ახალი ამბები

აუდიტის სამსახური ზურაბიშვილის მხრიდან ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვას სწავლობს

7 ოქტომბერი, 2016 • 1363
აუდიტის სამსახური ზურაბიშვილის მხრიდან ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვას სწავლობს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მთაწმინდის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე მოკვლევას იწყებს. როგორც აუდიტის სამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო სუბიექტის მხრიდან გაწეული ნებისმიერი სახის უფასო მომსახურება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა, ზურაბიშვილის ქმედებაც მოკვლევას საჭიროებს.

პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ზურაბ აზნაურაშვილი აცხადებს, რომ იმის მიუხედავად, მოახდენდა თუ არა მსგავსი მცირე სახის მომსახურება ამომრჩევლის აზრზე ზეგავლენას, დარღვევაზე რეაგირებას სამსახური აუცილებლად მოახდენს.

“აუდიტი უკვე გაეცნო ამ ინფორმაციას და დავინტერესდით. საქმის გარემოებები ამ დროისათვის უჩვენებს, რომ საქმეს სჭირდება შემდგომი მოკვლევა. რა ფორმით მოხდა აღნიშნული უფასო მომსახურების გაწევა: თავად გაიღო სალომე ზურაბიშვილმა, ფონდიდან გადაიხადეს, თუ თავად ფუნიკულიორის მეპატრონე კომპანიამ დაფარა – ამ ინფორმაციას დამუშავების შემდეგ დადგინდება, იყო თუ არა ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა.”

რა დრო დასჭირდება და რა გავლებას იქონიებს აუდიტის სამსახურის დასკვნა, როდესაც 8 ოქტომბერს უკვე საპარლამენტო არჩევნები ტარდება:

“მოკვლევას დრო სჭირდება, მაგრამ ზოგადად ნებისმიერი დარღვევის გამოკვლევა და მისი დასრულება მნიშვნელოვანია, რომ გაირკვესნ ექნებოდა თუ არა ამ ქმედებას გავლენა ამომრჩევლის არჩევანზე და იქონიებდა თუ არა ის გავლენას არჩევნების შედეგზე. შესაბამისად, ასეთი საქმეების დასრულება განსაკუთრებულად პრიორიტეტულია,” – აცხადებს აზნაურაშვილი.

ამომრჩევლისთვის მომსახურების უფასოდ გაწევა, საარჩევნო კოდექსით, ასევე მპგშ-ის კანონის 25-ე მუხლის 2 პრიმა  მუხლით, იკრძალება. საარჩევნო სუბიექტის მხრიდან მოქალაქისათვის ნებისმიერი სახის მომსახურების გაწევა უფასოდ ან შეღავათიან ფასად, პირდაპირ ან ირიბად, ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობად ჩაითვლება.

“ნეტგაზეთი” შეეცადა სალომე ზურაბიშვილის შტაბთან დაკავშირებას, თუმცა ისინი ამ დროისათვის ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 6 ოქტომბერს მთაწმინდაზე, კლუბ “ანდერვილის” მიმდებარე ტერიტორიაზე, საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი საღამო გამართა. მთაწმინდაზე ასასვლელად  მგზავრები საბაგიროს უფასოდ გადაჰყავდა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და “სამართლიან არჩევნებში” აცხადებენ, რომ საარჩევნო სუბიექტის მხრიდან მსგავსი ქმედება ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი