ახალი ამბებიხელოვნება

18 ოქტომბერს ბორის აკუნინი თბილისში მკითხველს შეხვდება

12 ოქტომბერი, 2016 • 2435
18 ოქტომბერს ბორის აკუნინი თბილისში მკითხველს შეხვდება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, 18 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, გაიმართება ქართული წარმოშობის რუსი მწერლის, ბორის აკუნინის (გრიგოლ ჩხარტიშვილი) შეხვედრა მკითხველთან.

მწერალთან შეხვედრა თავისუფალია, თუმცა ადგილების რაოდენობა 250 ადამიანამდეა შეზღუდული. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. სამუშაო ენა ინგლისურია, უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი.

ორგანიზატორთა ცნობით, შეხვედრის მოდერატორია ლონდონში მოღვაწე ლიტერატურის კრიტიკოსი და კულტურის ჟურნალისტი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის პარტნიორი, მაია ჯაგი. შეხვედრის დასასრულს გრიგოლ ჩხარტიშვილს მიენიჭება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

გრიგოლ ჩხარტიშვილი, რუსი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, იაპონისტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე, ბორის აკუნინის ფესდონიმითაა ცნობილი. ის 1956 წელს საქართველოში, ზესტაფონში, დაიბადა. მისი ოჯახი მალევე გადავიდა საცხოვრებლად მოსკოვში, სადაც მწერალი გაიზარდა. სწავლობდა რუსეთში, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, აქვს ისტორიკოსის, იაპონიის მცოდნის დიპლომი. არის მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელი ინგლისური და იაპონური ენებიდან. გამოქვეყნებული აქვს როგორც ესეისტიკა („მწერალი და თვითმკვლელობა“ 1999), ისე ისტორიული ჟანრის ნაწარმოებები („რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“, 2013-იდან დღემდე) .

პირველი მხატვრული ნაწარმოები ბორის აკუნინის სახელით 1998 წელს გამოაქვეყნა. განსაკუთრებული პოპულარობა მწერალს მოუტანა ისტორიულ-დეტექტიური რომანების სერიამ ერასტ ფანდორინზე. მისი რომანები თარგმნილია მრავალ ენაზე და მრავალჯერაა ეკრანიზებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი