ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე ცესკოში მივიდა თამარ ჟვანიასთან შესახვედრად

10 ოქტომბერი, 2016 • 1678
ნინო ბურჯანაძე ცესკოში მივიდა თამარ ჟვანიასთან შესახვედრად

დღეს, 10 ოქტომბერს, 12:40-ზე ნინო ბურჯანაძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მივიდა ცესკოს თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შესახვედრად.

ბურჯანაძის თქმით, ის არჩევნების მიმდინარეობისას საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევების შესახებ აპირებს ესაუბროს თამარ ჟვანიას: „მაქვს შესაძლებლობა, შევხვდე ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას, და ვაჩვენო კონკრეტული დოკუმენტები, რომლებიც ასახავს დარღვევბს საარჩევნო უბნებზე“, – ამბობს ბურჯანაძე და მაგალითად მოჰყავს, მისი თქმით, ისეთი უბნები, სადაც დარღვევები დაფიქსირდა:

„მთაწმინდის რაიონში 31-დან 30 უბნის მონაცემები არის დაუბალანსებელი. ვაკეში 67 უბანია, აქედან 28 – დაუბალანსებელი, – ანუ არ ემთხვევა მომსვლელის, ხმის მიმცემის და მიღებული ხმების რაოდენობა. სამგორში 104 უბნიდან – 41, ასევე, ოზურგეთში 49-დან 18 უბანი. 16 უბანზეზე დაკარგულია 56 ბიულეტენი, 2 უბანზე ჩაგდებულია 4 ბიულეტენი და ა.შ. ასეთი მონაცემი ძალიან ბევრია“, – ამბობს ბურჯანაძე.

„ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ამბობს, რომ ის მონაცემები, რაც მან თამარ ჟვანიას უნდა აჩვენოს, მიუთითებს იმაზე, რომ „გაცემული იყო პირდაპირი ბრძანება, რომ ბურჯანაძე არ უნდა გადასულიყო პარლამენტში“, – თქვა ბურჯანაძემ. მისი თქმით, თუკი „ქართული ოცნება“ გაიტანს საკონსტიტუციო ცვლილებას პრეზიდენტის პარლამენტის მიერ დანიშვნასთან დაკავშირებით, ეს „ამ ქვეყანას დააქცევს“.

ამ დროისათვის ცესკოს ოფიციალური მონაცემებით (ხმათა 99.92%-ის დათვლის შედეგად), „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიულ მოძრაობას“ ხმების საერთო რაოდენობის 3.54% აქვს მიღებული, რაც ნიშნავს, რომ ამ მონაცემებით, პარტია ვერ ლახავს 5%-იან ბარიერს და პარლამენტში ვერ ხვდება პროპოციული საარჩევნო სიით. ამავე მონაცემებით, პარლამენტში შემდეგი სამი პარტია იქნება წარმოდგენილი: ქართული ოცნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და საქართველოს პატრიოტთა ალიანსი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი