ახალი ამბები

გოგუაძე “რესპუბლიკელებთან” კოალიციაზე: ჩვენ ყველამ ბევრი შეცდომა დავუშვით

10 ოქტომბერი, 2016 • 1416
გოგუაძე “რესპუბლიკელებთან” კოალიციაზე: ჩვენ ყველამ ბევრი შეცდომა დავუშვით

“ჩვენ ყველამ ერთად ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით,” – ასე უპასუხა “თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკურმა მდივანმა ნინო გოგუაძემ “ნეტგაზეთს” შეკითხვაზე – იყო თუ არა შეცდომა ის ფაქტი, რომ თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკური პარტია ერთად არ წარდგნენ ამომრჩევლის წინაშე.

” ყველა შეცდომას გავაანალიზებთ და ამ ანალიზის შემდეგ ვიმოქმედებთ. იყო ეს შეცდომა, არ იყო, შეიძლება იყო – შეიძლება არ იყო. მაგრამ დღეს ამ მოცემულობით მოვედით დღევანდელ დღემდე, ახლა დაფიქრების დროა. ჩვენ ვიცით ფიქრი და აუცილებლად სწორ დასკვნებს გამოვიტანთ აქედან,” – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

პარტიები, “თავისუფალი დემოკრატები” და “რესპუბლიკური პარტია” 2008-2009 წლებში ერთ ალიანსში გაერთიანდა, 2010 წელს კი კოალიცია დაიშალა.

კითხვას, შეცდომა იყო თუ არა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “თავისუფალი დემოკრატების” და “რესპუბლიკელების” ცალ-ცალკე მონაწილეობა, რესპუბლიკური პარტიის ლიდერიმა დავით უსუფაშვილმა შემდეგნაირად უპასუხა:

“არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, თითქოს ყველაფერი მარტივად ჩანს, თუმცა არჩევნებამდე დანახული რეალობა ბევრ რამეს შეიძლება სხვანაირად წარმოაჩენდა. ზოგჯერ გაერთიანება კარგ ეფექტს იძლევა, ზოგჯერ არა. თუ ჩვენი პარტიების შედეგებს დავაჯამებთ, გამოდის, რომ პარლამენტში შევდიოდით, თუმცა, თუ ერთად გავიდოდით არჩევნებზე, რთული სათქმელია – ამ შედეგს მივიღებდით, უფრო მეტს თუ ნაკლებს. არჩევნების წინ პროგნოზის გაკეთება რთულია,” – თქვა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, სასურველია, რომ ზოგადად, ასეთი იდეოლოგიის და პოლიტიკური პლატფორმის პოლიტიკოსებმა და ამომრჩევლებმა მეტი კონსოლიდირება მოახდინონ.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, “თავისუფალმა დემოკრატებმა” ხმების 4.62 % მიიღეს,  ხოლო “რესპუბლიკურმა პარტიამ” – 1.55 %.

არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლის  გადაწყვეტილება მიიღო, პოლიტიკოსი არც არჩევნების მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას. რამდენიმე საათით ადრე პარტია დატოვა გენერალურიმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი