ახალი ამბები

ბურჭულაძის ბლოკი პარლამენტში ვერ შედის, თუმცა საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს – წინასწარი შედეგები

10 ოქტომბერი, 2016 • 1911
ბურჭულაძის ბლოკი პარლამენტში ვერ შედის, თუმცა საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს – წინასწარი შედეგები

პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკმა “სახელმწიფო ხალხისთვის” ცესკოს წინასწარი მონაცემებით პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, თუმცა სახელწმიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებს.

საქართველოს კანონმდებლობით, იმისათვის, რომ პოლიტიკურმა სუბიექტმა სახელმწიფო დაფინანსება მიიღოს, 3%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს, ცესკოს წინასწარი შედეგებით კი, პაატა ბურჭულაძის ბლოკს საერთო ხმების 3.45% აქვს მიღებული.

საქართველოს კანონმდებლობით, იმ სუბიექტისთვის, რომელიც 3%-იან ბარიერს გადალახავს, საბაზო დაფინანსების სახით წელიწადში 300 000 ლარია გათვალისიწნებული, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ბურჭულაძის ბლოკში ოფიციალურად ორი პარტიაა გაერთიანებული (“მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” და გიორგი ვაშაძის “ახალი საქართველო), ეს თანხა ორზე უნდა გაიყოს.

ბურჭულაძის ბლოკი ერთადერთი ახალი საარჩევნო სუბიექტია, რომელიც ამ არჩევნების შედეგების მიხედვით საბიუჯეტო დაფინანსებას იმსახურებს, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაფიქსირებული შედეგების გამო სახელმწიფოსაგან დაფინანსებას უკვე იღებენ სხვა ის პარტიები, რომლებიც ამჟამად 3%-იან ბარიერს ლახავენ: ლეიბორისტები, თავისუფალი დემოკრატები, პატრიოტთა ალიანსი, ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა, ქართული ოცნება, ენმ.

პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის მიხედვით, “პარტია, რომელიც იღებს დაფინანსებას ამ მუხლით დადგენილი წესით, მიიღებს საბაზო დაფინანსებაზე დანამატს საბაზო დაფინანსების 30%-ის ოდენობით, თუ ამ პარტიის ან შესაბამისი საარჩევნო ბლოკის მიერ იმ არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებზე − ყველა პარტიულ სიაში), რომლის შედეგების საფუძველზედაც მიიღო დაფინანსება, კანდიდატთა პირველ, მეორე და ყოველ მომდევნო ათეულში ერთიმეორისაგან განსხვავებული სქესი წარმოდგენილია სულ მცირე 30%-ით”. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კვოტირების ამ მოთხოვნას მხოლოდ თავისუფალი დემოკრატები აკმაყოფილებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი წლიურად დამატებით 90 000 ლარს მიიღებენ.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს ან მეტს, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 10%-ს ან მეტს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 1 000 000 ლარს არჩევნების ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად. ამ მოთხოვნას ჯერჯერობით მხოლოდ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა აკმაყოფილებენ, ჯერჯეორბით გაურკევველია პატრიოტთა ალიანსის საკითხი.

ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც არჩევნების საბოლოო შედეგებით პარლამენტში პროპორციული სიით კანდიდატებს შეიყვანენ, წლიური საბიუჯეტო დაფინანსების სახით 300 000-ლარიან საბაზო დაფინასნებაზე მეტს მიიღებენ. საბოლოო შედეგების გარკვევის შემდეგ ამ თანხას სპეციალური ფორმულით გამოითვლიან, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი იქნება პარლამენტში შექმნილი ფრაქციების რაოდენობაც. ცნობილია, რომ თუ საარჩევნო ბლოკი არჩევნებზე ხმების 6%-ს მიიღებს, მისი საბაზო დაფინანსება ორმაგდება და 600 000 ლარი ხდება. 6%-იან ბარიერს ჯერჯერობით მხოლოდ ენმ და “ქართული ოცნება ლახავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი