ახალი ამბები

მარგველაშვილი ამომრჩეველს არჩევნების მეორე ტურზე აქტიურობისკენ მოუწოდებს

9 ოქტომბერი, 2016 • 1120
მარგველაშვილი ამომრჩეველს არჩევნების მეორე ტურზე აქტიურობისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამომრჩევლებს 8 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურზე აქტიურობისკენ მოუწოდებს და სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, რომ ხმების დათვლის დროს გამოვლენილ დარღვევებზე პრინციპული და დროული რეაგირება მოახდინონ.

გუშინ, 8 ოქტომბერს საპარლამეტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, უბნების 82.55%-ის შედეგების თანახმად, “ქართული ოცნება” ხმების 49.26%-ს იღებს, ნაციონალური მოძრაობა – 26.46%-ს, ბარიერის გადალახვასთან ახლოს არის პატრიოტთა ალიანსი 5%-ით, ხოლო დანარჩენი პარტიები ბარიერს ვერ ლახავენ. რაც შეეხება მაჟორიტარებს, ასევე, წინასწარ შედეგებით, ოლქების დიდ ნაწილში მეორე ტურის გამართვა იქნება საჭირო.

„მინდა მადლობა ვუთხრა ქართულ საზოგადოებას, რომელმაც ძალიან აქტიურად მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ორი თვის განმავლობაში მოვუწოდებდითსაზოგადოებას აქტიურობისკენ და ის პროცენტი, რომელიც დაფიქსირდა  მონაწილეობის  თვალსაზრისით, არის ძალიან მნიშვნელოვანი.

წინასაარჩევნო გარემო და პროცესი, რომელიც დაახლოებით  თვენახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა  და აქტიური არჩევნების პროცესი იყო მშვიდი, კონსტრუქციული, თუმცა რიგი გამონაკლისებით, რომელიც  საერთო ფონს ნამდვილად არ ართულებდა და არ ცვლიდა.

სამწუხაროა, რომ არჩევნების შედეგების დათვლის პროცესში გამოვლინდა რამდენიმე სერიოზული სამართალდარღვევა, მათ შორის აგრესიული ქმედებები. ეს არის არა მარტო სამწუხარო, არამედ ამ პროვოკაციულ შემთხვევებს, რომლებიც რამდენიმე უბანზე მოხდა, სჭირდება დროული და ძალიან სწრაფი რეაგირება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები არ არის მხოლოდ 8 ოქტომბრის არჩევნები.

თითოეული ჩვენგანის მიზანია, რომ ეს არჩევნები შეფასდეს, როგორც მაღალი სტანდარტების. არჩევნები შეფასდება როგორც 8 ოქტომბრით, ასევე 8 ოქტომბრის ექსცესებზე და ინციდენტებზე დროული რეაგირებით და თუ როგორ მივალთ და ჩავატარებთ არჩევნების მეორე ტურს.

წინასწარი მონაცემებით მოლოდინია, რომ არაერთი მეორე ტური იქნება, შესაბამისად, კიდევ ერთხელ გთხოვთ ყველას, მეორე ტურებზეც იყოთ აქტიურები და თითოეულმა ამომრჩეველმა აჩვენოს თავისი ინტერესი და ჩართულობა ამ პროცესში, ისევე როგორც ეს აჩვენა 8 ოქტომბერს.

მოვუწოდებ შესაბამის სტრუქტურებს, მოახდინონ პრინციპული და დროული რეაგირება იმ დარღვევებზე, რომლებიც განხორციელდა შედეგების დათვლის პროცესის დროს.

ყველამ ერთად არ დავიშუროთ ძალისხმევა იმისთვის, რომ 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შევიდეს საქართველოს ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხით და სტანდარტით ჩატარებული არჩევნები,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი