ახალი ამბები

გივი თარგამაძე შსს-ში დღესაც არ გამოუკითხავთ

6 ოქტომბერი, 2016 • 1909
გივი თარგამაძე შსს-ში დღესაც არ გამოუკითხავთ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, გივი თარგამაძეს, რომლის ავტომანქანაც 4 ოქტომბერს ააფეთქეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს, 6 ოქტომბერს, ელოდებოდნენ გამოკითხვაზე, თუმცა, თარგამაძის თქმით, ის ვერ ახერხებდა შსს-ში მისვლას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და გამომძიებლებს სახლში ელოდებოდა. შსს-ში კი გვითხრეს, რომ თარგამაძეს მათთვის არ მიუმართავს სახლში გამოკითხვის ჩატარების თხოვნით.

“გივი  თარგამაძეს 2 დღის განმავლობაში იბარებენ გამოკითხვაზე პოლიციაში, თუმცა იგი ამ დრომდე არ გამოცხადებულა საგამოძიებო ორგანოში”, – უთხრეს “ნეტგაზეთს” შსს-ს პრესსამსახურში. ენმ-ის პრესსამსახურში კი გვეუბნებიან, რომ გივი თარგამაძეს შსს-დან გუშინ, 5 ოქტომბერს, საღამოს დაუკავშირდნენ. უთხრეს, რომ 6 ოქტომბერს, დილის 11 საათზე, დაურეკავდნენ და ეტყოდნენ, როდის მოხდებოდა მისი გამოკითხვა. მათივე ცნობით, შსს-სთან დღევანდელი საუბრის შემდეგ, დეპუტატის დაკითხვა 18.00 საათისთვის იყო დაგეგმილი. თუმცა, როგორც პარტიის პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” უთხრეს, თარგამაძე ვერ ახერხებდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შსს-ში მისვლა, რის გამოც  სახლში ელოდებოდა გამომძიებელს.

“მას [თარგამაძეს] არ მოუმართავს თხოვნით, რომ მასთან მივიდეს პოლიცია სახლში. თუ იქნება მისი მხრიდან ასეთი მომართვა, პოლიცია იმოქმედებს, როგორც კანონის ფარგლებშია გათვალისწინებული ეს პროცედურა და ისე მოვიქცევით”, – უთხრეს “ნეტგაზეთს” შსს-ს პრესსამსახურში.

2016 წლის 4 ოქტომბერს თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე,  ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ, ამავე პარტიის წევრისა და მოქმედი პარლამენტარის, გიორგი (გივი) თარგამაძის მანქანა აფეთქდა. დაშავებულია 4 ადამიანი, აქედან ორი ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობს. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. კლინიკის პრესსამსახურის განცხადებით, პირს, რომლის მდგომარებაც მძიმეა, მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა, რის გამოც ოპერაცია კლინიკაში შეყვანისთანავე გაუკეთდა.

გივი თარგამაძე ამბობს, რომ მისი მანქანა გაზზე არ მუშაობდა, ამიტომ დარწმუნებულია, რომ ეს იყო წინასწარ განზრახული აფეთქება, რომელიც დისტანციური მართვის პულტის გამოყენებით განახორციელეს. ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია კი ამბობს, რომ შესაძლოა, აღნიშნულში  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, იოსებ გოგაშვილი იყოს ჩართული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე–19 (დანაშაულის მცდელობა) და 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) მუხლებით დაიწყო. ენმ-ის პრესსამსახურის ცნობით, თარგამაძე აპირებს გამოძიებასთან თანამშრომლობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი