ახალი ამბები

“Check In Georgia გაგრძელდება”, თუმცა უცნობია, სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდება, თუ სამინისტროს ბიუჯეტიდან

6 ოქტომბერი, 2016 • 1534
“Check In Georgia გაგრძელდება”, თუმცა უცნობია, სარეზერვო ფონდიდან  დაფინანსდება, თუ სამინისტროს ბიუჯეტიდან

კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ პროექტი Check In Georgia მომდევნო წელსაც აუცილებლად გაგრძელდება, თუმცა ჯერ უცნობია, ბიუჯეტიდან თანხა უშუალოდ კულტურის სამინისტროს ასიგნებებიდან გამოიყოფა, თუ წლევანდელივით – მთავრობის სარეზერვო ფონდიდან.

ბიუჯეტის პირველი პროექტი ფინანსთა სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა, თუმცა იქ Check In Georgia-ს შესახებ საუბარი არ არის. პროექტის მიხედვით, კულტურის სამინისტროს დაფინანსება 2017 წელს 96 450 000 ლარი იქნება, რაც 2016 წლის ბიუჯეტთან შედარებით 550 ლარით ნაკლებია.

“საქმე ისაა, რომ ბიუჯეტის პროექტზე მუშაობის პროცესი არ დასრულებულა. თან ჯერ მოქმედებს საარჩევნო შეზღუდვა. მას დაემატება ჩექინის კომპონენტის დაფინანსება”, – გვითხრეს კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში.

“კულტურის სამინსიტროს  ასიგნებებიდან იქნება თუ სარეზერვო ფონდიდან, წინასწრა თქმა გამიჭირდება”.

ფინანასთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბიუჯეტის პროექტი ახალი მთავრობისა და პარლამენტის პირობებში “მნიშვნელოვნად შეიცვლება”, თუმცა Check In Georgia-სთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად კულტურის სამინისტროში გადაგვამისამართეს.

Check in Georgia კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი