ახალი ამბები

“ვისოლის” მხრიდან ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე გამოძიება არ დასრულებულა

22 ივნისი, 2012 • 2333
“ვისოლის” მხრიდან ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე გამოძიება არ დასრულებულა

გამოძიება იმერეთის საოლქო პროკურატურა აწარმოებს. იუსტიციის სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსი ხათუნა იოსავა “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდიან საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ.

 

მას შემდეგ, რაც სამტრედიაში მცხოვრებმა მოქალაქემ გადაიღო ვიდეოკადრები და გავრცელდა მედიასაშუალებების მიერ, სადაც დაფიქსირებულია, თუ როგორ პირდებიან “ვისოლის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ლევან ფხაკაძის სახელით (რომელიც შესაძლოა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყოს სამტრედიაში) ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევებსა და ოპერაციებს, საქართველოს კონტროლის პალატამ პროკურატურას მიმართა დანაშაულის შესაძლო ნიშნების დადგენასთან დაკავშირებით.

 

კონტროლის პალატამ პროკურატურის სახელზე განცხადება 15 ივნისს გაავრცელა. მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ იმავე დღეს დაიწყეს გამოძიება, თუმცა გამოძიების შედეგები ამ დრომდე უცნობია.

 

“ვისოლი” თვალის უფასო გამოკვლევებისა და ოპერაციების შესახებ აქციას – “ხედვა უკეთესი მომავლისა” სამტრედიაში ჯეოჰოსპიტალის კლინიკაში ახორციელებდა. კლინიკის  მენეჯერმა ირაკლი ლაღიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ამ დროისთვის აღნიშნული აქცია შეჩერებულია:

 

“მიმდინარე კვირიდან შეჩერდა აქცია. არ ვიცი, რის საფუძველზე, უბრალოდ, კლინიკაში აღარ მოსულან თავად “ვისოლის” წარმომადგენლები,” – აცხადებს ირაკლი ლაღიძე. 

 

ლევან ფხაკაძე
ლევან ფხაკაძე

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ანალოგიური შინაარსის საქმეზე, ოღონდ ამ შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიის, “ქართული ოცნების” მხრიდან ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის თაობაზე გამოძიება, ოფიციალური ინფორმაციით, 20 ივნისს დაიწყო და მეორე დღესვე, ამავე უწყების მოთხოვნის საფუძველზე, მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” ტელემაუწყებლობისთვის განკუთვნილი ტექნიკური საშუალებების (ანტენების, რესივერების, მიმღების თავაკების) დაყადაღების თაობაზე. განჩინების აღსრულება იმავე დღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ერთდროულად განახორციელეს შსს-ს დანაყოფებმა.

 

საქართველოს კანონმდებლობით, ამომრჩეველთა მოსყიდვა არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან/და ჯარიმით.

მასალების გადაბეჭდვის წესი