ახალი ამბები

რ2-ის შეკვეთილი ეგზიტპოლით, პარლამენტში ოცნება, ენმ და პატრიოტები შედიან

8 ოქტომბერი, 2016 • 1501
რ2-ის შეკვეთილი ეგზიტპოლით, პარლამენტში ოცნება, ენმ და პატრიოტები შედიან

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით, კომპანია GFK-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნება იმარჯვებს. 20:00 საათზე რუსთავი 2-მა გამოაცხადა რესპონდენტთა 90%-ის მონაცემების დათვლის შედეგები. ცდომილება +/- 1.5%-ია.

ეგზიტპოლის პირველადი შედეგებით, მმართველმა პარტიამ – “ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობა” მიიღო ხმების 39.9%. ყოფილმა სახელისუფლებო პარტიამ – “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო ხმების 32.74%.

ეგზიტპოლის მიხედვით, მესამე ადგილზე გავიდა და ხმების 5.76% მიიღო საარჩევნო ბლოკმა  “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”.

ეგზიტპოლის მიხედვით, ლეიბორისტულმა პარტიამ მიიღო ხმების 4.21%, პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის – 3,25%;  “თავისუფალი დემოკრატები” – 3.21% , “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა” – 2.81%, სხვა პარტიები – 8.12%.

რუსთავი 2-ის ეგზიტპოლის შედეგები
Create bar charts

კომპანია GFK-ის დაკვეთით ეგზიტპოლის საველე სამუშაოები ჩაატარა კომპანია BCG-მ. 10 ათასი ამომრჩეველი გამოიკითხა 220 უბანზე. ეგზიტპოლი ჩატარდა 5 ქალაქში (ქუთაისში, რუსთავში, ბათუმში, ზუგდიდსა და გორში) და 5 რეგიონში (კახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთში, სამეგრელოში (ზემო სვანეთის გამოკლებით) და აჭარაში).

რუსთავი 2-ის დაკვეთით GFK-მ ეგზიტპოლი ჩაატარა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის დროს, რომლის პროგნოზი დაემთხვა ცესკოს მონაცემებს, მაგალითად, თბილისში დაინიშნა მერის არჩევნების მეორე ტური. ასევე, ამ კომპანიამ რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩაატარა ეგზიტპოლი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. მაშინდელი ეგზიტპოლით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა 66.7% მიიღო, ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ – 20.2%. ეს მონაცემები მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა რეალური შედეგებისგან, რაც ცესკომ გამოაქვეყნა საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

თუმცა ორგანიზაციამ GfK 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ეგზიტპოლი ჩაატარა“საზოგადოებრივი მაუწყებლის” დაკვეთით, რომლის მონაცემებიც რეალური შედეგებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. კერძოდ, ეგზიტპოლით  “ქართულ ოცნებას” ხმა მისცა ამომრჩეველთა 35%-მა, ხოლო “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 30%-მა. ცესკოს მონაცემებით კი, აღნიშნულ არჩევნებში “ოცნებამ” მიიღო ხმების 54.97%, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობამ” – 40.34%.

მასალების გადაბეჭდვის წესი