ახალი ამბები

1/2=3/4 – რატომ უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა

12 ოქტომბერი, 2016 • 3050
1/2=3/4 – რატომ უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა

იმის მიუხედავად, რომ მმართველმა პარტიამ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 1/2-ის მხარდაჭერაც კი ვერ მიიღო, პარლამენტში შეუძლია მანდატების 3/4 ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ყველა უბნის წინასწარი შედეგების მიხედვით, “ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული სისტემით ხმების 48,67 % მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 27,11%, ხოლო „პატრიოტთა ალიანსმა“ 5,01%.

მოქმედი საარჩევნო კოდექსით, საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატიდან 77 აირჩევა პროპორციული (პარტიული) სისტემით, ხოლო 73 – მაჟორიტარული წესით. ამასთან, მოქმედი საარჩევნო სისტემით, ჯამში, კონკრეტული პოლიტიკური პარტია პარლამენტში შედის არა იმ პროცენტული მონაცემის შესაბამისად, რაც მან არჩევნების შედეგად მიიღო, არამედ პროცენტული მაჩვენებელი გამოითვლება 77 პროპორციული მანდატიდან და მას ემატება გამარჯვებული მაჟორიტარების რაოდენობა.

შესაბამისად, პროპორციული წესით, მმართველი პარტია 44 მანდატს მიიღებს, „ნაციონალური მოძრაობა“ – 27 მანდატს, ხოლო „პატრიოტთა ალიანსი“ – 6 მანდატს. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 77-დან 23 მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა პირველივე ტურში გაიმარჯვეს. შესაბამისად, ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებას“ 67 მანდატი აქვს.  მეორე ტური 50 ოლქში უნდა გაიმართოს. საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაქმნელად “ქართულ ოცნებას” ჭირდება მინიმუმ 45 ოლქში გამარჯვება, აქედან ერთ ოლქში (#1 მთაწმინდის) “ქართულ ოცნებას” თავისი კანდიდატი არ ჰყავს, ვინაიდან მხარი დაუჭირა დამოუკიდებელ კანდიდატს – სალომე ზურაბიშვილს, რომელიც შესაბამისად, პოტენციურად შეიძლება მოიაზრებოდეს “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობის ნაწილად.

ერთ ოლქში უკვე ცნობილია, რომ მეორე ტურს გამოეთიშა ირაკლი ალასანია (გორის ოლქი) და, შესაბამისად, პარლამენტის მანდატს სავარუდოდ მიიღებს ისევ ქართული ოცნების კანდიდატი. რჩება ოთხი ოლქი, სადაც ორ  შემთხვევაში დამოუკიდებელი კანდიდატები მონაწილეობენ ( ცეზარ ჩოჩელი, მცხეთის ოლქში, აკაკი ჩხაიძე ჩოხატაური-ლანჩხუთის ოლქში ), ერთ შემთხვევაში- “მრეწველების” და ერთშიც – თავისუფალი დემოკრატების.

ჰიპოთეტურად თუ დავუშვებთ, რომ ამ ოთხ ოლქში გაიმარჯვებენ დამოუკიდებელი კანდიდატები და არა ქართული ოცნების წარმომადგენელი პარტიების კანდიდატები, რჩება 45 ოლქი, სადაც შესაძლოა ოცნების კანდიდატებმა მოუგონ ენმ-ის კანდიდატებს. ასეთ შემთხვევაში, მმართველი პარტია მიიღებს პარლამენტში 113 მანდატს, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობას.

რა შეიცვლებოდა იმ შემთხვევაში, თუკი მე-8 მოწვევის პარლამენტი მხარს დაუჭერდა “რეპუბლიკური პარტიის” მიერ პარლამენტში რეგისტრირებულ კანონპროექტს ე.წ. გერმანული მოდელის შესახებ?

მანდატები 2016 წლის არჩევნების წინასწარი შედეგებით
Create your own infographics

ამ მოდელით, კონკრეტული პარტიის მიერ მოპოვებული საპარლამენტო მანდატების რაოდენობა უფრო მიახლოებულია იმ პროცენტულ მაჩვენებელთან, რაც პარტიამ არჩევნების შედეგად მიიღო. ამასთან, პარტიის მიერ მიღებული პროპორციული და მაჟორიტარული მანდატები არ იკრიბება. კერძოდ, 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადამლახავი პარტიის/საარჩევნო ბლოკის კუთვნილი მანდატების რაოდენობა გამოითვლება ფორმულით: Ni = Mi X (150-P):M. ამ ფორმულაში Mi არის ამ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, P – მაჟორიტარული სისტემით იმ სუბიექტთა წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ზღურბლი, ხოლო M – იმ სუბიექტთა მიერ მიღებული ხმების ჯამი, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ზღურბლი.

ამ მოდელით, ქართული ოცნება პარლამენტში შეიყვანდა 88 დეპუტატს (დარჩენილი 50-დან 45 მაჟორიტარული ოლქის შემთხვევაში) და არა 113-ს, როგორც ეს დღევანდელი მოდელით ხდება.

 

გერმანული მოდელით, ენმ მიიღებდა 49 მანდატს, ხოლო დღევანდელი სისტემით იღებს მხოლოდ 27 მანდატს.

რაც შეეხება პატრიოტთა ალიანსს,  ნაცვლად 6 მანდატისა, მიიღებდა 9 მანდატს.

შესაბამისად, ე.წ. გერმანული მოდელით, პარლამენტში 150 დეპუტატიდან 88 იქნებოდა “ოცნების” წარმომადგენელი, 49 – ენმ-ის, 9 – პატრიოტების, 2 – დამოუკიდებელი დეპუტატი, 1 – მრეწველების, 1 – თავისუფალი დემოკრატების.

„რესპუბლიკელებმა“ გერმანული მოდელის შესახებ მომზადებული კანონპროექტი პლენარული სხდომის დღის წესრიგში ორჯერ შეიტანეს და ორჯერვე მოხსნეს დღის წესრიგიდან, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ ბოიკოტი ჰქონდა გამოცხადებული და პარლამენტში არ დადიოდა. იმ პერიოდში რესპუბლიკელების გარეშე “ქართულ ოცნებას” 72 დეპუტატი ჰყავდა, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ 78 დეპუტატი იყო, კანონის მისაღებად კი საჭირო იყო 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

„ჩვენ ამ მოდელთან მიმართებაში გახსნილები ვიყავით და ვთქვით, რომ თუ ხმები საჭირო იქნებოდა, მხარს დავუჭერდით. თუმცა რესპუბლიკელების მცდელობა მცდელობად დარჩა. მაშინ არ არსებობდა ხმათა რაოდენობა. მათ ეგონათ, რომ ხელისუფებასთან თამაშით რამეს მიიღებდნენ და არჩიეს, რომ ეს თემა მწვავედ არ აეწიათ. რომ ყოფილიყო მწვავედ აწეული, კონსოლიდაცია რომ ყოფილიყო, შესაძლებელია ეს პროექტი გასულიყო,” – ამბობს სერგო რატიანი, “ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანი.

გააუქმებს თუ არა მაჟორიტარულ სისტემას მეცხრე მოწვევის პარლამენტი?

ის, რომ 2016 და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემა არ არის გაუქმებული, „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ „დამსახურებაა“. მერვე მოწვევის პარლამენტში ორივე პარტიას ჰქონდა ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი. ხელისუფლების ვარიანტის მიხედვით, ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა 2020 წელს უქმდებოდა, ხოლო ოპოზიციის ვარიანტის მიხედვით, 2016 წლის არჩევნებისთვის. თუმცა, პარტიები რომელიმე ერთის დამტკიცებაზე ვერ შეთანხმდნენ და ორივე კანონპროექტი თაროზე შემოიდო.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს: „თუმცა ახლა მაგის დრო აღარ არის. სხვა რეჟიმია. ახლა მნიშვნელოვანია მეორე ტურებზე მოხდეს კონსოლიდაცია და ოლიგარქმა საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოიპოვოს. პარტიებმა, რომლებიც პროდასავლურ ძალად თვლიან, მგონი მიიღებენ გადაწყვტილებას და მეორე ტურში ღიად დაუჭერენ მხარს ნაციონალურ მოძრაობას,” – ამბობს სერგო რატიანი.

უცნობია, „ქართული ოცნება“ ისევ მზად არის საარჩევნო სისტემის შეცვლისთვის, თუ 2020 წელსაც სათავისოდ გამოიყენებს მოქმედ საარჩევნო სისტემას. პარტიის დეპუტატის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, ცვლილებებზე მსჯელობაა საჭირო:

„ერთად დავსხდებით და განვიხილავთ. ეს იქნება ძალიან ფართო კონსესუსის შედეგი საზოგადეობასთან და სხვა პარტიებთან ერთად. ეს არ იქნება ერთპიროვნული, ერთი გუნდის გადაწყვეტილება”.

„პატრიოტთა ალიანსში“ მიიჩნევენ, რომ ერთმანდატიანი სისტემა უნდა გაუქმდეს:

“ჩვენ დიდი ხანია ვაცხადებთ, რომ ერთმანდატიანი მარჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს. პარლამენტში მხარს დავუჭერთ [არსებულ] ინიციატივას. ხოლო თუ მასზე მსჯელობა არ დაიწყება, ჩვენ მოვახდენთ ინიცირებას,” – ამბობს გოჩა თევდორაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული ვარიანტის თანახმად, პარლამენტის წევრები აირჩევიან საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, პროპორციული საარჩევნო სისტემით, მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით. პროექტით, ეს ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამოქმედდება.

ხოლო ოპოზიციის მიერ  მომზადებული ვარიანტის მიხედვით, რომლის ინიცირებას ხელს 200 ათასი მოქალაქე აწერს,  2016 წლის არჩევნებისთვის პარლამენტი დაკომპლექტდება ერთიანი პროპორციული სისტემით არჩეული 75 და სამხარეო-პროპორციული სისტემით არჩეული 75 დეპუტატისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი