ახალი ამბები

ნიკა გილაურის გადაწყვეტილება უცნობია

2 ივლისი, 2012 • 2708
ნიკა გილაურის გადაწყვეტილება უცნობია

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი „ნეტგაზეთან“ საუბარში აცხადებს, რომ ნიკა გილაურის გადაწყვეტილების შესახებ არ იცის და ამ საკითხზე ინფორმაცის გავრცელება მის კომპეტენციაში არ შედის. სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ მთავრობის საპარტნიორო ფონდში.      

 

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გილაურს  მთავრობის საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანლობა 2012 წლის 30 ივნისს შეთავაზა, როცა გილაური პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შინაგან საქმეთა მინისტრით –  ვანო მერაბიშვილით შეცვალა.

 

მთავრობის საპარტნიორო ფონდის შექმნის ინიციატივით ნიკა გილაური 2011 წლის თებერვალში გამოვიდა, თუმცა საბოლოოდ სს „საპარტნიორო ფონდი“ სახელმწიფომ 100%-იანი წილით 2011 წლის 28 ივნისს დააფუძნა.

 

ფონდის მმართველობითი ორგანოებია: სამეთვალყურეო საბჭო და აღმასრულებელი ორგანო, ხოლო საკონსულტაციო ორგანოა საინვესტიციო საბჭო. სამეთვალყურეო საბჭო შედგება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისაგან, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში არიან: იუსტიციის მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. 

 

2012 წლის 24 აპრილიდან კი, მთავრობის #152 დადგენილების შედეგად, სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში საბანკო სექტორის წარმომადგენლები შევიდნენ, კერძოდ: “ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორი ვლადიმერ გურგენიძე, “საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილე არჩილ გაჩეჩილაძე, “თიბისი ბანკის” პრეზიდენტი ვახტანგ ბუცხრიკიძე და “კორ სტანდარტ ბანკის” გენერალური დირექტორი გიორგი ღლონტი.

 

ფონდის აღმასრულებელი რგოლის ხელმძღვანელს ნიშნავს სამეთვალყურეო საბჭო. სამეთვალყურეო საბჭოს 2012 წლის 7 ივნისის კრების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით, ფონდს აშშ-ის მოქალაქე კახა ხიზანიშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც უცხოეთში გამგზავრებამდე პოლიციის აკადემიას ედგა სათავეში. 

 

30 ივნისს ამ ფონდის ხელძღვანელობა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ნიკა გილაურს შეთავაზა, თუმცა გილაური ამ თანამდებობაზე, მისი თანხმობის შემთხვევაში, სამეთვალყურეო საბჭომ უნდა დაამტკიცოს. მაგრამ მანამდე თავად სამეთვალყურეო საბჭოში უნდა განხორციელდეს ცვლილებები იქიდან გამომდინარე, რომ ახალმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ახალი მინისტრთა კაბინეტი უნდა წარადგინოს, საიდანაც ოთხი მათგანი- მთავრობის საპარტნიორო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდება. 

 

საპარტნიორო ფონდის მიზანია თანამშრომლობის განვითარება საჯარო და კერძო სექტორებს შორის საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და საქართველოს ეკონომიკის გასავითარებლად. ფონდი ოთხ სექტორში ფუნქციონირებს – ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, წარმოება და უძრავი ქონება.

 

საპარტნიორო ფონდის ფინანსური მონაწილეობა შეზღუდულია პროექტის ჯამური კაპიტალის 49 და პროექტის ჯამური ღირებულების –25 პროცენტამდე. დანარჩენი კაპიტალი სტრატეგიული ინვესტორის მიერ არის უზრუნველსაყოფი. ფონდის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული სესხები, კერძო სექტორიდან თანადაფინანსებით მოძიებული თანხები, პრივატიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები და ფონდის მიერ დაფუძნებული, სახელმწიფოს მიერ ფონდისთვის გადაცემული ან უშუალოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების და კომპანიების დივიდენდები.

მასალების გადაბეჭდვის წესი