ახალი ამბებიკომენტარი

ეგზიტპოლი საზოგადოებრივ მაუწყებელზე 2%-ზე მეტი ცდომილებით

10 ოქტომბერი, 2016 • 2397
ეგზიტპოლი საზოგადოებრივ მაუწყებელზე 2%-ზე მეტი ცდომილებით

სულხან სალაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი


 


2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნების 99.92% შედეგები დაითვალა უკვე. შესაბამისად, ძნელი წარმოსადგენია დარჩენილმა 0.8% მოსალოდნელზე მეტი რამ შეცვალოს. ყოველ შემთხვევაში იმ ეგზიტპოლთან მიმართებაში, რომლის კონსორციუმის წევრიც საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო, ეს შედეგები ნამდვილად არ შეიცვლება.

დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა ის, რომ ისეთ მნიშვნელოვან და საეტაპო არჩევნებზე როგორიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო, ეგზიტპოლი იოლად გახდება მანიპულირების და წინასწარ მოწყობილი ზეიმის საფუძველი. ეს ფაქტი ორივე ეგზიტპოლმა დაადასტურა. „ნაციონალური მოძრაობა“ „რუსთავი 2“-ს ეგზიტპოლის შედეგებს უცხადებდა ნდობას, „ქართული ოცნება“ კი კონსორციუმის („იმედი“, “GDS”, „მაესტრო“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“) მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს. თუმცა, რეალურად ცესკოს შედეგების მიხედვით ორივე შორს დარჩა დასაშვები ცდომილებისგან. მხედველობაში მაქვს 2%-ანი გადახრა რომელიც სხვაობის თვალსაზრისით ჭერი უნდა ყოფილიყო ცესკოს და ეგზიტპოლის შედეგებს შორის.

„რუსთავი 2“-ს მიერ ჩატარებული ეგზიტპოლი ნაკლებად მაღელვებს, მაგრამ მე როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა რამდენიმე საინტერესო ციფრი მინდა გაგიზიაროთ იმ ეგზიტპოლთან დაკავშირებით, რომელში მონაწილეობაც თავიდანვე დიდი შეცდომა იყო. მიუხედავად საზოგადოების ერთი ნაწილის რჩევისა და სამეურვეო საბჭოს ორი წევრის წინააღმდეგობისა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეცდომა (თუ შეცდომაზე უფრო მეტი არა) მაინც დაუშვა. ციფრები რასაც ქვემოთ ნახავთ, ნათლად დაგარწმუნებთ, თუ რატომ არ იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ადგილი იმ კონსორციუმში, რომელმაც TNS-ს ეგზიტპოლის ჩატარება დაუკვეთა და რატომ უნდა დაივიწყოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეგზიტპოლებში მონაწილეობაზე ფიქრი.

დავიწყოთ პროპორციული საარჩევნო სიტემის შედეგების შედარებით. TNS-ის ეგზიტპოლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,2% მიიღო. ნაციონალურმა მოძრაობამ – 19,5%. სინამდვილეში კი ცესკოს შედეგების მიხედვით „ქართული ოცნების“ მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ხმების რაოდენობა 48,6% შეადგენს, „ნაციონალური მოძრაობისა“ – 27,14%-ს. შესაბამისად, TNS-ის ეგზიტპოლის შედეგების ცდომილება ორივე სუბიექტთან მიმართებაში დასაშვებ 2% მეტი გამოვიდა. ქართული ოცნების შემთხვევაში ეს ცდომილება 4,6%-ია. ხოლო ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში 7,64%.

ციფრები კიდევ უფრო განსხვავებულია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებთან მიმართებაში. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, TNS ეგზიტპოლს მაჟორიტარული წესით 10 ოლქში ატარებდა. შედეგად, TNS-ს მიერ 10 მაჟორიტარული ოლქის მიხედვით წარმოდგენილი ეგზიტპოლის შედეგები 40 მაჟორიტარობის კანდიდატს ეხება (თითო ოლქში 4 კანდიდატი). აღნიშნულ 40 კანდიდატთან მიმართებაში TNS მხრიდან წარმოდგენილი ინფორმაცია 22 კანდიდატის შემთხვევაში, სცილდება დასაშვები 2%-ანი ცდომილების ზღვარს. სხვადასხვა კანდიდატებთან მიმართებაში ცდომილება იწყება 2,19% და 13,28%-ს აღწევს. თუმცა, ეს არ არის ყველაფერი, TNS-ს მიერ 10 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების ცესკოს შედეგებთან შედარება მოწმობს, რომ კონსორციუმის ეგზიტპოლმა პირველ და მეორე ადგილზე გასულ კანდიდატებს შორის, ათივე მაჟორიტარულ ოლქში დასაშვებ 2%-იან ცდომილებაზე დიდი სხვაობა აჩვენა.

ამდენად, ზემოთ მოყვანილი ციფრები რომ შევაჯამოთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მონაწილოებით შექმნილი კონსორციუმის  ეგზიტპოლის შედეგები  შორს დარჩა ცესკოს ოფიციალური შედეგებისგან. სანაცვლოდ, საზოგადოებრივმა მაუწყებელი გახდა იმ თამაშის მონაწილე, რომლის წევრობაც საერთო არაფერში სჭრიდებოდა. გამართლდა შიში და ურყოფითი მოლოდინი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან პოლუსირებულ მედია გარემოში რომელიმე მხარესთან ერთად პროცესის მონაწილედ ქცევა არაფერ კარგს არ შემატებდა მაუწყებლის იმიჯს და დამოუკიდებლობას.

ახლა უპასუხოდ ორი კითხვა რჩება. პირველი – რითი აიხსნება ეგზიტპოლსა და ოფიციალურ შედეგებს შორის არსებული დასაშვებზე მეტი ცდომილება? და მეორე – ვინ აგებს პასუხს ამ ცდომილებაზე? პირველ კითხვაზე პასუხი ნაკლებად მაინტერესებს. მეორე კითხვაზე პასუხი კი ძალიან მნიშვნელოვანია!

მასალების გადაბეჭდვის წესი