ახალი ამბები

ნოდარ ჯავახიშვილი: “ქართუ ბანკი” სასამართლოს მიმართავს

26 ივნისი, 2012 • 1985
ნოდარ ჯავახიშვილი: “ქართუ ბანკი” სასამართლოს მიმართავს

„აღსრულების ეროვნული ბიურო ბიძინა ივანიშვილის აქციებს „ქართუ ბანკში“ ვერ დააყადაღებდა, რადგან ეს პიროვნება ამ აქციებს არ ფლობს. ჩვენ აღსრულების ეროვნულ ბიუროს პარასკევს, 22 ივნისს გავუგზავნეთ წერილი, რითაც ვაცნობეთ, რომ ივანიშვილი „ქართუ ბანკის“ არც ერთ აქციას არ ფლობს. ბანკის აქციების მფლობელი არის „ქართუ ჯგუფი“, ხოლო ამ ჯგუფის დამფუძნებელი ექვსი კომპანიაა.“

 

ნოდარ ჯავახიშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ „ქართუ ბანკის“ აქციონერების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ეროვნულ ბანკში ამ დრომდე არ გაგზავნილა. „ეროვნულმა ბანკმა „ქართუ ბანკის“ ბენეფიციარი მფლობელების შესახებ ინფორმაცია დღეს მოითხოვა.  ოფიციალურ წერილს ეროვნულ ბანკში ჩვენ ხვალ გავაგზავნით.“

 

როგორ განვითარდება მოვლენები „ქართუ ბანკში“ აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილების შემდეგ, ბანკის გენერალური დირექტორი კომენტარს ვერ აკეთებს. ნოდარ ჯავახიშვილი ამბობს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ. „ჩვენ მივმართავთ სასამართლოს, მაგრამ რა მოხდება ხვალ და ზეგ „ქართუ ბანკში“, ქვყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე პროგნოზს ვერ გავაკეთებ.“      

 

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს ,,ქართუ ჯგუფში”, აქციების 100%-ს სს “ქართუ ბანკში”, აგრეთვე, აქციების 21.7%-ს სს “პროგრეს ბანკში”. აღნიშნული ინფორმაცია აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაავრცელა.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო სამსახური “ქართუ ბანკს” 2011 წლის 19 ოქტომბერიდან ამოწმებს.

 

ეროვნული ბანკი “ქართუ ბანკში” ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით წამოყენებული ბრალდებისა და ბანკში ტოპმენეჯმენტის შეცვლის გამო შევიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი