ახალი ამბები

ეკა ზღულაძე პოლიციელებზე და “წინასწარ პოლიტიკურ კავშირებზე”

22 ივნისი, 2012 • 1106
ეკა ზღულაძე  პოლიციელებზე და “წინასწარ პოლიტიკურ კავშირებზე”

“ჩვენ არ მივცემთ უფლებას არც ერთ პიროვნებას, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, შეარყიოს საქართველოს სახელწმიფოს ამოსავალი პრინციპები. ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება”, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ კანონზე მაღლა დგას. და მუდმივად, მიზანმიმართულად ცდილობს დაასუსტოს კანონი და დემოკრატია ამ ქვეყანაში”,  – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგლემ ეკა ზღულაძემ 22 ივნისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე და ზემოთ ნათქვამის მაგალითად ყოფილი პოლიციელების თემა მოიყვანა:

“მაგალითად,  საპატრულო პოლიციის მეტროპოლიტენის თანამშრომლების გუშინდელი პოლიტიკური ანგაჟირების მცდელობა ავიღოთ. ძალიან მარტივი რამე მოხდა. საქართველოს პოლიციის სხვადასხვა ქვედანაყოფებში მუდმივად, ყოველწლიურად, რეგულარულად მიმდინარეობს გეოგრაფიული და სამსახურებრივი როტაციის პროცესი. არასოდეს არ დასმულა კითხვითი ნიშანი ამ გადაადგილებებთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ძალიან ცხადია, ამ როტაციების მიზანი არის თანამშრომლების გადახალისება, ბიუროკრატიული მოდუნების თავიდან აცილება და ეფექტური მუშაობის  უზრუნველყოფა. ამჟამად უკვე ყოფილმა პოლიციელებმა წინასწარი პოლიტიკური კავშირების გამო არ ისურვეს ამ როტაციაში მონაწილეობა და დატოვეს პოლიცია და შეეცადნენ პოლიტიკური სკანდალის აგორებას. ეს მცდელობა დარჩება მცდელობად, ანუ შეუმდგარ ცდად”. 

ამ განცხადებით ეკა ზღულაძე გამოეხმაურა 21 ივნისს სააგენტო info9.ge -ს მიერ გავრცელებულ ცნობებს, რომლის თანახმადაც,  შსს-მ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან დაითხოვა.  სააგენტოს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ყოფილი პოლიციელები ყვებიან, ისინი სამსახურიდან დაითხოვეს ბიძინა ივანიშვილის გამო.

გუშინვე, 21 ივნისს ამ თემაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, “32–მა პოლიციელმა უარი თქვა შეთავაზებულ სამსახურებრივ როტაციაზე და დატოვა სამსახური”.  

სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში საუბარი არ ყოფილა პოლიტიკურ მოტივებზე და არც იმაზე, თუ რატომ თქვეს უარი პოლიციელებმა შეთავაზებულ სამსახურზე. არც ეკა ზღულაძეს განუმარტავს დღევანდელ ბრიფინგზე, რა იგულისხმება “წინასწარ პოლიტიკურ კავშირებში”.

საქართველოში, ამჟამად არსებული კანონმდებლობით, მოქალაქეებს, მათ შორის პოლიციელებსაც, აქვთ უფლება, იყვნენ ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები.

მასალების გადაბეჭდვის წესი