ახალი ამბები

რა პრობლემებია იმ სამ უბანზე, რომლის შედეგებსაც ცესკო არ აქვეყნებს

10 ოქტომბერი, 2016 • 1607
რა პრობლემებია იმ სამ უბანზე, რომლის შედეგებსაც ცესკო არ აქვეყნებს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დღევანდელი, 10 ოქტომბრის მონაცემებით, გამოქვეყნებული არ აქვს მხოლოდ სამი უბნის შედეგები. აქედან ორი უბანი ზუგდიდშია, ხოლო ერთიც- თბილისში.

როგორც “ნეტგაზეთს” ზუგდიდის #66 საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა განუცხადა, 79-ე და 108-ე უბანზე არჩევნები ჩაიშალა. ეს სწორედ ჯიხაშკარში არსებული უბნებია, რომლებიც უცნობმა პირებმა  დაარბიეს. შესაბამისად, ამ უბანზე ხმები კომისიამ ვერ დაითვალა.

ცესკოს ასევე არ აქვს გამოქვეყნებული, თბილისის, კონკრეტულად კი დიდუბის ოლქში, 26-ე უბნის ოქმი და მისი შედეგები. დიდუბის საოლქო კომისიის თავმჯდომარე ივანე ბურდულმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ 26-ე უბანი დალუქულ მდგომარეობაშია, რადგან საკონტროლო ფურცლებს შორის განსხვავება გამოვლინდა:

“იმ შემთხვევაში, თუ საკონტროლო ფურცლებს შორის განსხვავება გამოვლინდება, რომელიც არის ყუთში და ინახება თავმჯდომარესთან, კანონის თანახმად, ამ შემთხვევაში უბანი ლუქავს ამ ბიულეტენებს და მოაქვს საოლქო საარჩევნო კომისიაში. დღეს კომისია იმსჯელებს ამ საკითხზე. საკონტროლო ფურცლების სამი იდენტური ეგზემპლარი უნდა იყოს და ამ ეგზემპლარებში გადახაზული იყო რაღაცები. უბანმა განმარტა, რომ ეს იყო ტექნიკური ხარვეზით გამოწვეული”,- ამბობს ივანე ბურდული.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს პირველადი მონაცემებით, მმართველმა პარტიამ ხმების 48. 6% მიიღო, “ნაციონალურმა მოძრაობამ” კი- 27.14%, პატრიოტთა ალიანსმა – 5%. მაჟორიტარული წესით არჩევნებში მეორე ტური უნდა გაიმართოს 50 ოლქში.

მასალების გადაბეჭდვის წესი