ახალი ამბები

უსუფაშვილი: როგორც ჩანს, ბევრ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდება

7 ოქტომბერი, 2016 • 1567
უსუფაშვილი: როგორც ჩანს, ბევრ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდება

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 1 დღით ადრე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, თბილისში, პარლამენტის ყოფილი შენობიდან პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეჯამებული შედეგების ნდობისაკენ მოუწოდა,  სამართალდამცავმა ორგანოებს – მიუკერძოებელი საქმიანობისაკენ, და აღნიშნა, რომ ეს არჩევნები განსაზღვრავს, თუ “საით წავა ქვეყანა”. 

“სულ მალე ეს შენობა ადგილს დაუთმობს თქვენ მიერ არჩეულ ახალ პარლამენტს. ამ შენობაშიც და იმ სხვა [ქუთაისის პარლამენტის] შენობაშიც ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ ახლად არჩეულმა პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა და გააგრძელოს ქვეყნის აღმშენებლობა. ამასობაში დასასრულს უახლოვდება საკმაოდ ხანგრძლივი და საკმაოდ დატვირთული საარჩევნო კამპანია. ხვალ, 8 ოქტომბერს, სახელმწიფო ძალაუფლება ერთი დღით  უკან გადაეცემა ქართველ ხალხს იმისათვის, რომ ხვალ საღამოს ქართველმა ხალხმა სახელმწიფო ძალაუფლება მიანდოს თავის ახალ რჩეულებს. ეს არის სახელმწიფოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი აქტი, რომლის მაღალ დონეზე განხორციელება ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობის საკითხია”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშვილს მიაჩნია, რომ აუცილებელია, ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა და პარტიამ ძალიან მკაფიოდ განაცხადოს, რომ აღიარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეჯამებულ შედეგებს და არ დააყრდნობს თავის მომავალ საქმიანობას საკუთარი კვლევების თუ საკუთარი გათვლების შედეგად მიღებულ რიცხვებს. “ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ უპირობოდ შეგვიძლია, ნდობა გამოვუცხადოთ ქართულ სახელმწიფოს და საარჩევნო ადმინისტრაციას, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა წინ პოლიტიკური თავისუფლებებისთვის, საარჩევნო დემოკრატიისთვის”, – აცხადებს უსუფაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო დაწესებულებებმა, – “ყველამ, და არა მხოლოდ სამართალდამცავმა ორგანოებმა, პირუთვნელად და მიუკერძოებლად შეასრულონ თავიანთი კონსტიტუციური ფუნქცია, ემსახურონ საქართველოს ქართულ სახელმწიფოს და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, მის ლიდერს ან სხვა მოსაზრებებს და ინტერესებს”.

დავით უსუფაშვილის აზრით, საკუთარი მოვალეობა მოქალაქეებმაც უნდა შეასრულონ: “მე დარწმუნებული ვარ, რომ მეტმა პოლიტიკურმა თავისუფლებებმა შექმნა ის პოლიტიკური ვითარებაც, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეების სერიოზული ნაწილი ბოლო წუთებამდე, ბოლო დღეებამდე ვერ აკეთებდა თავის არჩევანს. დიახ, სწორია, ჩვენ ბევრი უნდა ვიფიქროთ, რადგან პასუხს ვაგებთ ჩვენს არჩევანზე”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილი ვარაუდობს, რომ საარჩევნო პროცესი 8 ოქტომბერს არ დასრულდება, რადგან ბევრ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურის მოწყობა გახდება საჭირო:

“ხვალ საარჩევნო პროცესი არ მთავრდება. ხვალ ჩვენ ვიწყებთ არჩევნებს და არჩევნები დამთავრდება, როგორც ჩანს, ბევრ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურის ჩატარებით. ეს ნიშნავს იმასაც, რომ შესაძლოა, ხვალ საღამოს მდგომარეობით, ბოლომდე ცხადი არ იყოს მომავალი პარლამენტის პოლიტიკური კომპოზიცია. აქედან გამომდინარე, ყველას, სახელმწიფოს, მოსახლეობას, პოლიტიკურ პარტიებს, გარკვეული გამოცდა გვაქვს ჩასაბარებელი იმისათვის, რომ 8 ოქტომბრიდან II ტურის გამართვამდე ჩვენ ღირსეულად გავიაროთ ეს დისტანცია, არ დავუშვათ არანაირი სპეკულაციები, არ დავუშვათ არანაირი მცდელობები იმისა, რომ გარკვეული სახელისუფლებო ვაკუუმის წარმოჩენას შეეცადოს ვინმე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათ შორის საქართველოს პარლამენტი აგრძელებს თავის უფლებამოსილებას იმ დღემდე, სანამ შეიკრიბება საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტი. მთავრობა, სახელმწიფო დაწესებულებები, ყველა არის სრულფასოვანი იმისთვის, რომ გააგრძელოს ქვეყნის მართვა. ამიტომ 8 ოქტომბრიდან შემდგომი პერიოდის გავლა იქნება თითოეული ჩვენგანის ღირსების საქმე იმისთვის, რომ ეს არჩევნები დავასრულოთ მშვიდობიანად, სამართლიანად და ქვეყნისათვის სასიკეთოდ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

თავის სიტყვაში პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა პრეზიდენტის ანგარიშვალდებულებას პარლამენტის წინაშე და აღნიშნა, რომ 8 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტი იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებისათვის:

“ჩვენ მანამდე ვცხოვრობდით საპრეზიდენტო მმართველობის პირობებში და, შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლების ბედი წყდებოდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ხოლო პრეზიდენტი არ იყო ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე. დღეს ჩვენ პირველად მივდივართ ისეთ საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის შედეგები უშუალოდ და პირდაპირ განსაზღვრავს იმას, თუ როგორი მთავრობა გვეყოლება, საით წავა ეს ქვეყანა და რა იქნება ჩვენი უახლოესი შედეგები ქვეყნის აღმშენებლობის საკითხზე. ამიტომ დამატებითი დატვირთვა აქვს ხვალინდელ არჩევნებს. ავირჩიოთ ხალხი, ვინც ქვეყნის აღმშენებლობას შეძლებს, გავაკეთოთ პოზიტიური არჩევანი, ის, ვინც უკეთესს გააკეთებს ქვეყნისთვის და არა ნეგატიური არჩევანი, რაც გულისხმობს იმას, თუ ვინ გააგრძელებს უკეთესად ოპონენტებთან გამკლავებას, ქვეყნის დაყოფას, დაშლას და ა.შ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

“მე მინდა გისურვოთ წარმატება, – თავისუფალი არჩევანი ხვალ, რომლითაც იამაყებთ ზეგ. დღეს სიტყვა თქვენზეა”, – ასე დაასრულა თავისი გამოსვლა დავით უსუფაშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი