ახალი ამბები

ჯიხაშკარში საარჩევნო უბნების დარბევისათვის დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

11 ოქტომბერი, 2016 • 1750
ჯიხაშკარში საარჩევნო უბნების დარბევისათვის დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში 2 საარჩევნო უბნის დარბევის ფაქტზე დაკავებულ გია მხეიძეს 11 ოქტომბერს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დღეს, 8 ოქტომბერს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარის 108-ე და 79-ზე უბნებზე 10-მდე ადამიანი შეიჭრა და უბნები დაარბია. როგორც თვითმხილველი, 79-ე უბნის კომისიის წევრი გულნარა ბენდელიანი ამბობს, მათ მეთაურობდა მისი მეზობელი, გია მხეიძე, რომელმაც ფეხით შემოანგრია უბნის კარი. უბნის დარბევის შედეგად დაშავდა ორი საერთაშორისო დამკვირვებელი.

კიდევ ერთი თვითმხილველი, 79-ე უბნის დამკვირვებელი, შორენა ლათათია, ორგანიზაცია “დემოკრატიული არჩევნების” წარმომადგენელი, გვიამბობს, რომ 8 ოქტომბერს, ღამის 12:00 საათისთვის ჯიხაშკარის 79-ე უბანზე შემოიჭრნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები და დაიწყეს მაგიდაზე მოთავსებული ბიულეტენების არევა. იმ დროისათვის დათვლის პროცესი არ იყო დასრულებული. ხოლო მას შემდეგ, რაც დამკვირველებმა ფაქტის ვიდეოგადაღება დაიწყეს, ერთ-ერთ დამკვირვებელს წაართვეს ტელეფონი, მეორე საერთაშორისო დამკვირვებელს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს  სსკ-ს 162-ეს პრიმა (კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა) და 163-ე მუხლებით (საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა). ასევე 163-ე უხლით მიმდინარეობს გამოძიება N 108-ე საარჩევნო უბნის დარბევასთან დაკავშირებითაც.

ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნებზე მომხდარი ფაქტების გამო 8 ოქტომბრს არჩევნები არ შედგა. ცესკო იმსჯელებს, ჩატარდება თუ არა ხელახალი არჩევნები ამ ორ უბანზე. გია მხეიძის წინასასამართლო სხდომა კი  30 ნოემბერს, 12 საათზეა ჩანიშნული.

მასალების გადაბეჭდვის წესი