ახალი ამბები

ცესკოს პრესსპიკერი: ამ ეტაპზე პატრიოტებს 88 132 ხმა და 4.998% აქვს მიღებული

10 ოქტომბერი, 2016 • 1610
ცესკოს პრესსპიკერი: ამ ეტაპზე პატრიოტებს 88 132 ხმა და 4.998% აქვს მიღებული

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის ცნობით, დღის 15:00 საათისათვის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ 88 132 ხმა აქვს მიღებული უბნების 99.92%-ის დათვლის შედეგად, რაც საერთო ხმების 4.998%-ია. მისივე თქმით, თუკი აღნიშნული მონაცემი არ შეიცვლება, მაშინ ცესკო იმჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, 4.998% არის თუ არა ბარიერის გადალახვის საფუძველი.

„ცესკო ამუშავებს მონაცემებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს თითოეული მონაცემის შემოწმების პროცესი. გარდა ამისა, ოლქებში არის შეტანილი საჩივრები და მიმდინარეობს საჩივრების განხილვის პროცესი. რა თქმა უნდა, მოცემული მონაცემები არ არის საბოლოო, იქიდან გამომდინარე, რომ კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, 18 დღის განმავლობაში იქნება ცნობილი თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მეასედების და მეათასედების ჩათვლით”, – ამბობს ანა მიქელაძე.

როგორც ანა მიქელაძე განმარტავს, ამ ეტაპზე საქართველოს პატრიოტთა ალიანსს მიღებული აქვს 88 132 ხმა, – 4.998%. მისი თქმით, პროგრამამ, რომელიც ცესკოს საიტზე უჩვენებს მონაცემებს, ავტომატურად დაამრგვალა მონაცემი. “თუმცა ამ მონაცემებით, ეს 4.998% არის თუ არა საკმარისი იმისათვის, რომ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” გადალახოს 5%-იანი ბარიერი, თუკი მონაცემები არ შეიცვლება, ამაზე საარჩევნო ადმინისტრაცია იმსჯელებს”, – ამბობს ცესკოს პრესსპიკერი.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რამდენიმე საათის წინ განაახლა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ისე, რომ უცვლელად დატოვა მანამდე დათვლილი უბნების რაოდენობა. დღეს, 12 საათისთვის ჩვენ ცესკოს ვებ-გვერდიდან გადავიღეთ სქრინი, რომელიც ასახავს უბნების 99.92%-ის დათვლის შედეგებს და რომელშიც წერია, რომ პატრიოტებმა მიიღეს 88 032 ხმა, ანუ საერთო მიღებული ხმების – 1 762 975 ხმის 5%, თუმცა რეალურად, ეს იყო ხმების 4.99%.

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა აღნიშნული უზუსტობის გამორკვევა დაიწყეს, ცესკომ მონაცემი შეცვალა. კერძოდ, 14:10 საათის მდგომარეობით, დათვლილია ისევ უბნების 99.92%, თუმცა ამჯერად 88 132 ხმა მიიღეს პატრიოტებმა, რაც ამჯერად საერთო მიღებული ხმების – 1 763 194 ხმის 5% მაინც არ გამოდის, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ამ პარტიას უნდა ჰქონდეს 88 159 ხმა.

ანა მიქელაძე განმარტავს, რომ ზოგიერთ საარჩევნო უბანს აქვს თავისი შესწორების ოქმებიც: „პირველ ეტაპზე იტვირთება შემაჯამებელი ოქმები საუბნო საარჩევნო კომისიიდან და მას მოჰყვება შესწორების ოქმები ახსნა-განმარტებით და იტვირთება ეს მონაცემებიც. ამიტომაც იცვლება მონაცემები, მოწმდება, და იქ, სადაც არის შესწორების ოქმი, რომელსაც აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც უბნების შემაჯამებელი ოქმის ძირითად ნაწილს, ეს მონაცემებია შესული. მხოლოდ ეს არის“, – ამბობს ცესკოს პრესსპიკერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი