ახალი ამბები

შსს გივი თარგამაძეს მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით დღეს საღამოს გამოკითხავს

6 ოქტომბერი, 2016 • 2133
შსს გივი თარგამაძეს მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით დღეს საღამოს გამოკითხავს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს, გივი თარგამაძეს, რომლის ავტომანქანაც 4 ოქტომბერს ააფეთქეს, შსს-ის გამომძიებლები დღეს, 6 ოქტომბერს, საღამოს გამოკითხავენ, – ამის შესახებ თვითონ თარგამაძემ განაცხადა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურშიც დაუდასტურეს.

თარგამაძეს დღეს, 18:00 საათზე ელოდებოდნენ შსს-ში გამოკითხვაზე, თუმცა, თარგამაძის თქმით, ის ვერ ახერხებდა შსს-ში მისვლას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და გამომძიებლებს სახლში ელოდებოდა. იგი 6 საათზე არ მისულა შსს-ში და იმ დროისათვის არც შსს-ის გამომძიებლები მისულან მასთან სახლში.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ადვოკატები არჩევნებთან დაკავშირებით რაიონებში წავიდნენ, მე მზად ვარ, ადვოკატების გარეშე მივცე ეს ჩვენება,“ – განაცხადა გივი თარგამაძემ დღეს, 6 ოქტომბერს, საღამოს, ტელეკომპანია “რუსთავი2”-თან საუბრისას.

2016 წლის 4 ოქტომბერს თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე,  ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ, ამავე პარტიის წევრისა და მოქმედი პარლამენტარის, გიორგი (გივი) თარგამაძის მანქანა აფეთქდა. დაშავებულია 4 ადამიანი, აქედან ორი ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობს. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. კლინიკის პრესსამსახურის განცხადებით, პირს, რომლის მდგომარებაც მძიმეა, მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა, რის გამოც ოპერაცია კლინიკაში შეყვანისთანავე გაუკეთდა.

გივი თარგამაძე ამბობს, რომ მისი მანქანა გაზზე არ მუშაობდა, ამიტომ დარწმუნებულია, რომ ეს იყო წინასწარ განზრახული აფეთქება, რომელიც დისტანციური მართვის პულტის გამოყენებით განახორციელეს. ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია კი ამბობს, რომ შესაძლოა, აღნიშნულში  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, იოსებ გოგაშვილი იყოს ჩართული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე–19 (დანაშაულის მცდელობა) და 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) მუხლებით დაიწყო. ენმ-ის პრესსამსახურის ცნობით, თარგამაძე აპირებს გამოძიებასთან თანამშრომლობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი