ახალი ამბები

ნაცვლიშვილი: არჩევნების ხარისხი წინა არჩევნებთან შედარებით გაუარესებულია

9 ოქტომბერი, 2016 • 1578
ნაცვლიშვილი: არჩევნების ხარისხი წინა არჩევნებთან შედარებით გაუარესებულია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, 8 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები არ იყო “სამაგალითოდ ჩატარებული არჩევნები”:

“არჩევნების ხარისხი 2013-2014 წლებში ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით არის გაუარესებული და ეს არის ნათელი. ხმის მიცემის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა რიგ უბნებზე დაფიქსირდა საყურადღებო დარღვევები,” – აცხადებს ნაცვლიშვილი. მისი განცხადებით, დეტალურ ინფორმაციას დარღვევების შესახებ ორგანიზაცია საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის. დარღვევები ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება.

საია გმობს საარჩევნო უბნებზე მომხდარ ძალადობის ფაქტებს და რიგ შემთხვევეში სამართალდამცავთ არასათანადო ქმედებაზეც საუბრობს.

“მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არჩევნებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მთელი რიგი საკანონმდებლო ხარვეზები, რომელთა გადაწყვეტა საჭიროებს სისტემურ საკანონმდებლო ცვლილებებს. ეს არის უბრალო ლიტონი სიტყვები. ცვლილებები საჭიროა, რადგან შემდეგი არჩევნებიც არ იდგეს იმ გამოწვევების წინაშე, რომელთანაც 2016 წლის არჩევნები იდგა.”

ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ საუბნო კომისიებში მომუშავე პერსონალის შერჩევის წესი ასევე გადახედვას საჭიროებს.

საია აგრძელებს არჩევნების შემდგომი პროცესების მონიტორინგს.

მასალების გადაბეჭდვის წესი