.კ., 1992 წელს დაბადებული ვ.კ. და 1993 წელს დაბადებული ა.ნ. დააკავეს.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 163-ე [ საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა, რამაც არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის ანდა საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცესის ჩაშლა გამოიწვია,  ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე]  და 353-ე [პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე] მუხლით მიმდინარეობს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დროს განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. ისინი მოქალაქეებს საარჩევნო უბანში შეჭრისა და საარჩევნო ყუთის გატაცებისკენ მოუწოდებდნენ, ხოლო ადგილზე წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დაშავდა. თავდამსხმელებმა საარჩევნო ყუთის გატაცება ვერ შეძლეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იქნა პოლიციის დამატებითი ძალები. სამართალდამცველების ჩარევის შედეგად სიტუაცია განიმუხტა.”

მათი ადვოკატის ცნობით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

8 ოქტომბერს მარნეულში, #48 უბანთან 18:40 საათზე სპეცრაზმი მივიდა. სპეცდანიშნულების რაზმის ადგილზე გამოძახება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც უბანზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა  და ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, ქვების სროლას და უბნის შენობის მინების ჩამსხვრევას.

მასალების გადაბეჭდვის წესი