ახალი ამბები

ვინ შეეწინააღმდეგება კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის ჩაწერას?

12 ოქტომბერი, 2016 • 1921
ვინ შეეწინააღმდეგება კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის ჩაწერას?

“ქართულ ოცნებას” პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის შეგროვების რეალური შანსი აქვს და ასეთ შემთხვევაში ერთ-ერთი ცვლილება, რომლის შეტანასაც მმართველი პარტია კონსტიტუციაში აპირებს, ქორწინების განსაზღვრების დამატებაა. რას ფიქრობენ ამ საკითხზე პარლამენტში შესული პარტიები და როგორ აპირებენ რეაგირებას ის ორგანიზაციები, რომლებიც ადამიანი უფლებების დაცვის საკითხზე მუშაობენ?

უკვე ცნობილია, რომ “ქართულ ოცნებას” მეცხრე მოწვევის პარლამენტში 67 დეპუტატი ჰყავს- 44 დეპუტატი პროპორციული სიიდან და 23 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი. წინ არჩევნების მეორე ტურია, არჩევნები 50 ოლქში უნდა გაიმართოს. ამდენად, თეორიულად “ქართულ ოცნებას” აქვს შანსი, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის აუცილებელი 113 მანდატი მოიპოვოს. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ “ოცნება” 113 მანდატს ვერ მიიღებს, მას საკონსტიტუციო ცვლილებისთვის იმ პარტიების წარმომადგენლების მხარდაჭერა დასჭირდება, რომლებმაც გადალახეს 5%-იანი ბარიერი და ესენი არიან  ენმ და პატრიოტთა ალიანსი.

“პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელი გოჩა თევდორაძე აღნიშნავს, რომ პარტია კონსტიტუციაში ქორწინების განმარტების არათუ მომხრე, ასევე, გარკვეულწილად, ინიციატორიცაა:

“ეს საკითხი რეგულირდება კონსტიტუციაზე რანგით უფრო დაბალი კანონმდებლობით, მიუხედავად ამისა, რაღაც ხარვეზებს მაინც აქვს ადგილი და კითხვები მაინც გვიჩნდება. თუ ჩვენ ამ საკითხზე მხარდაჭერას გამოვაცხადებთ, მხოლოდ იმის გამო, რომ ეს საკითხი სრულად გათვიცნობიერებული არაა. შესაბამისად, ვთვლით, რომ  დამატებით დარეგულირება უფრო მაღალი კანონმდებლობით, არაფერს შეუშლის ხელს, გარდა იმისა, რომ მეტ სიცხადეს შეიტანს”,- ამბობს ის.

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე – რა ხარვეზებზე არის საუბარი, გოჩა თევდორაძემ გვიპასუხა, რომ ამ საკითხს სამოქალაქო კოდექსი ცალსახად არ განსაზღვრავს და სხვაგვარი ფორმულირებაა. მას სურს, რომ კონსტიტუციაში გაჩნდეს ჩანაწერი შემდეგი ფორმულირებით – “ქორწინება განისაზღვროს ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით ურთიერთობად”.

სამოქალაქო კოდექსის 1106 მუხლი სწორედ ქორწინების ცნებას განმარტავს, რომელიც იმეორებს იმას, რისი ჩაწერაც კონსტიტუციაში გოჩა თევდორაძეს უფრო ნათელ განმარტებად მიაჩნია. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია.

სამოქალაქო კოდექსის ამ ჩანაწერს უსვამს ხაზს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ოთარ კახიძე, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი იქნება. იგი ამბობს, რომ პარტიაში ამ საკითხზე არ უმსჯელიათ, მაგრამ თავად არ აპირებს ამ ინიციატივას მხარი დაუჭიროს.

“ამ საკითხზე პარტიაში არ გვიმსჯელია, რადგან ეს არასერიოზული საკითხია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში წერია ქორწინების განმარტება, ამიტომ ხელისუფლებამ, რომელმაც 4 წელი გაატარა უსაგნო საუბარში და არც ერთი დაპირება არ შეასრულა, ახლაც ცდილობს იმ საკითხის აქტუალიზაციას, რომელიც აქტუალური არაა. ამავე დროს, ეს არის თემა, რომლითაც ოპერირებს რუსეთის ფედერაცია და ცდილობენ დასავლეთი გარყვნილების საფრთხედ წარმოაჩინონ. ესაა თემა, რომელიც ძირითადად შავრაზმელი პოლიტიკოსების ფავორიტი საკითხია, ყოველგავარ აქტუალობას მოკლებული, შავრაზმული და პრორუსული პროპაგანდის ნაწილია პირდაპირ”,- ამბობს კახიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

კონსტიტუციაში ქორწინების განმარტების ინიციატივით ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2014 წლის დასაწყისში გამოვიდა, როდესაც პარლამენტს ანტიდისკრიმინაციული კანონი უნდა მიეღო. მოგვიანებით ეს თემა დავიწყებას მიეცა, თუმცა 2016 წელს რამდენიმე საინიციატივო ჯგუფი აღნიშნულ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა, რაზეც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უარი თქვა იმ არგუმენტით, რომ ოკუპირებული ტერიტორიების გამო ქვეყანაში რეფერენდუმი ვერ ჩატარდება. პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” ისეთი უმრავლესობით შევა პარლამენტში, რომ კონსტიტუციაში ქორწინებაზე ჩანაწერს შეცვლიან.

ვინაიდან საკითხი უკვე წლებია განიხილება ქვეყანაში, ამ თემაზე ლგბტ და სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებს არაერთი განცხადება აქვთ გავრცელებული და საპროტესტო აქცია ჩატარებული. თუმცა ამ ეტაპზე, როდესაც განმარტების კონსტიტუციაში ჩაწერა საკმაოდ რეალური გახდა, სამოქმედო გეგმა ჯერჯერობით არ აქვთ.

არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ინიციატივას ადამინის  კონსტიტუციური უფლებების და თავისუფლებების შეზღუდვად მიიჩნევენ.

“იმ პირობებში, როდესაც საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო არ მოიცავს ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის პარტნიორული და სხვა პირადი და ქონებრივი უფლებების სამართლებრივად აღჭურვის შესაძლებლობებს, აღნიშნული ინიციატივა, რომელიც კონსტიტუციაში ქორწინების არაშეზღუდული დეფინიციის გაუქმებასა და დავიწროებას ისახავს მიზნად,  უნდა შეფასდეს, როგორც კონსტიტუციური სტანდარტებისა და ლგბტ პირთა უფლებრივი მდგომარეობის არსებითი გაუარესების მცდელობა. პოლიტიკური ინტერესებით კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა და მომავალში უფლების აღიარების რესურსის განადგურება გაუმართლებელია.

ცალსახაა, რომ აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება არა ოჯახებზე ზრუნვას, არამედ მიზანმიმართულია ლგბტ პირების უფლებათა არაღიარებასა და ერთი და იმავე სქესის ადამიანების პარტნიორული ურთიერთობების დაცვის აკრძალვისკენ.  მაშინ, როდესაც დემოკრატიული სახელმწიფოები წინ მიიწევენ ლგბტ პირთა პარტნიორული ურთიერთობების სამართლებრივი აღიარებისა და სოციალური მიმღებლობის განვითარებისკენ, საქართველოს მხრიდან აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილების მიღება ემსახურება დამატებითი შეზღუდვების, აკრძალვებისა და დისკრიმინაციის გამყარებას ლგბტ პირთა მიმართ,”- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი.

ერთი სქესის ადამიანთა ქორწინების და ამ საკითხის პოლიტიზაციის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი