Interviewsახალი ამბები

მიხეილ ბენიძე: იმედი მაქვს, საარჩევნო დღე მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაივლის

7 ოქტომბერი, 2016 • 2442
მიხეილ ბენიძე: იმედი მაქვს, საარჩევნო დღე მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაივლის

ხვალ, 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები იმართება. როგორ აპირებენ არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო დღეზე დაკვირვებას, როგორ აფასებენ წინასაარჩევნო გარემოს და რა მოლოდინები აქვთ ხვალინდელი დღის მიმართ- ამ საკითხებზე “ნეტგაზეთი” „სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელს, მიხეილ ბენიძეს ესუბრა:

რა რესურსებით აპირებთ არჩევნებზე დაკვირვებას და მოიცავთ თუ არა ყველა უბანს და ოლქს 8 ოქტომბერს?

ჩვენ არჩევნებს ვაკვირდებით დაახლოებით 1000-კაციანი მისიით. მათ შორის 850-მდე დამკვირვებელი გვეყოლება უშუალოდ საარჩევნო უბნებზე. გარდა ამისა, ყველა საოლქო კომისიაში დავაკვირდებით საარჩევნო პროცესს და ჩვენი 70 მობილური ჯგუფი იმოძრავებს  ყველა ოლქში და მიმდებარე ტერიტორიაზე იმისათვის, რომ არა მხოლოდ უბნებზე, უბნების მიღმაც დავაკვირდეთ პროცესს. გარდა ამისა, გვყავს დამკვირვებლები საზღვარგარეთის უბნებზე, 7 სხვადასხვა ქალაქში, ასევე გვყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დამკვირვებლებს შორის, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ, უბნების ადაპტირებულობის კუთხით რა მდგომარეობაა.

ყველა არჩევნებზე ჩვენ ხმების პარალელური დათვლის მეთოდს ვიყენებთ, ეს არის მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც დამკვირვებლები განთავსებული არიან შემთხვევით შერჩევით გამოვლენილ უბნებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ინფორმაცია, რასაც ჩვენ ამ დამკვირვებლებისგან ვაგროვებთ, შემდეგ ძალიან კარგად ასახავს სრულ სურათს. გარდა ამისა, ყველა ინციდენტის შესახებ ინფორმაციას გამოვაქვეყნებთ არჩევნების პორტალზე და ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც შეიძლება თავადაც დააფიქსიროს რამე დარღვევა, შეუძლია ამის შესახებ ინფორმაცია გამოგვიგზავნოს, მათ შორის ფოტო და ვიდეომასალა მიაბას.

საარჩევნო პროცესს ძირითადად სამი ორგანიზაცია აკვირდებით- “საია”, “საერთაშორისო გამჭვირვალეობა-საქართველო” და “სამართლიანი არჩევნები”, ხომ არ გამოყოფდით განსხვავებულ მიმართულებებს, რომლებსაც თქვენი ორგანიზაცია განსაკუთრებულად დააკვირდება?

“სამართლიანი არჩევნები”, როგორც ყოველთვის, ყველაზე უფრო სრულყოფილად ვახდენთ ამ დაკვირვებას ყველა მიმართულებით, მათ შორის წინასაარჩევნო პროცესში, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდეგ, თუმცა დანარჩენი დამკვირვებლებიც ყველა ამ პროცესს აკვირდებიან, უბრალოდ, “საერთაშორისო გამჭვირვალეობა- საქართველო” უფრო ორიენტირებულია ადმინისტრაციული რესურსების და პარტიების დაფინანსების მიმართულებით დარღვევებზე წინასაარჩევნო პერიოდში. “საია” იურიდიულ ასპექტებს აქცევს ყურადღებას, განსაკუთრებით- საარჩევნო სასამართლო დავებს.

ჩვენი განსხვავებულობა არჩევნების დღეს სწორედ გამოიხატება ხმების პარალელურ დათვლაში, ასეთი მეთოდოლოგიით არავინ სხვა არ ატარებს დაკვირვებას. ასევე ჩვენი მისია თავისი ზომით უფრო დიდია, ვიდრე სხვა დამკვირვებლების მისიები.

პრესკონფერენციისას ხაზი გაუსვით, რომ 2016 წლის წინასაარჩევნო გარემო უკეთესია, ვიდრე ეს 2012 წელს იყო, რას გამოყოფდით პოზიტიურ მოვლენად და რა რჩება კვლავ პრობლემად ამ საარჩევნო ციკლში?

დარღვევბი იყო, პრინციპში, ყველა მიმართულებით, მაგალითად, ზეწოლა-მუქარის შემთხვევბი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევბი, ამომრჩევლის მოსყიდვა და ა.შ. უბრლოდ, ამ დარღვევების რაოდენობა და მათი სიმწვავე იყო გაცილებით უფრო ნაკლები, ვიდრე ამას ვხედავდით წინა არჩევნებზე. ამიტომ ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ვითარება გარკვეულწილად გაუმჯობესებულია, თუმცა პრობლემური საკითხები მაინც რჩება. განსაკუთრებით პრობლემური იყო ბოლო დღეებში მომხდარი ძალადობრივი ფაქტები, თავდასხმა ოპოზიციის დეპუტატზე, ავტომობილის აფეთქება, ასევე, მაჟორიტარობის კანდიდატზე თავდასხმა და როცა მმართველი პარტიის აქტივისტები დაზიანდნენ. ეს ყველა შემთხვევა, რა თქმა უნდა, საგანგაშო იყო.

გარდა ამისა ჩვენთვის პრობლემური იყო ფარული ჩანაწერების გავრცელების ტენდენცია, რომელიც ნამდვილად მზარდი იყო არჩევნების პერიოდში და ჩვენი აზრით, მიმართული იყო არჩევნებისთვის მოსახლეობაზე გავლენის მოსახდენად.

რა მოლოდინები გაქვთ არჩევნების დღესთან დაკავშირებით, თუ არსებობს რეგიონები, რომლებიც განსაკუთრებული რისკის შემცველად გეჩვენებათ დაძაბულობის შექმნის თვალსაზრისით?

ძალიან გამიჭირდება რაიმე მანიპულაცია იმაზე წინასწარ, იქნება თუ არა განსაკუთრებული დარღვევები. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ძალიან მძიმე არჩევნების დღე არ იქნება. ნეგატიური ასპექტი შეიძლება იყოს “ეგზიტპოლები”, ვიცით, რომ ორი სხვადასხვა პოლი კეთდება და არის მოლოდინი, რომ პოტენციურად შეიძლება პოლიტიზებული იყოს ეს საკითხი და, ვთქვათ, განსხვავებული შედეგები დაიდოს, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს უკვე კენჭისყრის შემდეგ პროცესებზე. იმედი მაქვს, რომ მიუხედავად ამისა, ყველა პოლიტიკური ძალა განსაკუთრებული პასუხისმგებლბით მოეკიდება ამ პროცესს და თავისი ქმედებებით არ წაახალისებს რაიმე სახის დაპირისპირებას და სცენარის ძალადობრივ განვითარებას. იმედი მაქვს, რომ პოლიტიკოსებს ეყოფათ მოთმინება, დაელოდონ ოფიციალურ შედეგებს. მოვუწოდებდი ყველას, რომ დაელოდონ ხმების პარალელური დათვლის შედეგებს, რომელიც ზუსტი ინფორმაციაა უშუალოდ ოქმებიდან.

იქნება უფრო მეტი დაძაბულობის კერები, მაგრამ მე წინასწარი დასკვნებისგან თავს შევიკავებ და არც მათ დავასახელებ. მაინც იმედი მაქვს, რომ საარჩევნო დღე ჩაივლის პოზიტიურად და მნიშვნელოვანი დარღვევბის გარეშე.

მასალების გადაბეჭდვის წესი