ახალი ამბები

მარნეულის საარჩევნო უბანზე ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს

13 ოქტომბერი, 2016 • 1412
მარნეულის საარჩევნო უბანზე ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს

შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანში, საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 6 პირი დააკავა.

სამართალდამცავებმა  რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე 6 პირი: 1997 წელს დაბადებული რ.ზ., 1994 წელს დაბადებული მ.ნ., 1996 წელს დაბადებული ბ.მ., 1996 წელს დაბადებული ჰ.კ., 1992 წელს დაბადებული ვ.კ. და 1993 წელს დაბადებული ა.ნ. დააკავეს.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 163-ე [ საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა, რამაც არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის ანდა საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცესის ჩაშლა გამოიწვია,  ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე]  და 353-ე [პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე] მუხლით მიმდინარეობს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დროს განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. ისინი მოქალაქეებს საარჩევნო უბანში შეჭრისა და საარჩევნო ყუთის გატაცებისკენ მოუწოდებდნენ, ხოლო ადგილზე წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დაშავდა. თავდამსხმელებმა საარჩევნო ყუთის გატაცება ვერ შეძლეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იქნა პოლიციის დამატებითი ძალები. სამართალდამცველების ჩარევის შედეგად სიტუაცია განიმუხტა.”

შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს სსკ-ს 162-ე პრიმა მუხლით აწარმოებს, რაც კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას, ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.

სამართალდამცველები, ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ.

8 ოქტომბერს მარნეულში, #48 უბანთან 18:40 საათზე სპეცრაზმი მივიდა. სპეცდანიშნულების რაზმის ადგილზე გამოძახება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც უბანზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა  და ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, ქვების სროლას და უბნის შენობის მინების ჩამსხვრევას.

მასალების გადაბეჭდვის წესი