ახალი ამბები

საქართველოს რესპუბლიკური პარტია

8 სექტემბერი, 2016 • 2285
საქართველოს რესპუბლიკური პარტია

საქართველოს რესპუბლიკური პარტია 1978 წლის 21 მაისს დაფუძნდა, რომლის მიზანი იყო იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, პოლიტიკური პლურალიზმის დამკვიდრება, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა და საბაზრო ეკონომიკის ფორმირება.

1983-84 წლებში სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა დააპატიმრა პარტიის ოთხი დამფუძნებელი და ლიდერი – ვახტანგ ძაბირაძე, ლევან და დავით ბერძენიშვილები და ვახტანგ შონია. პარტიის კიდევ ერთი აქტიური წევრი ფრიდონ ჯაჯანიძე მოგვიანებით დააპატიმრეს. 1984 წლის 20 აპრილის განაჩენით საქართველოს სსრ უმაღლესმა სასამართლომ ფაქტობრივად ცნო რესპუბლიკური პარტიის არსებობა. „ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდის“ ბრალდებით პარტიის დამაარსებლები „ანტისაბჭოთა ორგანიზაციის, ე.წ. რესპუბლიკური პარტიის“ შექმნისათვის გაასამართლეს.

1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში რესპუბლიკელებმა 3 ადგილი მოიპოვეს უზენაეს საბჭოში, სადაც ოპოზიციური ფრაქცია „დემოკრატიული ცენტრის“ თანადამფუძნებლები იყვნენ.

1991-92 წწ ზამთრის გადატრიალების შემდეგ რესპუბლიკელები წარმოდგენილნი იყვნენ ხელისუფლების დროებით ორგანოებში – საკონსულტაციო და სახელმწიფო საბჭოებში (1992 წ.).

1992 წლის 11 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში ჩამოყალიბდა 10-კაციანი ოპოზიციური ფრაქცია „რესპუბლიკელები“.

1994 წელს რესპუბლიკური პარტიის, სახალხო ფრონტისა და „ქარტია-91“-ის შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა „გაერთიანებული რესპუბლიკური პარტია“, რომელმაც, თუმცაღა, დიდხანს ვერ იარსება. 1995 წლის 5 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში წარუმატებლობის შემდეგ რესპუბლიკური პარტია აღდგა როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზაცია.

1999 წლის მაისში რესპუბლიკურმა პარტიამ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან და მრეწველთა პარტიასთან ერთად ჩამოაყალიბა პოლიტიკური ალიანსი „ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსი – მესამე გზა“, რომლის ლოზუნგიც იყო „არც შევარდნაძე, არც აბაშიძე“. 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში ალიანსმა ამომრჩეველთა ხმების 4,46% მიიღო (ოფიციალური მონაცემებით) და ვერ გადალახა იმ დროისათვის უკვე 7%-მდე გაზრდილი საარჩევნო ბარიერი. ეს ალიანსი 2001 წლის ივლისში დაიშალა.

2001 წლის ოქტომბრის მიწურულს პარლამენტის წინ გამართულ მრავალათასიან მიტინგზე რესპუბლიკურმა პარტიამ წამოაყენა ლოზუნგი „საქართველო შევარდნაძის გარეშე“, რომელიც გაიზიარა 2002 წლის გაზაფხულზე ჩამოყალიბებულმა სამსუბიექტიანმა საარჩევნო ბლოკმა „ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატიული ფრონტი“ (სააკაშვილი-დავითაშვილის ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია, ზვიად ძიძიგურის „ეროვნულ ძალთა გაერთიანება – კონსერვატორები“). 2002 წლის 2 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატიულმა ფრონტმა“ მიიღო ხმების 24% თბილისში.

2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში ეს ბლოკი პირველ ადგილზე გავიდა (ეგზიტპოლებისა და პარალელური დათვლის მიხედვით – ხმების 27%-ით).

რესპუბლიკელებმა ჩათვალეს, რომ შევარდნაძისა და აბაშიძის ხელისუფლებათა წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ ამოიწურა ნაციონალურ მოძრაობასთან პოლიტიკურ ბლოკში ყოფნის საჭიროება და შესაძლებლობა. 2004 წლის ივნისში რესპუბლიკელები გაემიჯნენ სახელისუფლებო პარტიასა და მის ლიდერს მიხეილ სააკაშვილს და ოპოზიციაში გადავიდნენ. ოპოზიციაში გადასულ კონსერვატორებთან და პარლამენტის უპარტიო წევრებთან ერთად, რესპუბლიკელებმა 2005 წლის შემოდგომაზე ოპოზიციური ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტი“ ჩამოაყალიბეს.

2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის რესპუბლიკურმა და კონსერვატიულმა პარტიებმა ჩამოაყალიბეს საარჩევნო ბლოკი, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით ხმების 8,6% მოიპოვა და მეორე ადგილზე გავიდა (მმართველი პარტიის შემდეგ).

2006 წლის 10 ნოემბერს, მაროკოში გამართულ 54-ე კონგრესზე, საქართველოს რესპუბლიკური პარტია მიიღეს ლიბერალური ინტერნაციონალის (LI) წევრ-დამკვირვებლად; 2007 წლის 18-19 ოქტომბრის ბერლინის კონგრესზე კი საქართველოს რესპუბლიკური პარტია ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული და რეფორმისტული პარტიის (ELDR) სრულუფლებიანი წევრი გახდა.

2008 წლის შემოდგომიდან ქვეყანაში აღინიშნა პოლიტიკური პროცესის გააქტიურება. 8 დეკემბერს რესპუბლიკურმა პარტიამ და პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ახალი მემარჯვენეები“ („ახლები“) გააფორმეს შეთანხმება პოლიტიკური ალიანსის შექმნის თაობაზე. 2009 წლის 23 თებერვალს კი, რამდენიმეთვიანი კონსულტაციების შემდეგ ჩამოყალიბდა „ალიანსი საქართველოსთვის“ რესპუბლიკური პარტიის, ახლებისა და ირაკლი ალასანიას პოლიტიკური გუნდის შემადგენლობით და უკანასკნელის თავმჯდომარეობით.
„ალიანსმა მონაწილეობა მიიღო 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. 17 მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმოდგენილია რესპუბლიკური პარტიის 17 წევრი.
2012 წლის თებერვალში დაფუძნდა კოალიცია ქართული ოცნება, რომლის წევრი გახდა რესპუბლიკური პარტია, დანარჩენ ხუთ პარტიასთან ერთად, ესენია: ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო, თავისუფალი დემოკრატები, ეროვნული ფორუმი, კონსერვატიული პარტია, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს.

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა კოალიცია “ქართულმა ოცნებამ”, რის შედეგადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა დავით უსუფაშვილმა, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა. რესპუბლიკური პარტიიდან თინა ხიდაშელი იკავებდა თავდაცვის მინისტრის პოსტს, ხოლო პაატა ზაქარეიშვილი – შერიგების სახელმწიფო მინისტრის პოსტს. გარემოს დაცვის მინისტრზე დანიშნულმა გიგლა აგულაშვილმა კი რესპუბლიკური პარტია დატოვა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკური პარტია დამოუკიდებლად მიიღებდა 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას. ხიდაშელმა და ზაქარეიშვილმა კი მინისტრების პოსტები 2016 წლის ივლისში დატოვეს, რის შემდეგაც რესპუბლიკელებმა დამოუკიდებელი საარჩევნო კამპანია დაიწყეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი