ახალი ამბები

საქართველოს დელეგაცია PACE-ში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციების კენჭისყრას არ დაესწრო

13 ოქტომბერი, 2016 • 1824
საქართველოს დელეგაცია PACE-ში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციების კენჭისყრას არ დაესწრო

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სხდომას, რომელზეც უკრაინის მხარმდაჭერ 2 რეზოლუციას უყარეს კენჭი, არ დაესწრო. ასამბლეამ რეზოლუციები მიიღო. დელეგაციის წევრების განმარტებით კი, ისინი ამ დროს შვეიცარიის დელეგაციას ხვდებოდნენ.

დელეგაციის წევრის, ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, შესაძლებელი იყო საქართველოს დელეგაციის გაფრთხილება:

“ჩვენ უკრაინას ყოველთვის ვუჭერთ მხარს. გუშინ ჩვენი იმ დროს დარბაზში არყოფნა იყო წმინდა ტექნიკური მომენტი. ასე ძალიან ხშირად ხდება ხოლმე სხვადასხვა დელეგაციასთანაც. დღეს გვქონდა ამაზე საუბარი კონკრეტულად ნადია სავჩენკოსთან. სესიაზე ყოველთვის მუდმივად ჯდომა არ არის აქ აუცილებლობა, მით უმეტეს, თუ შენი ქვეყნისთვის სხვა ამოცანებიც გაქვს გადასაწყვეტი. ჩვენ იმ წუთებში ხვდებოდით შვეიცარიის დელეგაციას და თუ უკრაინისთვის ჩვენი დარბაზში ყოფნა იყო მნიშვნელოვანი, შესაძლებელი იყო ჩვენი გაფრთხილება.” – განაცხადა კვაჭანტირაძემ “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” საუბარში.

დელეგაციის კიდევ ერთი წევრი, მანანა კობახიძე მომხდარის გარშემო გაჩენილ კითხვებს სპეკულციას უწოდებს. კობახიძის თქმით, იურიდიულ კომიტეტზე ქართულმა დელეგაციამ დაუჭირა მხარი რეზოლუციას, ისევე, როგორც უკრაინის მხრიდან მოთხოვნილ გარკვეულ ცვლილებებს. დელეგაციამ პლენარულ სხდომაზე დასწრება კი სხვა მნიშვნელოვანი შეხვედრის გამო ვერ მოახერხა.

საქართველოს დელეგაციამ დღეს, 14 ოქტომებრს მოაწერა ხელი უკრაინის მთავრობის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 13 ოქტომბერს გამართულ სხომაზე უკრაინის მხარდამჭერი 2 რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციები ყირიმის კონფლიქტს შედეგებსა და უკრაინის არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევას შეეხება.

დელეგაციის წევრებია არიან მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე და გუგული მაღრაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი