ახალი ამბები

NDI მოუწოდებს პარტიებს, პატივი სცენ არჩევნების ოფიციალურ შედეგებს

9 ოქტომბერი, 2016 • 1415
NDI მოუწოდებს პარტიებს, პატივი სცენ არჩევნების ოფიციალურ შედეგებს

ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოსა და საარჩევნო დღის პროცესებს აფასებს. NDI-ის დამკვირვებელთა ჯგუფი აღნიშნავს, რომ პროცედურული დარღვევების და ცალკეულ უბნებზე დაფიქსირებული ძალადობის ფაქტების მიუხედავად, არჩევნების დღემ მისაღებ ვითარებაში ჩაიარა.

ინსტიტუტი საჭიროდ მიიჩნევს ყველა დარღვევის გამოვლენასა და სათანადო ქმედებას, თუმცა აღნიშნავს, რომ საერთო შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებს.

“საარჩევნო პროცესები მშვიდ გარემოში წარიმართა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ხმის დათვლის პროცესს ზოგიერთ შემთხვევაში არაკანონიერად შეუშალეს ხელი. ეს დაძაბულობა გარკვეულწილად გამოიწვია ურთიერთგამომრიცხავი ეგზითპოლების გამოცხადებამ. შედეგად პროცესები გადავიდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ, სადაც გაიმართა დემოსტრაცია. ამ ტიპის დაპირისპირებები ხელს უშლის იმ მოქალაქეების ნების გამოვლენას, რომლებმაც დემოკრატიულ პროცესებში მიიღეს მონაწილეობა და დააფიქსირეს თავისი ხმა,” – აცხადებს დელეგაციის წარმომადგენელი ანემი ნეიტს-უტებროკი აცხადებს.

NDI მიმართავს საარჩევნო სუბიექტებს და მოუწოდებს მათ, პატივი სცენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ხმის ოფიციალური დათვლის შედეგად მიღებულ მონაცემებს.

NDI-ის კვლევის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში ოთხი მთავარი საკითხი გამოიკვეთა: ძალადობისა და დაშინების შემთხვევები, საჩივრებსა და დარღვევებზე მიუკერძოებელი დროული რეაგირების და გადაწყვეტის მექანიზმებისადმი უნდობლობა; კამპანიის დაფინანსების კუთხით არსებული უთანასწორობა და ადმინისტრაციული რესურსის არასათანადოდ გამოყენება.

დელეგაციამ ასევე გამოყო რამდენიმე პრობლემური საკითხი, რომელიც დაკავშირებულია საარჩევნო კანონმდებლობასთან და ადმინისტრაციასთან, პარტიების კამპანიებთან და ქალებისა და უმცირესობების არასათანადო წარმომადგენლობასთან.

NDI-ის დელეგაციის განცხადებით, დღეს გამოქვეყნებული ანგარიში წინასწარ შეფასებას წარმოადგენს. NDI გააგრძელებს საარჩევნო პროცესის მონიტორინგს არჩევნების მეორე ტურის პროცესში და, შესაბამისად, წარადგენს შემდგომ ანგარიშებს.

საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში და წინასაარჩევნო და არჩევნების დღის მონიტორინგზე დაყრდნობით, NDI-ის დელეგაცია რეკომენდაციით მიმართავს სამოქალაქო საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს. მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტურის ჩატარებამდე:

  • პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა და აქტივისტებმა პატივი უნდა სცენ არჩევნების შედეგებს, იმის გათვალისწინებით, რომ ეს შედეგები აღიარებულია სანდო ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, ხმების პარალელური დათვლის და არჩევნებზე მონიტორინგის ანგარიშების მიხედვით. ამასთან, მათ თავი უნდა აარიდონ სპეკულაციებს, რომელიც ეგზიტ პოლების ურთიერთგამომრიცხავ შედეგებს და ცალკეულ ინციდენტებს ეფუძნება;
  • ცესკომ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს რეაგირება დარღვევებზე და ცალკეულ ოლქებში ხმის დათვლის პროცესის ხელის შეშლის ფაქტებზე და საჭიროებისამებრ გადაწყვიტოს განმეორებითი არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობა, განსაკუთრებით იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ამან შესაძლოა შედეგებზე მოახდინოს გავლენა;
  • პარტიის ლიდერებმა აქტიურად უნდა დაგმონ ძალადობის ყოველგვარი გამოვლინება მათი მხარდამჭერების მხრიდან;

დღეს საკუთარი ანგარიშის მოკლე აღწერა გამოაქვეყნა საერთაშორისო რესპუბლიკური უნივერსიტეტის (IRI) დელეგაციამაც.

საქართველოს პრემირ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა უკვე გადაუხადა მადლობა საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციების წარმომადგენლებს დადებითი შეფასებისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი